მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზრუნავს თუ არა მთავრობა ფერმერებზე? - ვანო იოსელიანის შეფასება

5ebad40420fd3
სალომე მეცხვარიშვილი
13.05.20 00:15
1209
მებოცვრეობის ფერმის “ჩემი რანჩოს” დამფუძნებელი ვანო იოსელიანი მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას აფასებს, რომელიც სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას ითვალისწინებს და რომლისთვისაც 300 მილიონი ლარია გამოყოფილი. "ზრუნვა სოფელზე, ფერმერებზე",- ასე ჰქვია მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრმა დღეს წარადგინა. 

ვანო იოსელიანი ამბობს, რომ კარგია, რომ სოფლის მეურნეობის დახმარებისთვის 300 მილიონი ლარი იხარჯება და აქცენტი დაუმუშავებელი მიწების დამუშავებასა და მელიორაციის სისტემის გამართულობაზე კეთდება. თუმცა, ვანო იოსელიანი იმასაც აღნიშნავს, რომ პროგრამების დიდი ნაწილი, რაც აგროსექტორის დახმარებისთვის წარადგინეს, აქამდეც ხორციელდებოდა. ბიზნესმენის შეფასებით, ფაქტია, პროგრამები არაეფექტიანად ხორციელდებოდა, მთავარი პრობლემა კი მოსახლეობასთან არასათანადო კომუნიკაცია იყო.

“არის ასპექტები, რომლებიც ჩემი გადმოსახედიდან უნდა იყოს ეფექტური და წამახალისებელი და არამარტო წელს, არამედ სამომავლოდაც, შესაძლოა სოფლის მეურნეობის გარკვეული დარგები წინ წამოიწიოს. თუმცა, ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ 300 მილიონი ლარის დახმარება და ზოგიერთი კონკრეტული პროგრამა სრულად გადაწყვეტს პრობლემებს ან სრულად დააკომპენსირებს კორონავირუსის ზარალს, რაც ამ სექტორმა მიიღო.

ყველამ ვიცით, რომ მიწები არის გამოუყენებელი, მაგალითად მე ვიმყოფები სოფელ გამარჯვებასთან და გარშემო ათობით და ასობით ჰექტარი არის დაუმუშავებელი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. მესაკუთრეები ძირითადად სოფლის მაცხოვრებლები არიან და უხეშად რომ ვთქვათ, ერთი ბარიც არ აქვთ ამ მიწაზე დატყმული. რადგან ვერ ხედავდნენ ამის აზრს… ეს ადამიანები შეიძლება წაახალისოს მთავრობის მიერ შემოთავაზებულმა გრანტებმა, დიზელის ფასის სუბსიდიამ და ა.შ. პლუს მელიორაციის პრობლემა იყო წლების განმავლობაში და ესეც მოგვარდა. პლუს ამ პროგრამის მიხედვით, ამ წლის განმავლობაში სრულიად უფასო იქნება, რაც საკმაოდ დიდი შეღავათი იქნება ამ სექტორისთვის”,- აცხადებს ვანო იოსელიანი.

მისივე თქმით, ასევე საინტერესოა პროგრამები, რომლებიც დაკავშირებულია რძესთან და რძის გადამუშავებასთან.

“მგონია, რომ აგროდაზღვევაც ძალიან აქტუალურია, რაც წინა წლებშიც იყო. თუმცა, მგონია, რომ იყო კომუნიკაციისა და ფერმერამდე ინფორმაციის მიტანის პრობლემა. ყოველწლიუირად ბიუჯეტიდან ძალიან ბევრი თანხა იხარჯება კომპენსაციებისთვის, სადღაც რაღაც დაიტბორა, დაისეტყვა და ა.შ. კვლევები კი გვაჩვენებს, რომ მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს აქვს გაკეთებული დაზღვევა იმ დროს, როცა აგროდაზღვევის თანადაფინანსება 90%-იანი იყო”- ამბობს ბიზნესმენი.

ვანო იოსელიანი დადებითად აფასებს სახელმწიფო პროგრამის იმ ნაწილსაც, რომელიც ტექნიკის თანადაფინანსებას ითვალისწინებს ფერმერებისთვის.

“1-2 წლის წინაც იყო მსგავსი პროექტი, რომლის ბიუჯეტი სულ იყო 2-3-მილიონი და პრაქტიკულად მსურველების 90%-მა ვერ მოახერხა პროგრამაში ჩართვა, პროექტი დაიწყო და 1 კვირაში დაიხურა, რადგან თანხა ამოიწურა”,- აცხადებს ვანო იოსელიანი.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, აქცენტი განათლებასა და ფინანსებთან ხელმისაწვდომობაზე გაკეთდეს.

მისივე თქმით, წინა მთავრობასაც ჰქონდა პროგრამა, რომელიც ფერმერებისთვის დიზელისა და სახნავ-სათესი ვაუჩერების დარიგებას ითვალისწინებდა და მათი გამოყენება დანიშნულებისამებრ არ ხდებოდა.

“წინა მთავრობასაც ჰქონდა დიზელის დარიგებისა და ხვნა-თესვის ვაუჩერები, რაც საკმაოდ ეფექტიანი პიარ კამპანია იყო, თუმცა, საბოლოო შედეგზე არ აისახებოდა ხოლმე, რადგან არადანიშნულებისამებრ ხდებოდა მათი გამოყენება. სახელმწიფოს კი არ აქვს ბერკეტი, რომ ეს გააკონტროლოს”,- აცხადებს ვანო იოსელიანი.