მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზამთარში ადგილობრივი წარმოების პროდუქცია ძალიან მწირია“ - სასათბურე მეურნეობა „მაგემე“ მიზეზებზე

645270dec95cb
სალომე ხიდურელი
06.05.23 22:31
751
„სასათბურე მეურნეობებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ზამთრის სეზონი“ - ამის შესახებ BM.GE-ს მარწყვის სასათბურე მეურნეობა „მაგემეს“ დამფუძნებელმა, ქეთი დოლიძემ განუცხადა.

„სათბურის გათბობა საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ვგულისხმობ საოპერაციო ხარჯებს. სულ ერთია, რა ტიპის საწვავს იყენებ, არ არსებობს არავითარი შეღავათიანი ტარიფი სასათბურე მეურნეობებისთვის გაზის მომარაგების მხრივ და ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა. ამიტომ არის, რომ ზამთარში ადგილობრივი წარმოების პროდუქცია ძალიან მწირია - ძვირი ჯდება.

ვისურვებდი, რომ სახელმწიფო უწყებებსა და მომმარაგებელ კომპანიებს სათბურებისათვის შესაბამისი სპეციალური ტარიფები ჰქონდეთ შემუშავებული, რათა მომარაგების უწყვეტი რეჟიმი ზამთრის პერიოდშიც შევინარჩუნოთ“, - აღნიშნავს „მაგემეს“ დამფუძნებელი.

ქეთი დოლიძე BM.GE-სთან საქართველოში სასათბურე მეურნეობების საინვესტიციო მიმზიდველობაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ მიუხედავად მაღალი დაინტერესებისა, კერძო ინვესტორები გრძელვადიანი თანამშრომლობისგან თავს იკავებენ.

„ეს სფერო, თავის მხრივ, სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის. იმიტომ, რომ საკვები პროდუქტების დეფიციტი ყველა ქვეყანაშია, მით უფრო ხარისხიანი პროდუქტის.

ერთადერთი, რის გამოც ბევრი კერძო ინვესტორი თავს იკავებს, ეს არის გრძელვადიანი თანამშრომლობა, რადგან ამონაგები კაპიტალზე შედარებით მცირეა, ვიდრე სხვა სექტორში. ამ სფეროში პირველი 5 წელი უნდები დახვეწასა და განვითარებას. ისე, ძალიან პერსპექტიული სფეროა და დაინტერესებაც, უცხოელი ინვესტორების მხრიდან, ძალიან მაღალია“, - ამბობს ქეთი დოლიძე.

„მაგემეს“ მარწყვის სასათბურე მეურნეობა 2021 წელს „აგროწარმოების ხელშეწყობის“ პროგრამის გრანტითა და შეღავათიანი აგროკრედიტის შეთავაზებით მოეწყო. დღეს ის ორ სათბურში, ჯამურად, 40 000-მდე მარწყვის ნერგს აერთიანებს.