მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზუგდიდში სპორტკომპლექსის მშენებლობაზე 11.5 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

5f410879c8d08
თელარა გელანტია
22.08.20 16:30
1422
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

მგფ-ის ინფორმაციით, სატენდერო წინადადებების მიღება 30 სექტემბერს სრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11 567 656 ლარია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სპორტკომპლექსი 18 თვეში უნდა ააშენოს.

პროექტის დაფინანსების წყარო სესხია, რომელიც საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკისგან „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი რეგიონული განვითარებისთვის“ პროგრამის ფარგლებში მიიღო.

სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზების მშენებლობას. მოეწყობა გასახდელები და საშხაპეები, როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის. იქვე განთავსდება ღია კაფე, პატარა მაღაზია და საკონფერენციო დარბაზი. გათვალისწინებულია ყველა ის სამუშაო ოთახი, სივრცე და ტექნიკური სათავსო, რაც კომპლექსის ფუნქციონირებისათვის არის საჭირო. მოხდება კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. გათვალისწინებულია პარკინგი.

პროექტში გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შენობის ადაპტაციის ღონისძიებები.

„სპორტ-კომპლექსების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. აღნიშნული აქტივობები ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს”, - აცხადებენ მგფ-ში.