მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზესტაფონი ყოველთვის იყო ინდუსტრიული ცენტრი“ - ირაკლი ქარსელაძე

6130a5776eafe
ვიქტორია მღებრიშვილი
02.09.21 14:29
691
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძის თქმით, ზესტაფონი ყოველთვის იყო ინდუსტრიული ცენტრი და დღეისთვის მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამის შესახებ მან ზესტაფონში „ქართული ოცნების“ კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა.

მინისტრმა ზესტაფონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრა და მაგისტრალური გზის შორაპანი - არგვეთას მონაკვეთი მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, 324 კმ მაგისტრალური გზა უკვე 2025 წლისთვის აშენდება და 2030 წლისთვის ჩვენი ქვეყნის 760 კმ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა დასრულებული იქნება, რაც თავის მხრივ ქვეყანას სრულიად სხვა ინფრასტრუქტურულ სიბრტყეში გადაიყვანს, მოგვცემს ტურიზმის, ახალი მიზიდულობის ცენტრების, ინდუსტრიის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას.

„ზესტაფონი ყოველთვის იყო ინდუსტრიული ცენტრი, დღეს მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. ვაშენებთ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანს, სადაც ერთ-ერთი გადამწყვეტი სწორედ შორაპანი-არგვეთას მონაკვეთია, მეოთხე მონაკვეთს აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ზესტაფონი განიტვირთოს მოძრაობისგან. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ეს მონაკვეთიც ეტაპობრივად დავაჩქაროთ და უფრო ადრე შევიდეს ექსპლუატაციაში“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ზესტაფონის პოტენციალზე საუბრისას ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ მნიშვნელობა, რომლის მიხედვითაც აღმაშენებლის უბანი განახლდება.

„რაც შეეხება წყალს, ამჟამად ჩვენი პროექტები წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის 150 მდებარეობაზე მიმდინარეობს. 360 ათას ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება, საიდანაც 200 ათასს ცენტრალიზებული წყალმომარაგება აქამდე არ ჰქონია. ზესტაფონი დაწინაურებულია ამ მიმართულებით. 2025 წლის ბოლოსთვის ჩვენი შესაბამისი გეგმის და სტრატეგიის მიხედვით ზესტაფონს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

რა თქმა უნდა გამოწვევად რჩება ზესტაფონის მიმდებარე სოფლები, ესეც გათვალისწინებული გავქვს, ჩვენი სტრატეგიის მიხედვით, 2030 წლისთვის საქართველოს ყველა სოფელს და ქალაქს ექნება სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება. ამბიციური გეგმაა, 9 მილიარდი ლარი არის ჩვენი წინასწარი შეფასებით რაც წყალმომარაგებას და წყალარინებას დასჭირდება, მაგრამ ამაზე უკვე გაგვაჩნია კონკრეტული სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.