16.სექტემბერი .2020 10:51

ზურაბ პოლოლიკაშვილი: უნდა უზრუნველვყოთ, რომ ტურიზმის აღდგენა სწორად იმართოს

views 245
უკან

„უნდა ურზუნველვყოთ, რომ ტურიზმის აღდგენა იყოს სწორად მართული“, - ამის შესახებ გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშილმა UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გახსნისას განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიამ ყველაზე დიდი ზარალი ტურიზმის სექტორს მიაყენა.

„(2019 წლის) დეკემბერში ვინმეს რომ ეთქვა, რომ მსოფლიო ჩაიკეტებოდა, ამას არ დავიჯერებდი. დღეს პანდემიური მდგომარეობა არ არის მარტივი. ჩვენ იზოლირებული ვართ მარტიდან და ტურიზმი არის ერთ-ერთი სექტორი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. აღმასრულებელი საბჭოს ჩატარება ივნისშიც საფრთხის ქვეშ იყო. დღევანდელმა საბჭომ დაამტკიცა, რომ ეს არის ისტორიული ღონისძიება, რადგან ეს არის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც პანდემია გამოცხადდა. ერთად ძლიერები ვართ და ჩვენ უნდა ურზუნველვყოთ, რომ ტურიზმის აღდგენა იყოს სწორად მართული, რაც უნიკალურ შესაძლებლობებს გვაძლევს.

ჩვენთვის შემოსავლების კლება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ცარიელი ქალაქების და დახურული მუზეუმების შედეგია. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი და ვიმუშაოთ ერთად. გაეროს და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ძლიერი ქმედებებით გვიჭერს მხარს. ეს იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად დიდ კრიზისს წავაწყდით ისტორიაში. რიცხვებზე არ ვისაუბრებ, ამაზე ჩვენი კოლეგები მოგიყვებიან“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს მთავრობას ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობამ გასწია ამ ღონისძიების მასპინძლობისთვის. მადლობა საქართველოს მთავრობას, ტურიზმის ადმინისტრაციას - ყველას, ვინც ეს მეგობრული ატმოსფერო შექმნა. ამ ღონისძიების თითოეულ მონაწილეს ვუსურვებ, შეიგრძნოს საქართველოს სული.

პანდემია გაივლის და საერთო ძალისხმევით ჩვენ ყველაფერს გავკეთებთ იმისთვის რომ მისი ნეგატიური გავლენა შევარბილოთ", - განაცხადა მან.

ცნობისთვის:საქართველო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერასმა, რომელიც ვიდეომიმართვით ჩაერთო საბჭოს სხდომის გახსნის ღონისძიებაში.

UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის დელეგატებს შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა