20.მარტი .2020 19:27

ზიარების წესი არ შეიცვლება – საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა

views 693
უკან

საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა, სადაც კორონავირუსის გავრცელების შესახებ იმსჯელეს.

სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა რამდენიმე საკითხი გააჟღერა, რაც სავარაუდოდ, სინოდის საბოლოო განცადებაშიც იქნება ასახული.

"მე ასე მიმაჩნია და წმინდა სინოდშიც არავითარი აზრთასხვადასხვაობა არ არის, რომ ეჭვის შეტანა იმაში, რომ ზიარების საერთო კოვზით შეიძლება ვინმეს ინფექცია გადაედოს, ეს ყოვლად გამორიცხულია, შესაბამისად, ამას რაც შეეხება, არავითარი ცვლილება არ შეიძლება იყოს.

სასიკეთო ცვლილება იქნება ის, რომ ასეთი რეკომენდაცია გვექნება, რაც თანხებთან არის დაკავშირებული, რომ შეძლებისდაგვარად ყველა ტაძართან მოახერხონ მსახურების გახმოვანება იმისთვის, რომ სიმჭიდროვე არ იყოს. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები დაიცვან მორწმუნეებმა.

მთავარი, რაც მინდა გითხრათ, სინოდზე მე პირადად განვაცხადე და მინდა მრევლს მოვუწოდო, შემოგთავაზებთ ასეთ დევიზს – არ გადასდო და არ გადაგედება. ჩვენ იმის კი არ გვეშინია, რომ არ გადაგვედება, იმის გვეშინია, რომ არ გადავდოთ. მეც შეიძლება ამ წუთას დაინფიცირებული ვიყო, ვერავინ იტყვის“, – განაცხადა მეუფემ.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტებს კითხვაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რა რეკომენდაციას გაითვალისწინებს სინოდი.

„ჩვენ ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინებთ. ერთადერთი, რასაც ვერ გავითვალისწინებთ და არც არსებობს ასეთი რეკომენდაცია, რომ ეჭვი შევიტანოთ საიდუმლოების მადლმოსილებაში და ღმერთთან მისტიურ კავშირში. აზრთასხვადასხვაობა იმ საკითხში, რომ საიდუმლოება მადლმოსილია და არ შეიძლება საფრთხეს შეიცავდეს ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, არ არის“, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება აღდგომის დღესასწაულზე საზეიმო ღვთისმსახურებას, როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, ამ მხრივ სიახლე ის იქნება, რომ მრევლი მაქსიმალურად შეძლებს წირვის მოსმენას ტაძრის ტერიტორიის მიმდებარედ, ეზოში.

„აღდგომის დღესასწაული არაჩვეულებრივად ჩატარდება იმ კუთხით, რომ ყველა ტაძარში შეძლებისდაგვარად გახმოვანება იქნება, ადამიანს შეეძლება ან ტაძარში იყოს, ან გარედან მოისმინოს წირვა, სუფთა ჰაერზე. ეზოში წირვის ჩატარებას არავინ კრძალავს“, – განაცხადა მეუფემ და დასძინა, რომ სინდოის წევრები ახლა სხდომაზე განხილულ საკითხებთან და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ბოლო წინადადებებს წერენ, რის შემდეგაც ოფიციალური განცხადება გაკეთდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა