„როგორ საწვავსაც ჩაასხამ ავტომობილში, ზუსტად ასევე მუშაობს ძრავი“,- ამბობს ქართული ჯიშის ხორბლისგან დამზადებული პურის - „მზეთამზის“ - დამფუძნებელი ირაკლი ჩავლეშვილი ჩვენი საუბრის ბოლოს.
უმეტეს შემთხვევაში სტატიებს, რომლებიც კომპანიაზე ან კონკრეტულ პიროვნებაზე მოგვითხრობს, რესპონდენტთან საუბრის პირველი სიტყვებით იწყებენ, რამდენადაც სწორედ პირველი შთაბეჭდილებები უქმნის გარკვეულ ემოციას ჟურნალისტსაც და მკითხველსაც, რომელიც ტექსტს ბოლომდე მიჰყვება. სწორედ ამ ემოციის ქვეშ იწერება ყველა სტატია, რომელსაც, როგორც არ უნდა ვთქვათ, სუბიექტურობა ყოველთვის ახლავს. ამ შემთხვევაში მე პირიქით ვიქცევი, რადგან, ვფიქრობ, ჩემი რესპონდენტის მიერ საუბრის ბოლოს ნათქვამი ფრაზა კარგად გამოხატავს იმ მისიას, რომელიც „მზეთამზეს“ დაარსების დღიდან აქვს.
კომპანიის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ჯანმრთელი პროდუქტის წარმოებაა, რაც „მზეთამზის“ დამფუძნებლისთვის ქართული ჯიშის ხორბალთან ასოცირდება. ირაკლი ჩავლეშვილს სურს, ქართული ჯიშის ხორბალი ფართო მოხმარების პროდუქტი გახდეს და საქართველომ მსოფლიო ბაზარზე თავი დაიმკვიდროს, როგორც განსაკუთრებული სურსათის მწარმოებელმა ქვეყანამ.
დასახული მიზნების მიღწევისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. „მზეთამზემ“ ენდემური ჯიშის ხორბლისგან პურის წარმოება 2015 წელს დაიწყო. დამფუძნებელი ამბობს, რომ 2 წლის განმავლობაში უამრავი დაბრკოლება შეხვდა და ბიზნესის დაწყება პრაქტიკულად სუფთა ფურცლიდან მოუწია, როდესაც კომპანიაში მხოლოდ ის და 2 მცხობელი დარჩნენ.
ამჟამად „მზეთამზე“ 20-მდე ადამიანს ასაქმებს, ყოველდღიურად კი 1000 პურს აცხობს და სხვადასხვა სავაჭრო ქსელში ყიდის. ქართული ჯიშის ხორბლისგან გამომცხვარი პურის შეძენა მომხმარებელს „გუდვილში“, „ევროპროდუქტში“, „გემორჩეულში“, ასევე რამდენიმე რესტორანსა და სასტუმროში შეუძლია.
კომპანიის დამფუძნებელმა სფეროთი დაინტერესებიდან მალევე აღმოაჩინა, რომ მსოფლიოში ხორბლის რადიკალურად განსხვავებული 27 ჯიშია, მათში 14 ქართულია და ამ თოთხმეტიდან 6 ენდემური ჯიშია. სწორედ ამიტომ კომპანიის შემქმნელებისთვის პურის ცხობა ფილოსოფია გახდა.
„მზეთამზის“ დამფუძნებელი გვიყვება, რომ პროდუქტის წარმოებისას ნედლეულის წარმოების მცხობელის განწყობაც კი უდიდეს გავლენას ახდენს.
„ქართული ჯიშები შენარჩუნებულია, მაგრამ არის შენარჩუნებული როგორც ექსპონატი. ჩვენი მიზანია, გამოვიტანოთ ეს ყველაფერი ჩრდილიდან და გავხადოთ აქტუალური“,- აცხადებს ირაკლი ჩავლეშვილი.
მისი თქმით, ენდემური ჯიშების შენარჩუნება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის ხელოვნურად შექმნილი ჯიშებისგან განსხვავებით მდგრადია სხვადასხვა დაავადებისა და ბუნებრივი მოვლენების მიმართ.
„მალე დადგება საფრთხე, რომლის წინაშეც მაგალითად წელს თხილის შემთხვევაში იყო. თხილს, რომელიც სტრატეგიული კულტურაა ჩვენი ქვეყნისთვის, ერთი მწერის გამო სერიოზული პრობლემები შეექმნა და მისი 80% განადგურდა. ქართული ხორბალი კი ბუნებრივად ისეა ჩამოყალიბებული, რომ უძლებს მწერს, გვალვას, სეტყვას, ჭარბ ნალექს და ა.შ. დაბალმოსავლიანი ჰქვია, მაგრამ ასეა. სამაგიეროდ, არის უფრო გამძლე“,- აცხადებს ირაკლი ჩავლეშვილი.
კომპანიას ხორბლის საკუთარი ყანები არ გააჩნია და ხორბალს ადგილობრივი მწარმოებლებისგან იბარებს. ირაკლი ჩავლეშვილი ამბობს, რომ მათი საქმიანობის შედეგად უკვე არაერთი ფერმერი წახალისდა, რის შედეგადაც მათ ქართული ჯიშების მოშენება დაიწყეს.
ბაზარზე გამოჩენის პირველ წელს კომპანიამ 20 ტონა ხორბალი ჩაიბარა, მეორე წელს - 50, წელს კი განსაკუთრებული წინსვლა აქვთ და 1000 ტონის ჩაბარებას აპრებენ. „მზეთამზის“ პური ორთაჭალაში მდებარე ქარხანაში ცხვება, რომლის წარმადობა 10 ათასი პურია. ამ ეტაპზე კომპანია ქარხნის წარმადობის მხოლოდ 10%-ს იყენებს, თუმცა, სამომავლოდ 5 ათას პურზე ასვლასაც აპირებენ.
ქართული ჯიშის ხორბლისგან წარმოებული პურის გარდა კომპანიამ სპეციალური ნიშანი „გემოვანიც“ შექმნა, რომლის დატანაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ქართული გენეტიკის სურსათს აწარმოებს.
კიდევ ერთი ნაბიჯი ქართული ჯიშების პოპულარიზაციისთვის „მზეთამზის“ მიერ „თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ „ბიზნესდაჯილდოებაში“ მონაწილეობაა.
ირაკლი ჩავლეშვილი ამბობს, რომ ეს არის ტრიბუნა, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინონ ხმა. კომპანია რამდენიმე ნომინაციაშია წარდგენილი: წლის აგრო ბიზნესი, წლის ქართული პროდუქტი, წლის სტარტაპერი, წლის ინოვაციური ბიზნესი. “მზეთამზეს“ დამფუძნებელი ამბობს, რომ თემატურად და დარგობრივად კონკურენტი არ ჰყავთ, ამიტომ გამარჯვების შანსებიც დიდია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა