მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბ პოლოლიკაშვილი: გვაქვს დიდი შესაძლებლობა, რომ საქართველოში ტურიზმი მალე აღდგეს

60166d4f5f156
თელარა გელანტია
31.01.21 12:49
1657
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის განცხადებით, გვაქვს დიდი შესაძლებლობა, რომ საქართველოში ტურიზმი მალე აღდგეს. 

ამის შესახებ ზურაბ პოლოლიკაშვილმა, რომელიც UNWTO-ს გენერალურ მდივნად მეორე ვადით აირჩიეს, „Forbes კვირაში“ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ვცხოვრობთ საკმაოდ რთულ, უცნაურ ვითარებაში, ვფიქრობ ძალიან დიდი შესაძლებლობები გვაქვს, რომ საქართველოში ძალიან მალე აღდგეს ტურიზმი, რადგან ქვეყნის ეკონომიკაში ამ დარგის წილი საკმაოდ დიდია და ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ამოცანა ჩვენს ორგანიზაციასა და საქართველოს მთავრობას შორის, რათა აღდგენის პროცესი დავაჩქაროთ“, - აღნიშნა პოლოლიკაშვილმა.

„Forbes კვირასთან“ ინტერვიუში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მსოფლიოს მასშტაბით ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და თქვა, რომ „ტურიზმის ინდუსტრიაში ძალიან დიდი ქაოსია“.

ცნობისთვის: მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მონაცემებით, 2020 წელს გლობალურმა ტურიზმმა 1.3 ტრილიონი დოლარი დაკარგა და რისკის ქვეშ, დაახლოებით, 100-120 მილიონი სამუშაო ადგილი დააყენა. „2020 წელს დაკარგული შემოსავალი 11-ჯერ აღემატებოდა 2009 წელს გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს დაფიქსირებულ ზარალს. 2020 წელს საერთაშორისო ტურისტების მოგზაურობის რიცხვი 1 მილიარდით ანუ 74%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გაკეთდა უსაფრთხო საერთაშორისო მოგზაურობის უზრუნველყოფისთვის, ჩვენ ვიცით, რომ კრიზისი დასრულებისგან ჯერ შორსაა“, - ნათქვამია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.