მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკი კონგრესში: „თქვენი დახმარება ქველმოქმედება არაა. ეს ინვესტიციაა გლობალურ უსაფრთხოებაში“

63a3ece6a22ed
თამთა ჯიჯავაძე
22.12.22 09:29
659
აშშ-ში ოფიციალური ვიზით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესში სიტყვით გამოვიდა. მან ამერიკელ კანონმდებლებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა, რაც მისი აზრით, „ტერორისტებს, აგრესიის გამო, პასუხს აგებინებს“. ზელენსკის თქმით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მის 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას მხარს უჭერს, თუმცა, გეგმის იმპლემენტაციისთვის კონგრესის წევრების ძალისხმევაც მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, ზელენსკის განცხადებით, რუსები ყველა ძალას იყენებენ უკრაინის ქალაქებში, მათ შორის ბახმუტში, თუმცა „უკრაინა ინარჩუნებს პოზიციას და არასოდეს დანებდება“. „გასულ წელს, ბახმუტში 70 000 ადამიანი ცხოვრობდა. ახლა მხოლოდ რამდენიმე მოქალაქეა დარჩენილი. ამ ქალაქის მიწის თითოეული ინჩი სისხლითაა გაჟღენთილი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის ფინანსურ დახმარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ დახმარების გაგრძელება. „თქვენი ფული ქველმოქმედება არაა. ეს არის ინვესტიცია გლობალური უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, მან დასძინა, რომ უკრაინელები მიუხედავად საომარი მოქმედებებისა შობას წელსაც იზეიმებენ.

„შეიძლება ელექტროენერგია და შუქი არ იყოს, მაგრამ ჩვენში რწმენა არასოდეს ჩაქრება“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში 21 დეკემბერს ჩავიდა. ომის დაწყების შემდეგ ეს უკრაინის პრეზიდენტის საზღვარგარეთ პირველი ოფიციალური ვიზიტია. კონგრესში გამოსვლამდე, ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში უმასპინძლა, რა დროსაც ბაიდენმა უკრაინის უსაფრთხოებისთვის დამატებით $1,85 მილიარდის დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა.