მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბ პოლოლიკაშვილი: ტურიზმის ინდუსტრიაში ძალიან დიდი ქაოსია

601664d77f1e8
თელარა გელანტია
31.01.21 12:04
1312
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის განცხადებით, ტურიზმის ინდუსტრიაში ძალიან დიდი ქაოსია. ამის შესახებ ზურაბ პოლოლიკაშვილმა, რომელიც UNWTO-ს გენერალურ მდივნად მეორე ვადით აირჩიეს, „Forbes კვირაში“ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა.

„რეალისტები რომ ვიყოთ, ტურიზმის ინდუსტრიაში ძალიან დიდი ქაოსია. ბევრ ქვეყანას აქვს თავისი კერძო შეზღუდვები, ბევრი საუბრობს კორიდორებზე, მაგრამ ეს არარეალურია, რადგან ჩვენს ირგვლივ ვითარება ყოველდღიურად და ყოველკვირეულად იცვლება; სულ სხვა პროგნოზი გვქონდა 2020 წლისთვის და სულ სხვა შედეგი მივიღეთ. მე მაინც ვფიქრობ, რომ ვაქცინაციის პროცესი ტურისტების ზრდას საკმაოდ დააჩქარებს და შარშანდელ კატასტროფულ შედეგებთან შედარებით, 2021 წლის ზაფხული გაცილებით უკეთესი უნდა იყოს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, ქვეყნებს შორის კოორდინაცია და საერთო წესების დაწესება, რაც არ არის ადვილი; აქ არის ძალიან ბევრი დიდი მოთამაშე, რომელმაც ლიდერობა უნდა აიღოს; ისინი უნდა შეთანხმდნენ გარკვეულ წესებზე, თუ როგორ იმოგზაურებს ადამიანი ხვალ. სწორედ ამაში ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის და აქტიურად ვმუშაობთ WHO-სთან, აუცილებელია ICAO-ს მხარდაჭერა. ჯამში, ვფიქრობ, UNWTO-ს კრიზისის კომტეტის მუშაობა გამოიღებს კონკრეტულ შედეგებს და შევძლებთ, ზაფხული პოზიტიურ რიცხვებში დავინახოთ - ოპტიმისტური განწყობა მივცეთ როგორც მოგზაურებს, ისე იმ ადამიანებს, ვინც ტურიზმის ინდუსტრიაშია დასაქმებული“, - განაცხადა ზურაბ პოლოლკაშვილმა.

„Forbes კვირას“ ინტერვიუში UNWTO-ს გენეალური მდივანი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს იმ პროტოკოლის ჩამოყალიბების საჭიროებას, რომლითაც ადამიანები იმოგზაურებენ, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მოგზაურობისთვის იძულებითი ვაქცინაციის წინააღმდეგია.

„მნიშვნელოვანია, ჩამოვაყალიბოთ გარკვეული პროტოკოლი, თუ რაში დაეხმარება ვაქცინაციის პროცესი ადამიანებს მოგზაურობისას, თუმცა ეს ძალიან რთული იქნება და ერთ დღეში ვერ დავაწესებთ. ის ადამიანი, რომელიც აიცრა გუშინ, მას არანაირი პრიორიტეტი არ გააჩნია, რომ ხვალ თავისუფლად იმოგზაუროს. რატომ? ვინაიდან არ არსებობს არანაირი ჩამოყალიბებული სტანდარტი თუ რა უპირატესობას აძლევს მას ვაქცინაცია და მე აუცილებლად, ყოველთვის წინააღმდეგი ვიქნები, რომ ეს იყოს იძულებით ვაქცინაცია მოგზაურობისთვის, მაგრამ ვაქცინაციის პროცესი გვაძლევს იმის ოპტიმიზმს, რომ ტურიზმი აუცილებლად აღდგება“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და დასძინა, რომ აუცილებლად გასაწერია კონკრეტული პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ვაქცინცირებული თუ კოვიდ-მოხდილი ადამიანები მოგზაურობას შეძლებენ.

ცნობისთვის:მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მონაცემებით, 2020 წელს გლობალურმა ტურიზმმა 1.3 ტრილიონი დოლარი დაკარგა და რისკის ქვეშ, დაახლოებით, 100-120 მილიონი სამუშაო ადგილი დააყენა. „2020 წელს დაკარგული შემოსავალი 11-ჯერ აღემატებოდა 2009 წელს გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს დაფიქსირებულ ზარალს. 2020 წელს საერთაშორისო ტურისტების მოგზაურობის რიცხვი 1 მილიარდით ანუ 74%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გაკეთდა უსაფრთხო საერთაშორისო მოგზაურობის უზრუნველყოფისთვის, ჩვენ ვიცით, რომ კრიზისი დასრულებისგან ჯერ შორსაა“, - ნათქვამია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.