მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Zoom-ის შემოსავლები პანდემიის დროს 169%-ით გაიზარდა

5ed773702fae8
ნათია თაქთაქიშვილი
03.06.20 14:21
920
მსოფლიოში ცნობილი ვიდეო კონფერენციების კომპანია Zoom-ი შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდაზე აცხადებს. როგორც კომპანია აღნიშნავს, მათი შემოსავლები 169%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და აპრილის ბოლოსთვის 328 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კომპანია Zoom შემოსავლების ასეთ მატებას კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ დისტანციურ მუშაობაზე გადასვლას უკავშირებს, რაც მათ სერვისებზე მოთხოვნის ზრდით აიხსნება.

როგორც CNN იუწყება, კომპანიის განცხადებით, Zoom-ის მომხმარებელთა რაოდენობა ასტრონომიულად არის გაზრდილი და მატებამ 354% შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

"სახლიდან მუშაობამ და სოციალური დისტანცირების ინიციატივებმა მნიშვნელოვნად დააჩქარა "ზუმის" ვიდეო კომუნიკაციების პლატფორმაზე მოთხოვნის ზრდა", - განაცხადა Zoom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ იუანმა.

ვიდეო კონფერენციების კომპანია Zoom თითქმის 10 წლის წინ შეიქმნა, მაგრამ მისი პოპულარულობა მიმდინარე წლიდან იწყება. ბოლო მონაცმებით, კომპანია 265,400-ზე მეტ კომპანიას ემსახურება.