მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბ ჭიაბერაშვილი: სახელმწიფო ბიუჯეტის კლინიკებისადმი დავალიანება 350 მლნ ლარია

5de24ae57f5e1
ნუცა ბაზლიძე
30.11.19 19:20
2379
"ძირეული პრობლემა არის ერთი შემსყიდველის პრინციპი. დღეს სახელმწიფო მოთამაშეც არის და არბიტრიც. როგორც მოთამაშეს, მას აწყობს, რომ კლინიკებს ნაკლები ფული გადაუხადოს, ხოლო როგორც არბიტრი, წესით, ხარისხით უნდა იყოს დაინტერესებული და აკონტროლებდეს, რომ პაციენტს რამე არ დააკლდეს. გამოსავლად სადაზღვევო მედიცინაზე დაბრუნება მესახება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო აღარ იქნება ერთადერთი შემსყიდველი“, - ეს განცხადება გადაცემა „საქმიან დილაში“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მთავრობის 520-ე დადგენილების შედეგად სამედიცინო ინდუსტრიაში წარმოქმნილი შეშფოთების და პროტესტის კომენტირებისას გააკეთა.

მისი აზრით, 520-ე დადგენილებას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს, გადავადება არ უშველის, რადგან ის თავისი არსით საზიანოა, თუმცა დეპუტატის თქმით, „სამედიცინო სექტორი მსგავსი ცვლილებების განხორციელებას არსებული ხელისუფლების პირობებში არ უნდა ელოდოს“.

დეპუტატი ფიქრობს, რომ „არსებული ეკონომიკური კრიზისის პირობებში, სახელმწიფო რესურსების შეზღუდვას ცდილობს, რაც სამედიცინო ბიზნესის გამოწვევებზე მნიშვნელოვნად აისახა“.

„წელს, სახელმწიფო ბიუჯეტში დეფიციტი პროგრამაში არის 75 მლნ, მთლიანად კლინიკებისადმი დავალიანება კი - 350 მლნ ლარი“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

გარდა ამისა, დეპუტატი ამბობს, რომ 2013 წელს, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პრინციპი შემოვიდა, მას მოსწონდა ის, რომ ჯანდაცვის სექტორს მეტი მატერიალური რესურსი ეთმობოდა, თუმცა თავიდანვე ხედავდა იმ საშიშროებას, რომელსაც ერთი შემსყიდველის პრინციპი გულისხმობდა.

„არსებული პრინციპით კლინიკებს სახელმწიფოზე ზემოქმედების ყველანაირი ბერკეტი დაკარგული აქვთ; სახელმწიფოს კი, შეუძლია, თავისი სურვილისამებრ შეცვალოს პოლიტიკა. სადაზღვევო მედიცინის პრინციპის დროს კი, კლინიკასთან უშუალო ურთიერთობა სადაზღვევო კომპანიას აქვს, სახელმწიფო კი, მაკონტროლებლის ფუნქციას ითავსებს“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის:საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, გაზრდილი ხარჯების გამო, სავარაუდოდ, ვადაზე ადრე ამოიწურება. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 29 ნოემბრის მდგომარეობით, პროგრამის 754-მილიონიანი ბიუჯეტიდან 745.1 მილიონი ლარი უკვე დახარჯული და ათვისებულია. შესაბამისად, 2019 წლის ბოლომდე პროგრამის ერთი თვისთვის მხოლოდ 9 მილიონი ლარი რჩება.

იმისთვის, რათა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი ვადაზე ადრე არ ამოწურულიყო, საშუალო ყოველდღიური ხარჯვა 2.065 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა ფაქტობრივად ხარჯვა ამაზე მეტს შეადგენდა და 2.277 მილიონ ლარს უტოლდებოდა. შესაბამისად, იმისთვის, რათა წლის ბოლომდე დარჩენილი დღეების განმავლობაში პროგრამა შეუფერხებლად არსებობდეს, დაახლოებით 60 მილიონი ლარის დამატება არის საჭირო.