მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მშვიდობა და ტურიზმი“ - 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველო უმასპინძლებს

647987928fc33
BM.GE
02.06.23 10:17
754
„მშვიდობა და ტურიზმი“ - ეს იქნება 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მთავარი თემა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ღონისძიება საქართველოში გაიმართება, - ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში გამართული კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც 38-მა ქვეყანამ 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში ჩატარებას მხარი ერთხმად დაუჭირა.

საქმე ის არის, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიამ საქართველო მომავალ წელს, მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელ ქვეყნად დაასახელა. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში, ორგანიზაციის 68-ე კომისიის სხდომაზე მიიღო. სხდომაზე საქართველოს დელეგაციის ინიციატივას ევროპის კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ზურაბ პოლოლიკაშვილის შეფასებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ძალიან მაღალ დონეზე ჩაატაროს აღნიშნული ღონისძიება და წარდგეს არამხოლოდ კონკრეტულ მიზნობრივ ბაზრებზე, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე.

„30 წელზე მეტია, რაც აღინიშნება მსოფლიო ტურიზმის დღე და ის ყოველწლიურად, სხვადასხვა კონტინენტზე იმართება. შემდეგი ჯერი იყო ევროპის და ევროპის კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, მომდევნო მსოფლიო ტურიზმის დღე აღინიშნოს საქართველოში. ეს არის ძალიან მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობენ საკმაოდ დიდი დელეგაციები მსოფლიოს ქვეყნებიდან. თემა იქნება "მშვიდობა და ტურიზმი", რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის. მე ვფიქრობ, ძალიან დღესასწაული მოვუწყოთ როგორც საქართველოს, ასევე ტურიზმის სექტორს“, - აღნიშნა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველომ მორიგ წარმატებას მიაღწია.
„მსურს მივულოცო ჩემს ქვეყანას ეს დიდი გამარჯვება და აღიარება - საქართველომ, 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოპოვებით მორიგ წარმატებას მიაღწია და საბოლოო ჯამში, ჩვენ ვნახავთ უფრო მეტად გაძლიერებულ ტურიზმის ინდუსტრიას, ასევე ავიაციის ინდუსტრიას და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებულ ეკონომიკას“ - განაცხადა ქვრივიშვილმა.

ბულგარეთში გამართულ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 68-ე სხდომაში ქართული მხრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული მონაწილეობდნენ. კომისიის წევრები ევროპის 38 ქვეყნის ტურიზმის მინისტრები და ტურიზმის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები არიან, რომლებმაც საქართველოს დელეგაციის ინიციატივას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.