მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზარალიან სახელმწიფო კომპანიაში შემოსავალზე სამჯერ დიდი ხელფასები აქვთ

5f229495cf47b
შოთა ტყეშელაშვილი
30.07.20 21:00
3018
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქოლგის ქვეშ რამდენიმე მსხვილი სახელმწიფო საწარმო არის გაერთიანებული, რომლებიც საქმიანობას წლიდან წლამდე ზარალით ასრულებენ. მათ შორისაა “საქართველოს მელიორაციაც”, რომელმაც 2018 წელს 39 მილიონ ლარზე უფრო დიდი ზარალი განიცადა. 2018 წლის აუდიტორული ანგარიშიდან ირკვევა, რომ “მელიორაციის” საოპერაციო შემოსავალი მისი ხარჯების 20%-ს ვერ ფარავს, ამიტომ კომპანია მთავრობის მხრიდან მუდმივ სუბსიდირებაზე არის დამოკიდებული.

დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ საოპერაციო შემოსავლის სახით მხოლოდ 5.2 მილიონი ლარი მიიღო. ამავე წელს “საქართველოს მელიორაციამ” 14.4 მილიონი ლარის ხელფასები და 1.5 მილიონი ლარის ბონუსები გასცა. ანუ, მისი სახელფასო ხარჯი კომპანიის კომერციულ შემოსავალს სამჯერ აღემატებოდა.

შპს “საქართველოს მელიორაცია” ფერმერებისთვის საირიგაციო და სადრენაჟო წყლის მიმწოდებელი და საირიგაციო წყლის ბაზრის ბუნებრივი მონოპოლისტია. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 20 სერვის-ცენტრი აქვს და ის ჯამში 1 164 ადამიანს ასაქმებდა.

კომპანიის შემოსავალი 2018 წელს ასეთი იყო:

● შემოსავალი სადრენაჟო და საირიგაციო მომსახურებიდან - 4 მილიონი ლარი;
● შემოსავალი ტექნიკური წყლის და ჰესებზე გაყიდული წყლიდან - 1.2 მილიონი ლარი.

"საქართველოს მელიორაციამ" 2018 წელს მთავრობისგან 15 მილიონი ლარის სუბსიდია მიიღო.

შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“ - ზარალი 49.6 მლნ ლარი

კიდევ ერთი ზარალიანი კომპანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქოლგის ქვეშ არის “სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“, რომელმაც 2018 წელს 49.6 მილიონი ლარის ზარალი განიცადა. კომპანიამ 2018 წელს 4.3 მილიონი ლარის საოპერაციო შემოსავალი მიიღო, რითიც მთლიანი ხარჯების 10%-ის დაფარვაც ვერ მოხდა.

“2018 წლის დასაწყისში ჯგუფი შედგებოდა სამი კომპანიისგან შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანია“ - მშობელი კომპანია და შვილობილი საწარმოები - შპს „ქართული ბოსტნეული“ და შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტო“. 2018 წლის განმავლობაში მოხდა ზემოთ აღნიშნული შვილობილი საწარმოების შერწყმა მშობელ კომპანიასთან. წლის დასასრულს კი მფლობელმა მშობელი კომპანიის კაპიტალში შეიტანა შპს „მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის“ 100% წილი. შესაბამისად, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ჯგუფი მოიცავდა შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიასა“ და შვილობილ კომპანიას - შპს „მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიას,”- ნათქვამია აუდიტორულ ანგარიშში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს-ები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვაშიც მოხვდნენ. IMF-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ მსგავსი კომპანიები დამოუკიდებელი ინსტიტუციური ერთეულის სახით არ საქმიანობენ და კონკრეტული მიმართულებებით მათი პასუხისმგებელი უწყებების გაგრძელებას წარმოადგენენ.