მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზედაზენმა“ 2019 წელს კურსთაშორის სხვაობის გამო 4 მლნ ლარამდე იზარალა - ცეზარ ჩოჩელი

5f5cab32e5f73
ვიქტორია მღებრიშვილი
12.09.20 18:00
1092
„ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ცეზარ ჩოჩელი ადგილობრივი წარმოებების მთავარ გამოწვევად ლარის კურსს ასახელებს და ამბობს, რომ კურსის მუდმივი ცვალებადობა ბიზნესგარემოს არაპროგნოზირებადს ხდის. ამის შესახებ მან გადაცემა Forbes Talks-ში სტუმრობისას განაცხადა.

როგორც პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი აცხადებს, ეს ფაქტორი ხშირ შემთხვევაში უცხოელი პარტნიორების მიერ გადაწყვეტილებების მიღებასაც აფერხებს.

„გასული წლების განმავლობაში რამდენიმე პროექტი გვქონდა დამუშავებული, მაგრამ იყო პრობლემები: ქონებას ჰქონდა ყადაღა, რომელიც შარშან დამთავრდა;

შემდეგი პრობლემა იყო ლარის დევალვაცია. კურსის მუდმივი ცვალებადობა ბიზნესისთვის ხვალინდელი დღის განჭვრეტას ართულებს. ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც შეაფიქრიანა ამან...

წარმოება გრძელვადიანი პროცესია და თუ ავიღებთ 2-3 წლის წინანდელ პერიოდს, ლარის კურსი იყო სრულიად სხვა და თუნდაც დანადგარების კაპიტალის ნაწილში 2-3 წლის წინ ჩადებული თანხები, რისი ჩადებაც უცხოურ ვალუტაში გვიწევს, დღეს უკვე სხვა თანხაში აისახება. ამასთანავე პროდუქციის რეალიზება ეროვნულ ვალუტაშია.

ლარის მდგომარეობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემაა ბიზნესისთვის, იმიტომ, რომ ძირითადი კრედიტები უცხოურ ვალუტაშია, ნედლეული იმპორტირებულია და აქედან გამომდინარე მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია არა მარტო ჩვენი, არამედ დღეს არსებული ყველა წარმოება. მხოლოდ კურსთაშორისი სხვაობით გასულ წელს, თუ არ მეშლება, „ზედაზენს“ 4 მლნ-მდე ზარალი ჰქონდა... ნებისმიერი კომპანია, რომელიც უცხოურ ნედლეულზეა დამოკიდებული, ძირითადად ასეთ მდგომარეობაშია“, - განმარტა ჩოჩელმა.