მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ ვითარება სწორად შეაფასა, რაც ბაზარზე სრული სიმძლავრით ოპერირებაში გამოიხატა: ვასილ გველესიანი

5eda2832d776f
BM.GE
05.06.20 15:06
1909
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც, ჯამურად, 1 800-მდე თანამშრომელსა და არაერთ ქვეკონტრაქტორ კომპანიას აერთიანებს, ერთ-ერთია მათ შორის, ვინც პანდემიის პირობებში მუშაობა უწყვეტ რეჟიმში განაგრძო. როგორც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი, ვასილ გველესიანი აცხადებს, რთულ პერიოდში ეკონომიკის გაძლიერების თვალსაზრისით მძიმე მრეწველობა ერთ-ერთი ლიდერი დარგი აღმოჩნდა. საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ინდუსტრიას, რომელიც ქვეყანაში ვალუტის მთავარი შემომტანია, საქმიანობა არ შეუჩერებია.

„ერთმანეთს შევუსაბამეთ როგორც უწყვეტი წარმოების, ისე სახელმწიფოსა და ჩვენი თანამშრომლების ინტერესები“, - აღნიშნავს გველესიანი.

როგორ აგრძელებს ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი ბაზარზე ოპერირებას? როგორ გაზარდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ პანდემიის პირობებში წარმოება და როდის გეგმავს ის სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნას? - ამ საკითხებზე ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი ვასილ გველესიანი გვესაუბრა.

მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი ვითარებისა, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა ბაზარზე ოპერირებას სრული სიმძლავრით უწყვეტ რეჟიმში განაგრძობდა. რამდენად რთული პერიოდი გაიარა კომპანიამ და როგორ გაუმკლავდით გამოწვევებს?

კომპანიამ შექმნილი ვითარება სწორად შეაფასა და სწორი დასკვნები გააკეთა, რაც ბაზარზე სრული სიმძლავრით ოპერირებაში გამოიხატა. დღევანდელი გადმოსახედიდან თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო და ამაზე ფაქტებიც მეტყველებს. რთული პერიოდი გამოვიარეთ და აქ მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით შექმნილ სირთულეს არ ვგულისხმობ. პანდემიის წინაშე მოულოდნელად აღმოვჩნდით და უხილავ მტერთან ბრძოლა დავიწყეთ. ფსიქოლოგიურად ამ ყველაფერზე გადაწყობა მარტივი არ იყო, მაგრამ ჩვენ ეს მაინც შევძელით.

საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, პანდემიის პერიოდში იმ კომპანიებს, რომლებმაც ბაზარზე ოპერირება არ შეწყვიტეს, უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა მოუხდათ. მათ შორის იყო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა. როგორი მდგომარეობაა ამჟამად, რამდენად შერბილდა უსაფრთხოების ნორმების დაცვის პროცესი და არსებული ნორმების დაცვას რა პერიოდამდე გეგმავთ?

ჩვენ ერთ-ერთი პირველები აღმოვჩნდით მათ შორის, ვინც მთავრობის მიერ გამოცემულ მკაცრ მოთხოვნებს ფეხი დროულად აუწყო. ყველა რეკომენდაციას, რომელიც მათი მხრიდან გვეძლეოდა, ზედმიწევნით ვასრულებდით, მათ შორის: დისტანციის დაცვა, სატრანსპორტო საშუალებებსა და საწარმოო ობიექტებზე რესპირატორების გამოყენება, სატრანსპორტო საშუალებების ყოველდღიური დეზინფექცია, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით საწარმოო ობიექტების მორეცხვა, დეზობარიერები, საინფორმაციო ბანერების გაკვრა, ყოველი ახალი ცვლის თერმოსკრინინგი. ასევე, უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის სასადილოების დროებითი დახურვა და თანამშრომლების მშრალი ულუფებით კვებაზე გადაყვანის პროცესი. სწორედ ამ ნორმების დაცვით შევძელით ის, რომ არცერთი ინფიცირებული არ გვყავს.

დღეს კვლავ დადგენილებების შესაბამისად ვმოქმედებთ და მიმდინარე თვის ბოლომდე ასე იქნება. საბოლოოდ, შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებას ქვეყანაში მდგომარეობის მეტად დასტაბილურების შესაბამისად მივიღებთ.

სხვა ქვეყნების გამოცდილებაზეც ვისაუბროთ - პანდემიის პერიოდში ადევნებდით თუ არა თვალს სხვა ქვეყნებში არსებული მძიმე მრეწველობის დარგების მუშაობის პროცესს? იზიარებდით თუ არა მათ გამოცდილებას და როგორ ფიქრობთ, თქვენ რამდენად სწორად უპასუხეთ შექმნილ მდგომარეობას?

რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნების გამოცდილებას თვალს ვადევნებთ და აღსანიშნავია ის, რომ ბევრმა მსხვილმა საწარმომ მუშაობის პროცესი შეაჩერა, მათ შორის, ფოლადის მწარმოებელმა კომპანიებმაც, რომლებიც ფეროშენადნობების ძირითადი მომხმარებლები არიან. წინასწარ დაგეგმილ წლიურ გაყიდვებში არის გარკვეული ცვლილებები.

სწორედ უცხო ქვეყნების მაგალითზე საუბრისას მიმაჩნია, რომ ჩვენ არავის ჩამოვრჩით და მეტიც - ფლაგმანები ვიყავით. ერთმანეთს შევუსაბამეთ როგორც უწყვეტი წარმოების, ისე სახელმწიფოსა და ჩვენი თანამშრომლების ინტერესები.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია - ამ ეტაპზე, ჯამურად, რამდენი ადამიანია დასაქმებული და რომელია თქვენი ძირითადი საექსპორტო ბაზრები?

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, ჯამურად, 1800-მდე თანამშრომელს ითვლის, თუმცა, პარალელურად, ქვეკონტრაქტორი კომპანიები გვყავს, სადაც ათეულობით ადამიანია დასაქმებული; მათ შორის, როგორიცაა: გადამზიდავი კომპანიები, სამშენებლო-სამონტაჟო შეკვეთების შემსრულებლები, კვებისა და ვაჭრობის ობიექტები.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს - ჩვენ მტკიცედ გვაქვს ფეხი მოკიდებული ამერიკის, რუსეთისა და ევროპის ბაზრებზე. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი პროდუქციის მაღალი ხარისხი ამ ბაზრებზე ჩვენი ხანგრძლივი ოპერირების გარანტია.

სიამაყით შემიძლია იმის თქმა, რომ წლის ჭრილში გადატვირთულ 200 000 ტონა პროდუქციაზე რეკლამაცია, პრაქტიკულად, არ გვქონია. თუკი ვინმე წარმოების მოცულობების შემცირებაზე ფიქრობს და ფეროშენადნობების გამოყენების შეზღუდვა სურს, პირველად არაკეთილსინდისიერ მიმწოდებლებთან გაწყვეტენ კონტაქტს, ჩვენთან კი ეს პრობლემა რიგით ბოლო შეიძლება დადგეს იმიტომ, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიერ დამზადებული პროდუქცია ხარისხიანი და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანია.

როდესაც ასობით ბიზნესი გაჩერებული იყო და უამრავი სამუშაო ადგილი დაიკარგა, ამის ფონზე, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ წარმოების ციკლი გაზარდა და კაპიტალური რემონტის შემდგომ 22.5-მეგავატიანი ღუმელი ექსპლუატაციაში გაუშვა. ამ პერიოდში ამ ღუმელის დამატება რამდენად მნიშვნელოვანი იყო საწარმოო პროცესისთვის და რა დადებით ბენეფიტებს აძლევს ეს კომპანიას?

ღუმელის გახსნა ჩვენი გათვლების სისწორესა და დასაქმებულების მიმართ ლოიალურ მიდგომაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, იყო რისკები, მაგრამ „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტმა, ბაზრის გაყიდვებისა და მოთხოვნილების შესწავლაზე დაყრდნობით, 22.5-მეგავატიანი ღუმელის ექსპლუატაციაში გაშვების გადაწყვეტილება მაინც მიიღო. ღუმელი კაპიტალური შეკეთებიდან გამოსული იყო და აპრილის წყალუხვობას ელოდებოდა. თუმცა იმისათვის, რომ სამუშაო ადგილების რაოდენობა შეგვენარჩუნებინა, კომპანიის მენეჯმენტმა ღუმელის მარტში გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
ჯამურად, 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, თუმცა მთავარი ჩვენი თანამშრომლების მიერ გაწეული სამუშაოა - საპროექტო, ტექნოლოგიური, სამშენებლო, მექანიკური, ენერგეტიკული, ავტომატიკის და უსაფრთხოების სამსახურების პროფესიონალთა უწყვეტი გუნდური მუშაობა თვეების განმავლობაში.

ახალი ღუმელის ექსპლუატაციაში გაშვება ყოველთვიურად დამატებით 2000 ტონა ფეროშენადნობის წარმოებას ნიშნავს. მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება საწარმოზე უფრო მნიშვნლოვანი დასაქმებულებისთვის გახდა, რამდენადაც პანდემიის პირობებში ღუმელის ექსპლუატაციაში გაშვება კიდევ ერთი გარანტი იყო იმისა, რომ ისინი სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებდნენ.

მძიმე მრეწველობის დარგი რომ შეაფასოთ - ზოგადად, რამდენად იმოქმედა პანდემიამ? როგორ აფასებთ არსებულ სიტუაციას საქართველოში?

მდგომარეობა ნამდვილად არასახარბიელოა და ეს ფაქტია. ჩვენ ყოველდღიურად პარტნიორებისგან საჭირო ინფორმაციას ვიღებთ და ვიცით, როგორი მდგომარეობაა სხვა ქვეყნებში. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პანდემიამ გავლენა არა მარტო მძიმე მრეწველობის დარგზე, არამედ სხვა სახის ბიზნესებზეც იქონია. ადამიანებმა სამსახურები და შემოსავლის ძირითადი წყარო დაკარგეს. მუდმივი მოლოდინისა და შიშის სინდრომის ქვეშ ყოფნა ძალიან რთულია. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ შექმნილ ვითარებას საქართველოს მთავრობა, ბიზნესი და თავად მოსახლეობა დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა. შეიძლება ითქვას, რომ პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპს თავი წარმატებულად გავართვით.

ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ საექსპორტო ბაზრების შემცირების რისკები არსებობს. რამდენად ხედავთ ამ რისკებს? ასევე, დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით რისი გაკეთება შეუძლია კომპანიას, რათა პოსტპანდემიური პერიოდი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გაიაროს?

ბაზრის მოთხოვნები ყოველკვირეულად იცვლება. ჩვენი გამოცდილება გვეუბნება, რომ სტაგნაციას ყოველთვის აღმასვლა მოჰყვება და სწორედ ამ მომენტს, ხელიდან არ გავუშვებთ. ჩვენ კომპანიის განვითარების წლის სტრატეგია დასახული გვაქვს და იქ წარმოების ის მოცულობებია გათვალისწინებული, რომელიც ბაზრის დღევანდელ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ამ მოცულობების ზრდა შეგვიძლია.

უახლოეს მომავალში როგორი გეგმები აქვს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას?

დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რიტმი დაძაბულია, მაგრამ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა მუშაობას საკმაოდ ოპტიმისტური განწყობით აგრძელებს.