23.აპრილი .2020 23:36

"ზოომარტი" თბილისის მერიას პასუხობს: "გამოცხადებულ ნომრებზე ერთი კვირა არავინ გვპასუხობდა"

views 1232
უკან

„ზოომარტის“ დამფუძნებელი და დირექტორი თორნიკე ელიზბარაშვილი თბილისის მერიის თანამშრომლის ვიქტორ წილოსანის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ უწყების მიერ კომპანიაზე გაცემული ნებართვის პროცედურის ინტერპრეტირება მოხდა.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას ელიზბარაშვილი განმარტავს, კომპანიის თანამშრომლები მერიის ცხელ ხაზზე რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ გადიოდნენ, ნებართვის მიღების შემდეგ კი ისე გამოვიდა თითქოს, კომპანიამ განაცხადი ნებართვის შესახებ რამდენიმე წუთით ადრე შეიტანა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ოპერატიულად მოახდინა რეაგირება.

„როდესაც ეს შეზღუდვები მოხდა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებაზე და ჩვენ მერიის ცხელ ხაზზე დარეკვა დავიწყეთ, ერთი კვირის განმავლობაში ვერ დავუკავშირდით მათ. შემდეგ როდესაც დავპოსტეთ და ატყდა აჟიოტაჟი, თვითონ დაგვიკავშირდნენ და ეს იყო იმის მიზეზი რომ სწრაფ რეჟიმში გააკეთეს საშვი. აქ ინტერპრეტაცია მისცეს ისე, რომ თითქოს ჩვენ მათ დავუკავშირდით 16:09 საათზე და ნახევარ საათში მოგვცეს ნებართვა, რომ თითქოს ჩვენ მოვითხოვეთ თუ არა ნახევარ საათში მივიღეთ ნებართვა და ის რომ ჩვენ მათ მიერ გამოცხადებულ ნომრებზე ერთი კვირა არავინ არ გვპასუხობდა, ეს საერთოდ ნახსენები არ არის. ინტერპრეტაცია არის თითქოს რომ ეფექტურად მუშაობენ.

ჩვენი პოზიცია არის, რომ როდესაც მათი თანამშრომელი ჩვენ გვეუბნება რომ ჩვენი პოსტი არის პოლიტიკურად მოტივირებული, ბოდიში უნდა მოიხადონ იმიტომ რომ არ შეიძლება საჯარო პირი კერძო ბიზნესს მიმართავდეს რომ შენ ხარ პოლიტიკურად მოტივირებული”, - ამბობს „ზოომარტის“ დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, დღეს დილით კომპანია „ზოომარტმა“, რომელიც ცხოველთა კვებისა და აქსესუარებით საცალო ვაჭრობას ახორციელებს, ფეისბუქ გვერდზე განცხადება განათავსა, რომლის მიხედვით კომპანია ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვისა და მათი ოპერირებისთვის აუცილებელი ნებართვების არარსებობის გამო 26 აპრილიდან გაურკვეველი ვადით იხურებოდა.

თუმცა, საღამოს 16:34 სთ-ზე კი კომპანია M2 ტიპის ავტობუსზე ნებართვა თბილისის სატრანსპორტო სამსახურიდან მიიღო და ახლა ონლაინ მიწოდების სერვისის განხორციელებისთვის ნებართვას ეკონომიკის სამინისტროდან ელოდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა