14.იანვარი .2022 23:05

ზუგდიდის მერიის თანამშრომლები ბიუჯეტის ხარჯზე მანქანებში ავზის მოცულობაზე მეტ საწვავს 2019-2020 წლებშიც ასხამდნენ - აუდიტი

ზუგდიდის მერიის თანამშრომლები ბიუჯეტის ხარჯზე მანქანებში ავზის მოცულობაზე მეტ საწვავს 2019-2020 წლებშიც ასხამდნენ - აუდიტი
views 938
უკან

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ავტოსატრანსპორტო საშუალებებში სახელმწიფოს ხარჯზე ერთჯერადად ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავს 2019-2020 წლებშიც ასხამდნენ. ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც აუდიტი წერს, გამოვლინდა 44 ავტომანქანაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 863 შემთხვევა. „ამ ავტომანქანებზე ჯამურად სულ ჩასხმულია 145.1 ათასი ლარის ღირებულების, 71,908 ლიტრი საწვავი. ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი საწვავის ჩასხმა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ჩიპი მოხსნილია და მიმაგრებულია სხვა ავტომობილის ავზზე ან/და სხვა სახის რეზერვუარზე.

ასევე შესამოწმებელ პერიოდში გამოიკვეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დროის მცირე მონაკვეთში არაერთგზის და ავზის მოცულობასთან შედარებით შეუსაბამოდ მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის ფაქტები. მერიის წარმომადგენლებთან ერთად, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები. გამოვლინდა, რომ „აგაი“ სისტემის ჩიპი მყარად არ იყო დამაგრებული 11 ავტომანქანაზე, მოხსნილი იყო 6 მანქანაზე, აქედან 4 „ჩიპის“ ადგილმდებარეობა პასუხისმგებელი პირების მიერ ვერ დადგინდა. შესაბამისად, „აგაი“ სისტემის ჩიპის გამოყენება შესაძლებელი იყო სხვა მანქანებზეც. აღნიშნული გარემოებები წარმოშობს არაავტორიზებულ ავტომანქანებში საწვავის ჩასხმისა და მისი არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს“, - წერია ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის წინა აუდიტის პერიოდშიც გამოვლინდა მსგავსი ხარვეზები. მიუხედავად ამისა, აუდიტის სამსახურის მიხედვით, მერიამ არც 2019-2020 წლებში გაითვალისწინა აუდიტის სამსახურის მიერ წინა აუდიტის პერიოდში გამოვლენილი გარემოება და რეკომენდაცია.

ცნობისთვის, 2019-2020 წლებში, მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. კერძოდ, ნაცვლად 10 სამორიგეო მანქანისა, მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 22 სამორიგეო მანქანით და 169 კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა