მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზოდი“ ბუნებრივი ქვების სარეალიზაციო ბაზრებს აფართოებს - სად გადის ქართული ქვა ექსპორტზე

6151dcff2f310
ვიქტორია მღებრიშვილი
27.09.21 19:22
1749
ბუნებრივი ქვების ადგილობრივმა მწარმოებელმა, კომპანია „ზოდმა“ მიმდინარე წლის დასაწყისში კირქვის სატესტო პარტია აშშ-ში გააგზავნა და საექსპორტო არეალის გაფართოების მიზნით იტალიის მიმართულებითაც დაიწყო მუშაობა. ამის შესახებ BM.GE-ის 2021 წლის დასაწყისში კომპანიის დამფუძნებელმა ზაურ გაბაიძემ განუცხადა.

როგორ მიდის საექსპორტო ბაზრების ათვისება და სად გადის დღეს დამუშავებული ქართული წარმოების ბუნებრივი ქვები - ამ კითხვებით BM.GE-მ კომპანიას მიმართა.

„ზოდში“ აცხადებენ, რომ დღეისთვის ქართული ბუნებრივი ქვების ექსპორტი ჩინეთში, აშშ-ში, თურქეთში, ისრაელში და ინდოეთში ხორციელდება და წლიურად ამ მიმართულებით 100-მდე კონტეინერი იგზავნება.

„ჩვენს წარმოებაში ექსპორტის წილი 30%-მდეა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა მოკვლევა იტალიის და რუსეთის ბაზრებზეც  მიმდინარეობს“, - ამბობენ კომპანიაში.

რაც შეეხება ადგილობრივი წარმოების ქვებით იმპორტირებულის ჩანაცვლების რესურსს, „ზოდში“ აღნიშნავენ, რომ ქართულ ბაზარზე ადგილობრივი წარმოების ქვებზე მოთხოვნა სტაბილურია.

„ქართულ წარმოებას იმპორტის ჩანაცვლების მაღალი რესურსი აქვს. „ზოდის“ წარმოებული პროდუქცია იმპორტირებულ პროდუქციას ეტაპობრივად ანაცვლებს. ადგილობრივი ნაწარმი იმპორტირებულ ნედლეულს ფასით და ხარისხით უწევს კონკურენციას. ქართული ბუნებრივი ქვები ფასით და ხარისხით ზოდის პარტნიორ ქვეყნებშიც, ანალოგიური პროდუქციის მომწოდებლებს მაღალ კონკურენციას უწევს“, - აცხადებენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს კომპანია „ზოდის" მიერ ამოქმედებული ქართული ბუნებრივი ქვების (გრანიტი, ტუფი, დიაბაზი ბაზალტი, კირქვა) საწარმო დღეისთვის 20-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. კომპანიის ინფორმაციით, საწარმოო რესურსი სრულადაა ათვისებული და დღეისთვის „ზოდში“ წარმადობის გაზრდასა და ახალი ინვესტიციების მოძიებაზე მუშაობენ.

„ბაზარზე წარმოდგენილია იმპორტირებული უხარისხო და დაბალფასიანი პროდუქცია. როგორც ზემოთ აღინიშნა, ზოდის წარმოებული ქართული ქვა მაღალი ხარისხისაა და დამუშავებულია ევროპული სტანდარტების შესაბამისად. კომპანიის პრიორიტეტია წარმოების მაღალი ხარისხის სტანდარტი. თუ კომპანიას დამატებითი ფინანსური რესურსი ექნება, აუცილებლად მიმართავს წარმოების განვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ნედლეულის კიდევ უფრო მეტი ოდენობით წარმოებას, იმპორტის ჩანაცვლებას და ექსპორტის გაზრდას“, - აცხადებენ „ზოდში“.