მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაფხულში გორში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Gori Inn-ის გახსნა იგეგმება

627cfe5db0231
ვიქტორია მღებრიშვილი
13.05.22 00:13
6554
სასტუმროების მმართველი კომპანია Inn Group-ი ქსელის გაფართოებას განაგრძობს და ზაფხულის მეორე ნახევარში, გორში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Gori Inn-ის გახსნას გეგმავს.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია აცხადებს, რომ ახალი პროექტის შესასრულებლად საჭირო ინვესტიციის მოცულობა 20 მლნ ლარს აღემატება, თუმცა ზუსტი რიცხვი ჯერ უცნობია.

„120-ნომრიანი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროში განთავსებული იქნება ორი რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, მარანი, სადეგუსტაციო სივრცე, საუნები, ჯაკუზი და დახურული აუზი. ამასთან, სასტუმროს ტერიტორიაზე 1 ჰა ფართობზე გამწვანებული ეზო მოეწყობა. სასტუმრო ჯამში 100 ადამიანს დაასაქმებს“, - უთხრა BM.GE-ის ერეკლე კოკაია.



კითხვაზე - რატომ გადაწყვიტა კომპანიამ გორში ინვესტირება და ქსელის სწორედ ამ მიმართულებით გაფართოება, „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ გორს, როგორც ტურისტულ ადგილს, პოპულარიზაცია სჭირდება და ჯგუფი ამ საქმეში თავის წვლილს შეიტანს.

„გორი თავის ტურისტულ პოტენციალს ვერ იყენებს. ქალაქში ძალიან ბევრი საინტერესო ლოკაციაა და ბევრი საინტერესო ტურის მოწყობაა შესაძლებელი. გორის მიმართულებით არის უფლისციხე, რომელიც ტურისტულად ერთ-ერთი აქტიური ადგილია, ამასთან გორის მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე მეტად მონახულებადი მუზეუმია საქართველოში. ამიტომ ამ ქალაქს და მიმართულებას მეტი პოპულარიზაცია სჭირდება. ვფიქრობ, პოტენციალი ნამდვილად დიდია“, - განმარტა კოკაიამ.