18.დეკემბერი .2019 11:00

ზაქარია ქუცნაშვილი: ვფიქრობ, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ზაქარია ქუცნაშვილი

views 522
უკან

"მე ვფიქრობ, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ზაქარია ქუცნაშვილი", - ასე უპასუხა ყოფილმა დეპუტატმა bm.ge-ის კითხვას, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრობისთვის გამოცხადებულ კონკურსში ზაქარია ქუცნაშვილის მონაწილეობას შეეხებოდა.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარების და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლის - მმართველ თანამდებობაზე.

შესაბამისად, ჟურნალისტი დაინტერესდა, აქვს თუ არა ზაქარია ქუცნაშვილს შესაბამისი ნდობა საზოგადოების მხრიდან იმისთვის, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი გახდეს.

„მე ვფიქრობ, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ზაქარია ქუცნაშვილი და ვინ არის ამ შეკითხვის შემკვეთი“, - მიმართა ჟურნალისტს ქუცნაშვილმა.

bm.ge-ის კითხვა-რეპლიკაზე,  თუ ვინ არის შემკვეთი და რატომ ჰგონია დეპუტატს, რომ ვინმემ მისთვის შეკითხვის დასმა დაუკვეთა, ქუცნაშვილმა უპასუხა, რომ „ჟურნალისტი მის პირად უფლებებში იჭრებოდა“.

„ჩემს პირად უფლებებში იჭრებით, კარგად ბრძანდებოდეთ“, - განაცხადა დეპუტატმა.

რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ გადაწყვიტა მან კონკურსში მონაწილეობის მიღება, ქუცნაშვილი ამბობს:  „ეს არის ჩემი პირადი უფლება, რამდენად მივიღებ კონკურსში მონაწილეობას; თქვენ არ გაქვთ ჩემს პირად უფლებაში ჩარევის უფლება“.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატი ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ დატოვა.

ცნობისთვის: 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს. ატეხილი აჟოტაჟის და განვითარებული მოვლენების შემდეგ, ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა