მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Zara, Bershka, Marks&Spencer - მაღაზიები, სადაც მომხმარებელი გასახდელით ვეღარ ისარგებლებს

5ecd2c5006c16
ვიქტორია მღებრიშვილი
26.05.20 18:44
4876
Zara-ს, Bershka-ს, Marks&Spencer-ის, "მასიმო დუტის", "ფულ&ბეარის", "სტრადივარიუსის” მაღაზიებში საქართველოში გამოსაცვლელი ოთახები დროებით აღარ იფუნქციონირებს. ამის შესახებ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი რეზო მაღალაშვილი აცხადებს, რომელიც საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. მისი თქმით, ახალი საერთაშორისო წესების მიხედვით, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გამოსაცვლელი ოთახები გაუქმდება და მომხმარებელი სამოსს ადგილზე ვეღარ მოიზომავს.

"გადმოვიღეთ ის გამოცდილება, რაც დაგვიგროვდა სხვა ქვეყნებში, სადაც მაღაზიები უკვე გავხსენით. მაგალითად, ვაპირებთ, რომ გავაუქმოთ გასახდელი ოთახები და გავზარდოთ დაბრუნება-გადაცვლის პროცედურის ვადა, ანუ უფრო დიდი ხანი მივცეთ მომხმარებელს საშუალება, რომ მოიტანოს დასაბრუნებლად ნივთი. მობრუნებული პროდუქცია მოხვდება არა დარბაზში, არამედ 48 საათით გადაინაცვლებს სპეციალურ ზონაში, სადაც მოხდება მისი დეზინფექცია და შემდგომ დაბრუნდება დარბაზში. ვიცით, რომ ტანსაცმლის გაყიდვებში ერთ-ერთი რისკ ფაქტორი იყო გასახდელი და მოზომილი ტანსაცმელი, ასე რომ ეს რისკები მოგვარებული გვაქვს.

ყველაფერი ამის გათვალისწინებით სხვა სექტორებთან შედარებით რომელიც უკვე ღიაა, არანაკლებ უსაფრთხოდ გავიხსნებით როდესაც მოგვცემენ ამის საშუალებას“, - აცხადებს რეზო მაღალაშვილი.

რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ მათთვის შექმნილ წესებსა და პროტოკოლებს, „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ მოთხოვნებს ისინი 100%-ით აკმაყოფილებენ და იზიარებენ ყველა ნორმას.

„ჯერჯერობით რა რეკომენდაციებიც არის, ჩვენ მზადყოფნაში ვართ: დეზო ბარიერები, მანიშნულები, დისტანციური თერმომეტრები, რიგის ნიშნები, შეზღუდვა ადამიანების რაოდენობის კვადრატულ მეტრზე, ასევე გვაქვს პროტოკოლები ინფიცირებაზე ეჭვის შემთხვევაში როგორ ვიქცევით, მთლიანი პერსონალი მიდის კარანტინში ან თვითიზოლაციაში და მაღაზიის დეზინფიცირება ხდება, პერსონალი იცვლება ახალი პერსონალით, ხოლო იზოლაციაში მყოფებს უნარჩუნდებათ ანაზღაურება“, - განმარტავს „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი.

რეზო მაღალაშვილი ამბობს, რომ სექტორს ისღა დარჩენია გაიხსნას და ამის იმედი მათ ყოვედღიურად აქვთ.
 
„გუშინ ეკონომიკის მინისტრის გამოსვლას ვუყურეთ, შემდეგ ტრანსპორტის საკითხთან დაკავშირებით ქალაქის მერის გამოსვლას ვუყურეთ და იმედი მოგვეცა, რომ ხვალ პრემიერი ჩვენს სასიკეთოდ გააკეთებს განცხადებას.

ტრანსპორტის აღდგენა დაგვეხმარება, თუმცა ამის გარეშეც რაღაც პერიოდი შევძლებთ უზრუნველვყოთ თანამშრომლების ტრანსპორტირება ყველა რეკომენდაციის დაცვით, თუ ამის საშუალება მოგვეცა. ამ ეტაპზე მთავრია გავიხსნათ, თუნდაც ეს იყოს მკაცრი შეზღუდვების პირობებში“, - აღნიშნა მაღალაშვილმა.