მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ზამთარში დაბრკოლებები შეგვექმნა“ – Riverside Racha მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე

6435464795816
თინათინ ნატმელაძე
15.04.23 21:00
1009
რამდენიმე თვის წინ რაჭაში, კერძოდ ამბროლაურის რაიონის სოფელ კრიხში, ახალი ტურისტული ობიექტი RiverSide Racha ამოქმედდა. როგორც სასტუმროს მენეჯერი ქეთი აბუთიძე BMG-სთან საუბრისას ჰყვება, გახსნის დღიდან თითქმის სრული დატვირთვით მუშაობდნენ, თუმცა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სისტემების გაუმართაობამ ბევრი დაბრკოლება შეუქმნათ.

„დიდთოვლობამ ბევრი პრობლემა შექმნა - სოფელში, რომელიც ამბროლაურიდან 4 კილომეტრში მდებარეობს, გაზიფიცირება ჯერაც არ დაწყებულა, ამის გამო გათბობა ელექტროენერგიაზე გვაქვს, თოვლის მოსვლის შემდეგ კი ბოძები რამდენიმე თვე მოტეხილი იყო, არ გვქონდა შუქი და სტუმრების გაშვება მოგვიწია, არადა მოთხოვნა ძალიან მაღალი იყო, რადგან ეს ადგილი თოვლის დროს ძალიან ლამაზია. გაზის არ ქონის გამო ზამთარში ვერც აუზის წყალს ვათბობთ, არადა, ამაზეც მოთხოვნაა.

ასევე, არ გვაქვს ინტერნეტი, რაც, რა თქმა უნდა, პრობლემაა, რადგან 21-ე საუკუნეში, დამსვენებლები, ცხადია, რომ ინტერნეტს ითხოვენ“, - ამბობს ქეთი აბუთიძე.

კითხვაზე, რა უკუკავშირია ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, RiverSide Racha-ს მენეჯერი გვპასუხობს, რომ სოფელ კრიხის გაზიფიცირების პროექტში ჩასმას წელს აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ სასტუმროში დატვირთულ ზაფხულის სეზონს ელოდებიან, მაისი და ივნისი უკვე სრულად დაჯავშნილი აქვთ და მომავალი ზამთრის სეზონისთვის უფრო უკეთ მომზადებასაც გეგმავენ, კერძოდ, აპირებენ, რომ გენერატორი შეიძინონ, რომ მომხმარებლისთვის დასვენება უფრო კომფორტული გახდეს.

ინფორმაციისთვის, ტურისტული ობიექტი 5 კეთილმოწყობილ კოტეჯს აერთიანებს, თითოეულში 4-5 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი და საფასური 200-250 ლარს შორის მერყეობს. მის მოსაწყობად კი ამ დრომდე 100 000 დოლარის ოდენობის ინვესტიციაა განხორციელებული.