მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზამთრის კურორტებისთვის მზადება არ ნიშნავს მხოლოდ საბაგიროების გამართვას“ - Inn Group

614a0686709d1
მარიამ ადამია
21.09.21 20:20
564
„ამ ეტაპზე კომუნიკაცია არ გვქონია ხელისუფლებასთან, თუმცა იმედი გვაქვს, რომ არ დახურავენ კურორტებს და ფრენების რაოდენობაც გაიზრდება, რადგან ზაფხულის ტურისტული სეზონი არა სახმელეთო საზღვარმა, როგორც ეს ტრადიციულად ხდებოდა ხოლმე, არამედ ფრენების მატებამ გადაარჩინა“ - ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია კერძო სექტორს წინასწარ ჰქონდეს კომუნიკაცია და ინფორმაცია, თუკი მთის კურორტებზე რაიმე ცვლილება იგეგმება.

„უნდა გავაცნობიეროთ რომ კურორტებზე ათასობით ადამიანი და ასობით სასტუმრო მუშაობს და წელს მათ უნდა შეძლონ ფუნქციონირება. ზოგადად მთის განვითარების კომპანიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის არსებობას ქვეყანაში მაშინ აქვს აზრი, როცა საქმეს და ფუნქციას ასრულებს. არის გარკვეული გამოწვევები, დაწყებული საზოგადოებრივი საპირფარეშოებით, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის საკითხით დასრულებული, ყველაფერი მოსაგვარებელია. ზამთრის კურორტებისთვის მზადება არ ნიშნავს მხოლოდ საბაგიროების გამართვას, რაც, რა თქმა უნდა, აუცილებელი თუმცა, არასაკმარისია და არის დამატებით პრობლემები, რომლის მოგვარებაც მარტივი კომუნიკაციის საფუძველზე შესაძლებელია. არ ვამბობ, რომ მხოლოდ მთის კურორტების განვითარების კომპანიას დაევალოს, ამას სხვაც გააკეთებს. მთავარია ვიღაცამ აიღოს პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა ერეკლე კოკაიამ.

რაც შეეხება ჯავშნებს, Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ  სასტუმროებში ზამთრის ტურისტული სეზონისთვის ჯავშნების 50% უკვე შესულია, რაც მისივე თქმით, კარგი მაჩვენებელია თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და იმ ახალ ტენდენციას, რომლის მიხედვითაც ტურისტები 2-3 კვირით ადრე ჯავშნიან სასტუმროს. ამიტომაც არის მოლოდინები, რომ ეს რიცხვები იქნება მზარდი.