მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბ აბაშიძე ლავროვს პასუხობს - რუსეთთან ფრენების აღდგენა მოსკოვზეა დამოკიდებული

5f3f980496cda
შოთა ტყეშელაშვილი
21.08.20 13:20
2076
რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას პასუხობს. ლავროვმა გაზეთ "ტრუდთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ საქართველოსთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგება. ამასთან, ლავროვმა თქვა, რომ ის იტოვებს, რომ კარასინი-აბაშიძის შეხვედრები, რომლებიც ეპიდემოილოგიური ვითარებიდან გამომდინარე შეწყდა აღდგება. 

"ფრენები რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და მათი აღდგენაც ძირითადად მოსკოვზეა დამოკიდებული, ცხადია შესაბამისი ეპიდემიოლოგიური პირობების არსებობის შემთხვევაში. საქართველოც მომხრეა, რომ რუსეთთან, ისევე როგორც სხვა მეზობლებთან, ჩამოყალიბდეს მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები, მაგრამ ისინი უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ სხვა ნორმებს. საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციამ განაპირობა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და მათი აღდგენაც ამაზევეა დამოკიდებული. „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთ პრიორიტეტად ნამდვილად გამოაცხადა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია, რისთვისაც მთავარი ფორმატის - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დამატებით, შეიქმნა არაფორმალური კომუნიკაციის არხი - აბაშიძე-კარასინის დიალოგი, რომელმაც შედეგად მოიტანა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების ნორმალიზაცია, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი და მისასალმებელია“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

სერგეი ლავროვის განცხადება:

„იმედი მაქვს, საქართველოსთან ავიამიმოსვლის ადგენა უახლოესი მომავლის საქმეა. საქართველოში არსებულ მდგომაროებას ყურადღებით ვაკვირდებით, რასაკვირველია, რეგიონსა და მსოფლიოში სანიტარული და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ზოგად ნორმალიზებასა და სხვა მიმართულებით ფრენების აღდგენასაც ველოდებით. რუსეთი ყოველთვის აფასებდა მეგობრულ კავშირებს ქართველ ხალხთან, რომელთან ერთადაც ჩვენ ერთ საუკუნეზე მეტხანს, სხვადასხვა სახელით, მაგრამ ერთ სახელმწიფოში ვიცხოვრეთ,“- აღნიშნა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ. პუტინმა საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება 20 ივნისის საპროტესტო აქციის შემდგომ მიიღო, რომელზეც საქართველოს მოქალაქეებმა რუსული ოკუპაცია და დუმის დეპუტატის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავება გააპროტესტეს.