მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ზარალი თვეში 10 ათას ლარს აღწევს” - “ჩირინას” ობიექტები ყოველთვიურად იქურდება

606ca277934ee
მარიამ ადამია
07.04.21 00:20
4498
ბოლო რამდენიმე თვეა მაღაზიებში ვიტრინების გატეხვისა და ნივთების მოპარვის ფაქტები ყოველდღიურად იზრდება. არასრულწლოვანთა ყაჩაღური თავდასხმის ობიექტები ამჯერად შპს “ჩირინა” და მისი სადისტრიბუციო კომპანია “ჯეო დისტრიბიუშენ გრუპი” გახდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 70 სავაჭრო ობიექტს ფლობს და მართავს. მათ შორის არის "ბიუ-ბიუს" ჯიხურები.

“კრიმინალი ქვეყანაში გაზრდილია და დღისით, მზისით, ხალხმრავალ ადგილებში ხდება დანაშაულის ჩადენა. ხოლო მიუხედავად დამადასტურებელი საბუთის არსებობისა, გამოძიება მაინც ვერ ხერხდება. კომპანია ცხადია მუდმივად მიმართავს საგამოძიებო ორგანიებს და გადასცემს ვიდეოჩანაწერებს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოსაზრებით ძალიან მარტივად გახსნადი დანაშაულებია, კონკრეტული შედეგები არ გვაქვს” - აღნიშნა კომპანია “ჩირინას” იურისტმა, გიორგი გეწაძემ.

მისივე თქმით, წელს, გასული წლის შედეგებს შედარებით, კრიმინალი დაახლოებით ხუთჯერ არის გაზრდილი და მაგალითად თუკი შარშან წლიურად ქურდობის ან ძარცვის 4-5 შემთხევას ითვლიდნენ, ეს მაჩვენებელი წელს თვის განმავლობაში ფიქსირდება.

“მაღაზიიდან მიაქვთ თანხა და აღჭურვილობა, რაც განთავსებულია სავაჭრო ობიექტებში, იქნება ეს კომპიუტერები თუ სასწორები. ზარალის ღირებულება კი, დაახლოებით თვენახევრის ინტერვალში 10 ათას ლარს აღწევს. ჩვენ მართალია ეს ყველაფერი დაზღვეული გვაქვს და სადაზღვევო გვინაზღაურებს, თუმცა ეს პრობლემას არ აგვარებს, რადგან გვიჭირს მუშაობის გაგრძელება. ანუ როდესაც ობიექტში ზის პოლიცია და მიმდინარეობს გამოძიება, იქ მომხმარებლები ვერ შედიან, ფუჭდება ნედლი პოროდუქტი, ვადიანი და შესაბამისად ესეც ზარალია კომპანიისთვის. საბოლოოდ კი ეს საქმეც გამოუძიებელი რჩება", - განაცხადა კომპანია “ჯეო დისტრიბიუშენ გრუპის” გენერალურმა დირექტორმა, ლევან წიკლაურმა.

კომპანია ითხოვს შესაბამის, ადეკვატურ და ეფექტურ რეაგირებას სახელმწიფო უწყებების მხრიდან, რათა მოხდეს გამოძიების ჩატარება, დამნაშავე პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა და დანაშაულის პრევენცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

შეგახსენებთ, აქამდე არასრულწლოვანთა თავდასხმის ობიექტები იყვნენ საიუველირო მაღაზია “რედბერი” , “გრანდ ტექნიკსი”, რომელიც დაახლოებით 6-ჯერ გაქურდეს. მოიპარეს “აიპლიუსიდანაც” და სამწუხაროდ ეს ჩამონათვალი მზარდია.