მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზალკალიანი ლავროვთან შეხვედრაზე: ეს იყო დროული, საჭირო, აქტუალური

5da85200471bd
BM.GE
17.10.19 15:33
1020
"როგორც მაშინ, ისე დღესაც, ვიყავი და ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეხვედრა იყო დროული, საჭირო და აქტუალური", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში სამთავრობო საათზე, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შესახებ საუბრისას.

მისი თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში შექმნილი გამწვავებული ვითარება ამ შეხვედრის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების, ბორდერიზაციის აგრესიული ტალღის ფონზე, ჩვენ მოვახდინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა ინსტიტუტის მაქსიმალური მობილიზაცია, არ დარჩენილა არც ერთი ფორმატი, საერთაშორისო მექანიზმი და ორგანიზაცია, რომელიც არ გამოეხმაურა ამ მოვლენებს, პროცესი მაინც გრძელდებოდა და მნიშვნელოვანი იყო მისი შემდგომი გართულების პრევენცია", - განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, სწორედ შექმნილი ვითარება გახლდათ განხილვის მთავარი საგანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე, სადაც პარტნიორებმა მას შესთავაზეს, ამ საკითხებზე რუსეთის ფედერაციასთან სასაუბროდ გაერო-ს ფორმატი განხილულიყო.

„ინიციატივა შვეიცარიისგან მომდინარეობდა და მისი მიღების მიზანშეწონილობა განხილულ იქნა მოკავშირეებთან და მეგობრებთან, მათ შორის, ტრანსატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე, სადაც იმყოფებოდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. ყველა მათგანის მხრიდან მკაფიოდ აღინიშნა შექმნილ ვითარებაში საუბრის გამართვის საჭიროება, რაც მათ შეხვედრის შემდგომ გაკეთებული განცხადებებითაც დაადასტურეს", - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე განცხადებით, ასევე მიუღებელია სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შეხვედრის შესახებ წინასწარ არ იყო გაცხადებული.

„გაერო-ში ვიზიტის დაწყებისთანავე ყველა კომუნიკაციაში საზოგადოებასთან, ღიად ვაცხადებდით, რომ პარტნიორებთან ერთად მუდმივად მიდიოდა მსჯელობა იმაზე, თუ როგორ გამოგვეყენებინა გაერო-ს ფორმატი საქართველოში შექმნილი დაძაბული ვითარების დეესკალაციისთვის", - განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანის განცხადებით, სერგეი ლავროვთან  შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა  ყველა აქტუალური  საკითხი, პირველ ყოვლისა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და  მათ შორის, ბოლო განვითარებები.  მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა მოლაპარაკებების რაიმე ახალი ფორმატის შექმნაზე და არსებულის გადახედვაზე.