მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზარაფხანას“ გაყიდვებმა 2019 წლის მაჩვენებელს 30%-ით გადააჭარბა - კომპანიის დირექტორი

63ae9b2aac33c
ვიქტორია მღებრიშვილი
03.01.23 21:33
835
საიუველირო სახლ „ზარაფხანას“ გაყიდვებმა 2019 წლის მაჩვენებელს 30%-ით გადააჭარბა - ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ BM.GE-ს 2022 წლის შეფასებისას განუცხადა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართული საიუველირო ნაკეთობების მწარმოებელი კომპანიისთვის 2022 წელი ცვლილებების იყო. კონკრეტულად კი 2022 წლის პირველ ნახევარში კომპანიის 100%-იანი წილის მმართველი „ნიუ ვიჟენ დეველოპმენტი“ გახდა, დირექტორის პოზიციაზე კი თორნიკე სამხარაძე დაინიშნა. დღეისთვის კომპანია ქვეყნის მასშტაბით ბრენდული საიუველირო ნაწარმის 4 მაღაზიას მართავს - სამს დედაქალაქში, ერთს კი ბათუმში და 105 სამუშაო ადგილს ქმნის.

როგორც „ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე სამხარაძე BM.GE-სთან აღნიშნავს, მმართველობის ცვლილებების მიუხედავად კომპანიის განვითარების მთავარი პრინციპი კვლავ ქვეყანაში საიუველირო ხელოვნების განვითარება რჩება.

„2022 წელი „ზარაფხანასთვის“ ცვლილებებით და გამოწვევებით სავსე იყო. ზარაფხანას ახალი მფლობელები ცდილობენ მმართველ გუნდს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან, რათა კომპანიის ყველა დასახული მიზანი შესრულდეს“, - აღნიშნავს სამხარაძე.

„ზარაფხანას“ დირექტორი ამბობს, რომ დღეს საწარმო სრული დატვირთვით მუშაობს და კვარტალში საშუალოდ 4-5 კგ ოქროს ამუშავებს. საიუველირო ნაკეთობებს კომპანიაში დიდი ყურადღებით ქმნიან და ხელით შექმნილი თითოეული ნივთის შექმნას რიგ შემთხვევაში 10 დღე გრძელდება.

„ჩვენთვის 2022 წელი გარდამტეხი იყო. სწორება წელს 2019 წელზე გვქონდა და „ზარაფხანას“ გაყიდვები არა თუ 2019 წლის ნიშნულ დაუბრუნდა, არამედ 30%-ით გადავაჭარბეთ. ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ როგორც ექსპორტს, ასევე ადგილობრივ გაყიდვებს. უნდა აღინიშნოს, რომ მოთხოვნა ძირითადად საქართველოს მოქალაქეებიდან მოდიოდა, თუმცა ჩვენს ნაწარმით უცხოელებიც ინტერესდებოდნენ“, - უთხრა BM.GE-ს თორნიკე სამხარაძემ.

კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, 2022 წელს ტრადიციულად ყველაზე მოთხოვნადი სამკაულებში პირველ ადგილს ბრილიანტის თვლიანი ნაკეთობები იკავებს - ნიშნობის ბეჭდები, საყურეები.

„რაც შეეხება ექსპორტის წილს ჩვენს გაყიდვებში, დღეს კომპანიის სწორება ადგილობრივ ბაზარზე განვითარებაა, ექსპორტის წილი წარმოებაში კი დაახლოებით 5%-მდეა. ეს პანდემიურ პერიოდთან შედარებით ძალიან გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო 2019 წელთან შედარებითაც გაზრდილი მაჩვენებელია. ერთ-ერთი აქტიური მიმართულება საექსპორტო გაყიდვებში აშშ და დიდი ბრიტანეთია“, - აღნიშნა თორნიკე სამხარაძემ.