მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზამთრის სეზონის შესახებ ინფორმაცია ნოემბერში იქნება ცნობილი“ - მთის კურორტების განვითარების კომპანია

614a1e724b065
მარიამ ადამია
21.09.21 22:20
1082
ზამთრის ტურისტული სეზონის შესახებ ინფორმაცია ნოემბრის შუა რიცხვებისთვის იქნება ცნობილი - ამის შესახებ BMG-ის მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, სეზონის დაწყება დამოკიდებულია თოვლზე, შესაბამისად, სექტემბერში ამ თემაზე საუბარი ზედმეტად ნაადრევია.

როდის უნდა დაიწყოს ქვეყანამ ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მზადება - ეს კითხვა BMG-იმ კერძო სექტორის წარმომადგენლებს დაუსვა და როგორც მათგან მოვისმინეთ, წარმატებული სეზონისთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია პროგნოზირებადი გარემო, რათა სექტორმა დაიწყოს მომზადება, კამპანიების დაგეგმვა და პაკეტების შემუშავება. ამბობენ, რომ ყველა ქვეყანა, სადაც ტურიზმი პრიორიტეტია, მზადებას ნებისმიერი და განსაკუთრებით ზამთრის ტურისტული სეზონისთვის, ერთი წლით ადრე იწყებენ.

როგორც სასტუმროების მენეჯერმა მაია მურაჩაშვილმა აღნიშნა, ნოემბრიდან სეზონისთვის სამზადისის დაწყება დაგვიანებულია, თუმცა მთავრობა ამ გზით ცდილობს ხარჯების დაზოგვას ქვეყანაში.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ ისევ რთულ ეპიდვითარებაში ვცხოვრობთ და არ ვიცით, რა იქნება მომავალში, თუ რომელი ქვეყანა ჩაიკეტება, რომელი დარჩება წითელ ზოლში ან ჩვენთან რა იქნება, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მთავრობა ფრთხილობს და ხარჯებს ზოგავს, თუმცა პირადად ჩემი სასტუმროების მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მარკეტინგული კამპანია სოციალურ მედიაში და ვემზადებით სეზონისთვის,“ - განაცხადა მურაჩაშვილმა.

BMG-იმ ანალოგიური შეკითხვა "ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელ ვატო ასათაშვილსაც დაუსვა, რომელიც ამბობს, რომ მოლოდინები მიმდინარე წლის ზამთრის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით პოზიტიური ნამდვილად არ არის და ყველაფერი უკვე დაგვიანებულია.

„კიდევ არ ვიცით შემდეგი ტალღა შემოდგომაზე გვექნება თუ არა, არ ვიცით ზამთარი როგორ დაიწყება. გვაქვს შარშანდელი გამოცდილება, როდესაც საბაგიროები არ გაგვიხსნეს და წელსაც არ არის გამორიცხული ანალოგიური მოხდეს. ჩემი კომპანიისთვისაც ზამთრის სეზონზე რაიმე პაკეტების შეთავაზება და გაყიდვა ან კამპანიის გაკეთება სრულიად უაზრო მგონია, რადგან შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მთელი ეს რესურსი წყალში იყოს გადაყრილი. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ისევე როგორც გასულ წელს, რომ ვიყოთ თავშეკავებულები და არ დახარჯოს თანხა გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიცით რა გველოდება,“ - აღნიშნა ასათაშვილმა.