მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაფხულში მეტრო "ვარკეთილი" ორი თვით დაიკეტება - რეაბილიტაცია იწყება

63da13efc7849
ვიქტორია მღებრიშვილი
01.02.23 11:29
1431
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მეტრო ვარკეთილის სარეაბილიტაციო სამუშაოები 9 თებერვლიდან დაიწყება და სამუშაოებს კომპანია "ბადა ქონსთრაქშენი" განახორციელებს. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„ვიწყებთ "ვარკეთილის მეტროს" სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო ამ ხნის განმავლობაში, გარკვეული სამუშაოები წინა მერის პერიოდში იყო განხორციელებული, თუმცა გვახსოვს თუ რა მოხდა ვარკეთილის მეტროში, მხედველობაში მაქვს ჭერის ჩამონგრევა და მას შემდეგ ვერანაირად ვერ მოხერხდა ამ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. იყო პრობლემები კომპანიებთან და პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით დაკავშირებით.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეასრულებს კომპანია „ბადა ქონსთრაქშენი“, რომელიც ასევე ავლაბრის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

ხელშეკრულების საერთო ღირებულება 13 მლნ 400 ათას ლარს შეადგენს, რომელიც სადგურის ინტერიერის და შიდა ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას მოიცავს; მათ შორის განხორციელდება აზბესტის ჭერის დემონტაჟი და ახალი ჭერის მოწყობა თანამედროვე მასალებით. კომპანია სამუშაოებს 9 თებერვალს დაიწყებს და ყველა დადგენილი ნორმებითა და სტანდარტებით განხორციელდება. სამუშაოების შესრულების ვადა 18 თვეა, მომავალი წლის ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, მეტროსადგურის ჭერის რეაბილიტაციისას „ვარკეთილის“ მეტრო 2 თვის განმავლობაში დაიხურება და ზაფხულის თვეებში მოხდება, რის შესახებაც მოსახლეობას წინასწარ აცნობებენ.

„ვარკეთილის მეტროს ბაქანსა და დახრილი გვირაბის აზბესტის ჭერის სამუშაოებისთვის მეტროსადგურის დაკეტვა დაახლოებით 2 თვით მოგვიწევს. ამ გადაწყვეტილებას ივნისი - აგვისტოს შუალედში მივიღებთ. ამ პერიოდში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვარკეთილის მიმართულებით დავამატოთ სათანადო რაოდენობის ავტობუსები, რათა მგზავრების დანიშნულების ადგილამდე მისვლას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის საკითხზე საზოგადოებაში არსებულ კრიტიკას იღებს და ესმის მოსახლეობის განწყობების.

„ჩვენ ბევრი კრიტიკა დავიმსახურეთ იმის გამო, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ხდებოდა აღნიშნული სამუშაოების შესრულება და ვიღებთა ამ კრიტიკას, რადგან რეალურად მუნიციპალიტეტმა ამდენი წელია ვერ მოახერხა ამ სადგურის რეაბილიტაციის დაწყება. ამას თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს, მაგრამ ეს ადამიანებს არ აინტერესებთ და მე მესმის მათი“, - თქვა მერმა.

საქმე ის არის, რომ რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. ადგილზე სამუშაოები კომპანია შპს “ყვარელმშენმა" განახორციელა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა. 2018 წლის 30 იანვარს კი რეაბილიტირებულ ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერი ჩამოინგრა, რის შემდეგაც კომპანია “ყვარელმშენის" წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები დაიწყო.

მოგვიანებით, თბილისის მერიამ ვარკეთილის მეტროს სადგურის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ მაისში გაუფორმა, რომელთანაც მერიამ ეს შეთანხმება ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სექტემბერში გაწყვიტა. გასულ წელს, თბილისის მერი აცხადებდა, რომ ქართული კომპანიები მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებდნენ და მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროცესში უცხოური კომპანიის ჩართვას არ გამორიცხავდა.