მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზედმეტი ჩურჩხელა გაიყიდება თუ კერძი რესტორანში, ამაზე პრინციპების გაცვლა არ ღირს - საბა კიკნაძე

6222273e3be9c
ინგა მურუსიძე
04.03.22 23:00
1244
ამორალურია, რომ ადამიანს, რომელიც რაკეტებს ესვრის უკრაინელი ბავშვების, საშუალება მივცეთ ცოლ-შვილი საქართველოში გამოუშვას და თავად მშვიდად შეუტიოს უდანაშაულო ხალხს, - ამის შესახებ Caucasus Travel-ის დირექტორმა, საბა კიკნაძემ BMG-ს გადაცემა „ანალიტიკას“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

საბა კიკნაძე მიიჩნევს, რომ რუსეთიდან საქართველოში გაზრდილი დაინტერესების შესაჩერებლად და საფრთხეების თავიდან ასაცილებლად სავიზო რეჟიმის დაწესება ერთ-ერთი კარგი გამოსავალია.

„ტუროპერატორები არ არიან პირველი მისამართი, როცა რუსები ცდილობენ გაექცნენ რეჟიმს და თავი შეაფარონ უკეთეს ქვეყანას. ძირითადად ისინი პირდაპირ სასტუმროებისგან ცდილობენ მომსახურების მიღებას. ვფიქრობ, სავიზო რეჟიმის დაწესება ეფექტიანი მექანიზმი იქნება. ამორალურია, რომ დღეს ადამიანს, რომელიც რაკეტებს ისვრის უკრაინელი ბავშვებისა და ქალების მიმართ, საშუალება მივცეთ, რომ მისი ცოლ-შვილი საქართველოში მშვიდად გრძნობდეს თავს და ორმაგი ენერგიით შეუტიოს უდანაშაულო ხალხს. ვიზა ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა, ვინაიდან სახელმწიფო იმისთვის გვყავს რომ გაარჩიოს თეთრი შავისგან ვიზის გაცემის დროს“, - განაცხადა საბა კიკნაძემ.

რაც შეხება ბიზნესს, საბა კიკნაძე ამბობს, რომ ბიზნესმა უნდა უნდა გადაწყვიტოს ურჩევნია იცხოვროს ღირსეულად და ნაკლები თანხით, თუ მეტი ფული იშოვოს და მოემსახუროს ამ ადამიანებს.

„თუ ბიზნესის მიზანი არის ფულის შოვნა, მაშინ შეიძლება ნებისმიერი რამ აღიქვას ბიზნესად კაცმა - ინფორმაციის მიწოდება მტრისთვის, თვალის დახუჭვა რაღაცაზე და ამით ფულის შოვნა. რა გვირჩევნია? ზედმეტი ჩურჩხელა გაიყიდება თუ ზედმეტი კერძი რესტორანში, ამაზე პრინციპების გაცვლა არ ღირს. ჩაკეტვა ხომ არ გვითქვამს? ვიზის შემოღება შეამცირებს საფრთხეებს“, - თქვა კიკნაძემ.

მან მაგალითად მოიყვანა ტაივანი, რომლის მცხოვრებლებსაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა სჭირდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობას ჩვენთვის არაფერი დაუშავებია.

„რუსეთმა ძალიან დააშავა ჩვენთან. ჩვენი პრობლემების 100% სწორედ მათგან მოდის“, - აღნიშნა კიკნაძემ.

მას იმედი არ აქვს, რომ მთავრობა საკითხზე სათანადო რეაგირებას მოახდენს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობა რამეს მოიფიქრებს.

„მთავრობა და ადმინისტრაციული შესაძლებლობები იმისთვის არის, რომ გაარჩიოს კარგი და ცუდი. რატომ უნდა ვაკეთებდე არჩევანს და მეშინოდეს, რომ ვიღაცა დივერსანტი შემოვა ჩემთან სახლში? ამის გარჩევა მანამდე უნდა ხდებოდეს“, - აღნიშნა კიკნაძემ.