მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზალკალიანი: ეკონომიკური გახსნილობის თვალსაზრისით ქვეყანა საგრძნობ პოზიტიურ ტენდენციებს აჩვენებს

618034ac64c58
BM.GE
01.11.21 22:37
431
ყველამ, კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ გაიგო, რომ საქართველო ერთგულია ნაკისრი ვალდებულებების და სწორედ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა, რაც დღევანდელი გლობალური სამყაროს, მსოფლიოს წინაშე დგას, მათ შორის, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის კუთხითაც, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერების სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, გლაზგოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველო უთავსებს საკუთარ ეროვნულ ვალდებულებებს 2030 წლის გაერო-ს მდგრად ვალდებულებებს.

„ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო. საქართველოს დელეგაციამ, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, მონაწილეობა მიიღო კლიმატის ცვლილების გაერო-ს კონფერენციაში, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. მსოფლიოს 120 ქვეყნის ლიდერი, სახელმწიფოს მეთაური მონაწილეობდა ამ ღონისძიებაში და ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენეთ ჩვენი პოზიციის გასაჟღერებლად. ყველამ, კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ გაიგო, რომ საქართველო ერთგულია ნაკისრი ვალდებულებების და სწორედ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა, რაც დღევანდელი გლობალური სამყაროს, მსოფლიოს წინაშე დგას, მათ შორის, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის კუთხითაც. საქართველო უთავსებს საკუთარ ეროვნულ ვალდებულებებს 2030 წლის გაერო-ს მდგრად ვალდებულებებს და ეს გამოიხატება. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ, რომ 2030 წლისთვის ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირებთ ემისიებს და ეს კიდევ ერთხელ იქნება ნათელი დასტური იმისა, თუ როგორი ერთგულია საქართველო ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების. გარდა ამისა, ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობა იყოს კლიმატზე ორიენტირებული, ასევე, განახლებად ელექტროენერგიებში იყოს მეტი ინვესტიცია ჩადებული და ესეც, რა თქმა უნდა, არის იმ ჩვენი ვალდებულებების ნაწილი, რომელიც გაერო-ს 2030 წლის მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებშია“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ორმხრივ შეხვედრებზე და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ვიზიტი ამ კუთხითაც საკმაოდ დახუნძლული იყო.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებთან, პრემიერ-მინისტრებთან, ასევე EBRD-ის პრეზიდენტთან და რა თქმა უნდა, საუბარი იყო ჩვენს პრიორიტეტებზე ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. მოგეხსენებათ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ ვემზადებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის და სწორედ ეს შეხვედრები იყო მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენი მოლოდინები იყოს რეალიზებულია ამ სამიტზე. ამ შეხვედრების შედეგად, მე მაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ ეს ასეც იქნება და ჩვენი მიზნები, რაც არის დაკავშირებული იმასთან, რომ საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები და ჩვენი ევროკავშირში მეტად ინტეგრაციის პროცესს მოჰყვეს შემხვედრი ნაბიჯები, იქნება შესაბამისად ასახული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის გადაწყვეტილებებში.

ყველა ერთხმად აღნიშნავს - ევროპელი ლიდერები, ასევე EBRD-ის პრეზიდენტთანაც შეხვედრის დროს საუბრის ერთ-ერთი მთავარი ლაიტმოტივი იყო, რომ ქვეყანამ უკვე დაასრულა საარჩევნო ციკლი და ახლა მთავარია, რომ ვიყოთ ორიენტირებული ქვეყნის განვითარებაზე და იმ გამოწვევებთან გამკლავების ეფექტური გზების მოძიებაზე, რაც ჩვენ გაგვიადვილებს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას და იმ ამბიციური გეგმის განხორციელებას, რაც დაკავშირებულია 2024 წელს განაცხადის გაკეთებასთან. აუცილებელია ამჟამად ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს პოლიტიკური სტაბილურობა, რადგანაც, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალური რესურსი იყოს მიმართული ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

რა თქმა უნდა, პანდემიასთან ბრძოლის კუთხითაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება, სოლიდარობა და ეს ჩვენ უკვე ვიხილეთ კიდეც, როცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათი ჩართულობა და დახმარება იყო გადამწყვეტი. დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური გახსნილობის თვალსაზრისითაც ქვეყანა უკვე საგრძნობ პოზიტიურ ტენდენციებს იძლევა, რაც აისახა კიდეც ეკონომიკის ზრდის პოზიტიურ დინამიკაში. აუცილებელია ამის შენარჩუნება. ეს ყველაფერი არ იქნება, თუ უზრუნველყოფილი არ იქნება ქვეყანაში სტაბილურობა და პოლიტიკური კონსესუსი პოლიტიკურ პარტიებს შორის და მთლიანად საზოგადოებაში“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.