მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზუგდიდში, საარჩევნო უბანთან 5 პირი დააკავეს - შსს

617d1ffe43e5b
ინგა მურუსიძე
30.10.21 14:41
370
"ზუგდიდში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 5 პირი დააკავა", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც არჩევნების მიმდინარეობას ეხება.

უწყებაში ირწმუნებიან, რომ შსს მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, რათა თითოეულმა მოქალაქემ თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი.

„როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია პოლიციის შესაბამისი მობილური ჯგუფები. დღეს, ისევე, როგორც არჩევნების პირველ ტურში, პოლიციის მობილური ჯგუფები მთელი საქართველოს მასშტაბით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

დეტალურად გაგაცნობთ არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის დროს, ამ ეტაპისთვის, პოლიციის მიერ დაფიქსირებული ინციდენტებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ინციდენტებზე განხორციელებული რეაგირების შესახებ: ქალაქ ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს;

ზუგდიდში, უკვე დასახელებულ საარჩევნო უბანთან, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 5 პირი დააკავა. ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.

სენაკის N14 საარჩევნო უბნიდან, ტელეკომპანია "მთავარის“ ჟურნალისტის შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით;

გარდა ამისა, ამ ეტაპისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების ან ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებზე, ასევე, 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტებზე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში რეაგირება განახორციელა 10-მდე შემთხვევაზე.

მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირსა თუ ორგანიზაციას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დააფიქსიროთ აღნიშნული კანონდარღვევა და დაუყოვნებლივ შეატყობინოთ პოლიციას. ასევე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მედიის წარმომადგენლებს თავი შეიკავონ ნებისმიერი ფორმით კონფრონტაციაში შესვლისგან და სიტუაციის ხელოვნური ესკალაციისგან, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას.

პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.