მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზოომარტმა" მერიიდან ნებართვა მიიღო და ეკონომიკის სამინიტროს ელოდება

5ea19e9f1cf96
ვიქტორია მღებრიშვილი
23.04.20 18:14
1595
დღეს დილით კომპანია „ზოომარტმა“, რომელიც ცხოველთა კვებისა და აქსესუარებით საცალო ვაჭრობას ახორციელებს, ფეისბუქ გვერდზე განცხადება განათავსა, რომლის მიხედვით კომპანია ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვისა და მათი ოპერირებისთვის აუცილებელი ნებართვების არარსებობის გამო 26 აპრილიდან გაურკვეველი ვადით იხურებოდა.

დღეს საღამოს 16:34 სთ-ზე კი კომპანია M2 ტიპის ავტობუსზე ნებართვა თბილისის სატრანსპორტო სამსახურიდან მიიღო და ახლა ონლაინ მიწოდების სერვისის განხორციელებისთვის ნებართვას ეკონომიკის სამინისტროდან ელოდება, - ამის შესახებ BM.GE-ს „ზოომარტის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა თორნიკე ელიზბარაშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, განაცხადი მათ რამდენიმე დღის წინ გააკეთეს, თუმცა რამდენჯერმე ეს განაცხადი დაუხარვეზდათ, ამასთან, მათ ზარებს სახელმწიფო უწყებებში ან ამისამართებდნენ, ან არ პასუხობდნენ.

„როდესაც კრიზისი დაიწყო, ჩვენ ნაცვლად იმისა, რომ შეგვემცირებინა თანამშრომლები, პირიქით, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფ თანამშრომლებს - კონსულტანტებს - საბონუსო ბიუჯეტი გავუზარდეთ 50%-ით, შემდეგ გამოვყავით თითოეულ მათგანზე ტაქსი და ყოველდღიურად უზრუნველვყოფდით მათი ტაქსებით გადაადგილებას, როდესაც მსუბუქი ავტომობილებითაც შეიზღუდა გადაადგილება დავრჩით 12 კონსულტანტის იმედად, რომლებსაც შეეძლოთ 12 ფილიალში ემუშავათ და უწევდათ სამსახურამდე 10 კმ-ის გავლა. ახლა ამ 12 კონსულტანტიდან დაგვრჩა 9 კონსულტანტი, იმიტომ რომ ცუდი ამინდების გამო მათი ნაწილს მაღალი სიცხე აქვს და როდესაც ამ პრობლემებზე წერ საჯაროდ და საჯარო უწყების წარმომადგენელი პირად საუბარში, პოლიტიკურ პარტიას მიგაკუთვნებს, ასეთი დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ არ უნდა არსებობდეს. ერთი დღე არ გვქონია ისეთი, რომ გადასახადები დაგვევგვიანებინა სახელმწიფოსთვის და ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინეთ, რაც იყო გაცემული უსაფრთხოებისთვის. ერთადერთი ვითხოვთ, რომ არ შეგვიშალონ ბიზნესის წარმოებაში ხელი.

რამდენიმე წუთის წინ შეგვატყობინეს რომ M2 ტიპის მიკროავტობუსით თანამშრომლების გადაყვანაზე მოგვცეს თანხმობა, მაგრამ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ინტერნეტ შეკვეთები ჩვენი საკურიერო მანქანით მომხმარებლამდე მივიტანოთ. ველოდებით ეკონომიკის სამინისტროსგან ნებართვას, რომ შევძლოთ ონლაინ მიწოდების განხორციელება, იმიტომ, რომ თავად მომხმარებელი ტრანსპორტის არქონის გამო ჩვენამდე ვეღარ მოვა.

თუ ჩვენი პრობლემები მოგვარდება, მაღაზიები არ დაიკეტება და შევძლებთ მუშაობის გაგრძელებას.

დღევანდელ დღემდე სანამ არ დავპოსტეთ, ჩვენს განაცხადებებზე და ზარებზე იყო სრული უგულებელყოფა, ეკონომიკის სამინისტროდან ან სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ან თბილისის მერიაში გვამისამართებდნენ, მითითებულ ნომრებზე არავინ გვპასუხობდა, აქედან გამომდინარე მოგვიწია განაცხადის გაკეთება 26-დან ჩვენი ფილიალების დახურვის შესახებ, რამაც სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მხოლოდ ამის შემდეგაც თბილისის სატრანსპორტო სამსახური თავად დაგვიკავშირდა და უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ოპერატიულად მოგვცეს მიკროავტობუსით გადაადგილების ნებართვა.

დღემდე, 1 კვირის განმავლობაში მიწევდა გაფუჭებული ტელეფონის თამაში. მინდა აღვნიშნო რომ საჯარო მოხელისგან ასეთი ტონი და რეპლიკები კერძო სექტორის წარმომადგენლების მიმართ მიუღებელია“, - აცხდებს თორნიკე ელიზბარაშვილი.

მანამდე თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა ვიქტორ წილოსანმა Facebook–ის საკუთარ გვერდზე ზოომარტის განცხადებასთან დაკვშირებით პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ალბათ არ ვუპასუხებდი ამ ბრალდებას რომ არა ჩემი დამოკიდებულება ზოგადად ცხოველებისადმი.

სამწუხაროდ, ზოომაღაზიების ერთ-ერთმა ქსელმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერიამ დააყოვნა, ან შეზღუდა მათი ქსელის თანამშრომლების გადაადგილება, რის გამოც მოუწევთ მაღაზიების დაკეტვა 26 აპრილიდან (თუმცა გასათვალისწინებელია ისიც რომ შეზღუდვა 27 აპრილამდე მოქმედებს).

სინამდვილეში, შპს „ზოომარტის“ მეილიდან (maka@zoomart.ge) მერიის შესაბამის მეილზე (transport.@tbilisi.gov.ge) წერილი გადმოიგზავნა 21 აპრილს 22:05 საათზე, რაც კანცელარიამ დაარეგისტრირა 10/01201121711-16 ნომრით. იმავე ღამით 22:12 საათზე, აღნიშნულ წერილზე სსიპ - ტრანსპორტის განვითარების სააგენტომ უარით უპასუხა (16-012011333 წერილით), ვინაიდან მოთხოვნა არ იყო ავტობუსით ან მიკროავტობუსით მგზავრის გადაყვანაზე.

ზემოაღნიშნულის შემდეგ, კვლავ მივიღეთ წერილი 22 აპრილს, 7 სატრანსპორტო საშუალებაზე თანამშრომლების გადაყვანის უფლებასთან დაკავშირებით. სააგენტოს თანამშრომლმა სცადა მეილში მითითებულ საკონტაქტო ტელეფონზე დაკავშირება, თუმცა სატელეფონო ზარზე არ გვიპასუხეს. აღნიშნული ზარის მიზეზი იყო ის, რომ განმცხადებლისთვის განგვემარტა, რომ მის მიერ მოთხოვნილი 7 სატრანსპორტო საშუალებიდან, ერთი სატრანსპორტო საშუალება მითითებული სახელმწიფო ნომრით არ იძებნებოდა, ხოლო 5 სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენდა სედანის ტიპის ავტომობილს, რომლებზეც სააგენტოს უფლებამოსილება არ ჰქონდა, გაეცა მოძრაობის ნებართვა.

სამწუხაროა რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის დროს გამოჩნდებიან ადამიანები რომლებიც ცდილობენ თავიანთი შეცდომები სხვებს გადააბრალონ“.

ხოლო რამდენიმე საათში მანვე დაპოსტა, რომ „ზოომარტზე“ M2 ტიპის ავტობუსზე ნებართვა გაიცა.