02.თებერვალი .2021 12:08

„სახელმწიფო რიგ საწარმოებს ავალდებულებს ჰქონდეს სათანადო ფილტრები და მონიტორინგის სისტემა...კომპრომისებზე, ამ ეტაპზე, საუბარი არაა“ - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი „ქალების ნარატივში“

132
უკან

 „სახელმწიფო რიგ საწარმოებს ავალდებულებს ჰქონდეს სათანადო ფილტრები და მონიტორინგის სისტემა...კომპრომისებზე, ამ ეტაპზე, საუბარი არაა“ - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი „ქალების ნარატივში“

 


-ორი მოსმენით უკვე მიღებულია კანონპროექტი გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპით, ფიზიკური ან იურიდიული პირი გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, ვალდებულია ზიანი თავადვე აანაზღაუროს. რამდენად დროულია პანდემიის პერიოდში ამ კანონპროექტზე მუშაობა?


-ჩვენმა სამინისტრომ ბიზნესთან ერთად ძალიან აქტიურად იმუშავა ამ მნიშვნელოვან კანონზე, რომელიც გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემას სრულიად ახლებურად არეგულირებს და ცვლის სახელმწიფოს დამოკიდებულებას ბიზნესისადმი, ისევე როგორც ბიზნესის დამოკიდებულებას გარემოს დაცვისადმი. 

დღეს არსებული კანონმდებლობა აგებულია მონეტარულ პასუხისმგებლობაზე. აქ საუბარია მსხვილმასშტაბიან საწარმოებზე, რომლებიც დაკავშირებულია, მეტალურგიასთან, ქიმიურ მრეწველობასთან, სამშენებლო მასალების წარმოებასთან. მათი მხრიდან გარემოს დაზიანების, დაბინძურების შემთხვევაში სახელმწიფო შემოფარგლება საჯარიმო სანქციებით და არსებული კანონმდებლობის მიხედვით, საწარმოს ძალიან მაღალი ზიანის თანხები უწესდება გადასახდელად. ეს თანხა შეიძლება იყოს ათეულობით მილიონი, რაც გულისხმობს იმას, რომ გარკვეული საწარმო შეიძლება გაკოტრდეს და ვერ დაფაროს სახელმწიფოს წინაშე არსებული მაღალი მონეტარული ვალდებულებები. ცხადია, სამინისტროში დაისვა საკითხი, რომ ეს სისტემა არის შესაცვლელი და ის უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს. იმისთვის, რომ ბიზნესი ორიენტირებული იყოს გარემოს მდგომარეობის გამოსწორებაზე, დაზიანებული გარემოს აღდგენაზე და არა მხოლოდ სახელმწიფოს ბიუჯეტში თანხების გადახდაზე  ან თუნდაც, ჯარიმების დაფარვაზე. 

სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ შევიმუშავეთ კანონმდებლობა რომელიც თავსებადია ევროპულ მოთხოვნებთან და გულისხმობს იმას, რომ თუკი საქმიანობის შედეგად საწარმო გარემოს დააბინძურებს, ვალდებული იქნება მის მიერ დაზიანებული გარემო აღადგინოს, ამისთვის გაატაროს კონკრეტული ღონისძიებები და გაიღოს თანხები. 

 

-ამ შემთხვევაში თვითმონიტორინგი უნდა დაწესდეს და სპეციალური დანადგარების სისტემა უნდა აიწყოს...  

-ეს საკითხი ძალიან აქტიურად განვიხილეთ ბიზნესთან და მათი მხრიდან გამოითქვა აბსოლუტური მზაობა და მიმღებლობა ამ ახალი რეგულაციებისადმი. მეორეს მხრივ, კი ჩვენ ვსაუბრობთ სამრეწველო სექტორიდან ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევებზე და მის რეგულირებაზე. საწარმოო საქმიანობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევასთან, რაც შეიძლება ხშირად იყოს გადაჭარბებული რაოდენობით. საწარმოს და სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გარკვეული კონტროლის სისტემა, იმისთვის რომ გარემო არ დაბინძურდეს ამა თუ იმ საწარმოდან და ამან მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფითად არ იმოქმედოს. ამიტომ, სახელმწიფო უყენებს ბიზნესს ვალდებულებას, რომ მას ჰქონდეს, პირველ რიგში, სათანადო ფილტრები, იმისთვის რომ შეამციროს თავისი საწარმოდან მავნე ნივთიერებების გაფრქვევა. მეორე მხრივ, ფილტრებთან ერთად, უნდა ჰქონდეს მონიტორინგის სისტემა, რათა დააკვირდეს, რამდენად ასრულებს მოთხოვნებს, რამდენად თანხვედრაშია საწარმოს ტექნიკური გამართულობა კონკრეტულ სტანდარტთან - ხომ არ აფრქვევს კანონმდებლობით დაშვებულზე მეტ მავნე ნივთიერებას.


 

-ეს რა ხარჯებთანაა დაკავშირებული?   

-გააჩნია საწარმოს წარმადობასა და საქმიანობას. ჩვენი ინფორმაციით, საუბარი შეიძლება იყო 10-15 ათასი ევროს ოდენობაზე, იმისთვის, რომ საწარმოს ჰქონდეს თვითმონიტორინგის სისტემა. დღეს ეს ვალდებულება შეეხება დაახლოებით 85-მდე საწარმოს. ეს მოიცავს კონკრეტულ სექტორებს, როგორებიცაა: სამშენებლო მასალების წარმოება, მძიმე მეტალურგია, ქიმიური მრეწველობა, ანუ ისეთი მსხვილი მიმართულებები, რომლთა საქმიანობაზეც ვთანხმდებით, რომ გარემოზე ზემოქმედებას იწვევს.

ჩვენ ამ სექტორებთან საკითხების განხილვა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ, მათ შორის ბიზნესასოციაციის ფორმატშიც გვქონდა არაერთი დისკუსია, გავითვალისწინეთ სექტორიდან წამოსული არაერთი მოსაზრება. შემოდგომაზე, როდესაც ეს საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში შევიტანეთ, ბიზნესისგან იყო რეგულაციების შესრულების მზაობა. უბრალოდ გარკვეული პროცედურების გავლა დასჭირდა პარლამენტში ამ კანონპროექტს, რომ საბოლოოდ, მესამე მოსმენით იყოს მიღებული. 

რამდენიმე კვირის წინ ბიზნესთან გვქონდა შეხვედრა, სადაც ეს  საკითხები კიდევ ერთხელ განვიხილეთ. გამოითქვა გარკვეული წუხილი, რომ შეიძლება ვერ მოესწროს მათი მხრიდან ვალდებულებების შესრულება. მე ვფიქრობ, რომ შევძლებთ მოვძებნოთ კომპრომისული შესაძლებლობას რეგულაციები აღვასრულოთ. ვფიქრობ, რომ ბიზნესისგანაც იქნება ამისი მზაობა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ დიდი ხნით ადრე იცოდნენ ამის შესახებ. საზოგადოების მხრიდან ინტერესი ძალიან დიდია.   

მაგალითად, ქალაქ რუსთავში ძალიან მწვავედ დგას ჰაერის დაბინძურების პრობლემა და ეს ძირითადად სამრეწველო საწარმოებს უკავშირდება. აქ სახელმწიფომ და ბიზნესმა გუნდურად უნდა ვიმუშავოთ.

 

-ბიზნესმა იცის რა სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევს?  

-დიახ, იცის უკვე დიდი ხანია. ჩვენ ძალიან დეტალური პრეზენტაცია წარვადგინეთ, ასევე სხვა პრეზენტაციებისა და შეხვედრების შემდეგ. ეს შეხვედრები იყო ბიზნესასოციაციის ფორმატში, ბიზნესომბუდსმენის აპარატში, კონკრეტული სფეროს წარმომადგენლებთან. იანვრის თვეში ბიზნესს მიეწოდა იმ ნივთიერებათა ჩამონათვალი, რომელზე მონიტორინგიც მოუწევთ. მე ვფიქრობ, რომ ისევ ურთიერთანამშრომლობით მოვახერხებთ მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას. გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულება არის ბიზნესისთვის გარკვეული დამატებითი ვალდებულებაა და როდესაც ჩვენ მათი მხრიდან ვხედავთ მზაობას, იმას, რომ ისინი დასაწყისიდანვე არიან ჩართული ამ პროცესებში, ეს ჩვენ, სახელმწიფო უწყებებსაც გადაწყვეტილების მიღებას გვიმარტივებს.  

 

-როგორც ცნობილია, იქმნება სპეციალური  ფონდი, სადაც თანხების აკუმულირება მოხდება, რა ფონდია ეს რას მოხმარდება ეს ფული ?

 

-მტკიცდება ასეთი წესი, რომ შეიქმნება კონკრეტული ფონდი, სადაც გარემოსთვის ზიანის მიყენების ცალკეულ შემთხვევებში გადახდილი თანხები მიემართება. ეს კი მოხმარდება ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრას. ამ თანხების განკარგვის პროცესში სახელმწიფო უწყებებთან ერთად ჩართული იქნებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, იმისთვის რომ ეს იყოს გამჭირვალე და სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები, დავადგინოთ რომელ მუნიციპალიტეტშია მეტი საჭიროება და რას შეიძლება მოხმარდეს ამ ფონდში აკუმულირებული თანხები. ეს არის რეგიონში პირველი პრეცენდენტი, როდესაც ჩვენ ვქმნით ასეთ ფონდს. ევროპის ქვეყნებში მსგავსი ფონდები ძალიან დიდი ხანია ფუნქციონირებს და ბევრი ხელშესახები შედეგიც მოიტანა გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ჩვენს შემთხვევაშიც ასე იქნება და ეს ფონდი წარმატებული გახდება. 

 

-რა საჯარიმო სანქციები დაწესდება იმ პირებზე,  ვინც ვალდებულებებს არ შეასრულებს?

 

-ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის საჯარიმო სანქციები გახლავთ საკმაოდ მაღალი. ამ შემთხვევაშიც, ბიზნესთან მოლაპარაკებების საფუძველზე, გარკვეულწილად, საჯარიმო სისტემების რანჟირება მოვახდინეთ. ვთქვათ, დასაშვებზე 5-ჯერ მეტი იქნება გაფრქვეული მავნე ნივთიერების რაოდენობა, თუ 10-ჯერ, ეს სხვაობა საჯარიმო სანქციების ოდენობაზე აისახება. შევთანხმდით, რომ, კი, ყველა უნდა დაისაჯოს, ვინ არ იცავს სტანდარტებს, მაგრამ უნდა არსებობდეს გარკვეული რანჟირების სისტემა. 

საწარმო, რომელიც გარემოს ზიანს მიაყენებს და სახელმწიფო მას განუსაზღვრავს კონკრეტულ ღონისძიებებს ამის გამოსასწორებლად, თუ ის ამ ვალდებულებებს არ ასრულებს, სანქციები მაღალია, ვთქვათ, 20 000 ლარი. განმეორების შემთხვევაში გაორმაგდება, გასამმაგდება.

კომპრომისებზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის, რადგან ჩვენ ყველა ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ ეს იყოს პრევენციული. ბიზნესმა უნდა გაიზაროს, რომ რაც ნაკლები დარღვევა ექნება მას საწარმოო პროცესის შედეგად, სახელმწიფოს მხრიდან, ნაკლებად გატარდება კონტროლის ღონისძიება და ბიზნესი ნაკლებად იქნება ვალდებული მაღალი საჯარიმო სანქციები გადაიხადოს. ის მეტად ორიენტირებული იქნება რომ ესაბამებოდეს გარემოსდაცვით სტანდარტებს. 

ეს ეხება მსხვილ ინდუსტრიებს, რომელთა წილი და როლი ჩვენს ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ისინი უნდა ფუნქციონირებდნენ შეუფერხებლად, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს გარემოს ისეთი დაზიანების ხარჯზე, რაც, ამა თუ იმ რეგიონში, რთულ ეკოლოგიურ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. ამას ბიზნესიც აღიარებს, ეს არაერთ შეხვედრაზე გამოიხატა. 

 

-მიუხედავად პანდემიური მდგომარეობისა?

-დიახ, ჩვენ ძალიან ინტენსიური შეხვედრები გვქონდა. დღეს დღის წესრიგი შეცვლილია. უფრო მეტად ვსაუბრობთ იმაზე, რომ საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებს, მათ ვისაც სოციალურად უჭირთ, დავეხმაროთ, ჯანდაცვის საკითხები არის ძალიან აქტუალური. თემატურია ის, რომ ეკონომიკა უნდა გაიხსნას და მეტ ადამიანს მიეცეს დასაქმების საშუალება და ა.შ. თუმცა არ შეიძლება, რომ ვისაუბროთ სტანდარტების შესრულებაზე, თუ ამას არ ექნება სათანადო აღსრულების სისტემა. ასე როცა იყო, სამწუხაროდ, არ მუშაობდა. საჯარიმო სანქციები პროცესების თანმდევია.  

 

-გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანებაზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება, ამან რა შედეგი გამოიღო?

-ორი სამინისტროს გაერთიანების პროცესი, დასაწყისისთვის, არ გახლდათ მარტივი. რაც შეეხება შედეგს, აღსანიშნავია ახალი ტყის კოდექსი. ეს არ ნიშნავს მხოლოდ გარემოს დაცვის ფუნქციის შესრულებას სახელმწიფოსგან. გარდა იმისა, რომ ტყეების უკეთესად მართვა ნიშნავს ბიომრავალფეროვნების დაცვას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 40%-ის უკეთესად მართვას, ეს ასევე დაკავშირებულია სოფლის განვითარებასთანაც. ტყე არის ერთ-ერთი რესურსი, რომელსაც, წლების განმავლობაში, ჩვენი მოსახლეობა ძალიან აქტიურად მოიხმარდა, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე. სახელმწიფოს ახალი პოლიტიკა ორიენტირებულია იმაზე, რომ ტყე იყოს ეკოსისტემურად დაცული, უკეთესად მართული, მაგრამ მან სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას მისცეს დამატებითი საშუალება, რომ მიიღოს სარგებელი ტყის რესურსისგან, განვითარდეს ტყეში ალტერნატიული საწვავი საშუალებების წარმოების შესაძლებლობა, ტყე გამოყენებული იქნას რეკრეაციული მიზნებით დამატებითი ტურისტული მიმართულება, რომელსაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობა აქტიურად გამოიყენებს. 

გარდა მერქნისა, გვაქვს სხვა რესურსიც, რომლებიც ჩვენს ტყეებს მრავლად გააჩნია. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის საკითხები, დიდწილად, ურთიერთდაკავშირებულია. მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ ამინდის პროგნოზირების სისტემებზე, ეს მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის და უშუალოდ ფერმერებისთვის. 

შედეგობრივი თვალსაზრისით, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ დაცული ტერიტორიები. ეს დაკავშირებულია, ერთი მხრივ, ბუნების დაცვასთან და, მეორე მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი შესაძლებლობების გაჩენასთან. აღსანიშნავია, მარტვილის კანიონი, რომელმაც გასულ წელს ევროპის საბჭოს ჯილდო მოიპოვა, როგორც ერთ-ერთმა გამორჩეულმა დაცულმა ტერიტორიამ თავისი მმართველობის სტილით. ამ დაცული ტერიტორიების მართვაში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც. ისინი სერვისებს აწვდიან ტურისტებს და დაინტერესებულ პირებს. სახელმწიფოსა და მოსახლეობის ერთობლივი მართვის შედეგად, მივიღეთ უკეთესად დაცული ტერიტორია, სადაც ნაკლებია ბრაკონიერობა, უკანონო თევზჭერა.

 

-მსურს წყლის რესურსების ეფექტიან მართვაზეც ვისაუბროთ. დღეს რა შედეგი გვაქვს?

-წყლის რესურსების მართვის სისტემის რეფორმა არის ძალიან კომპლექსური და არ ეხება მხოლოდ მდინარეებში წყლის რესურსების სწორად მართვას და გამოყენებას, არამედ მდინარეების, ასევე შავი ზღვის, ჩვენი სანაპირო ზოლის ეკოლოგიური სტატუსის გაუმჯობესებას. ამაში იგულისხმება ის, რომ უფრო ნაკლებად უნდა იყოს დაბინძურებული ჩვენი მდინარეები.

ჩვენ დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და შედეგებიც გვაქვს. მომზადებულია კანონპროექტი წყლის რესურსების მართვის შესახებ, რომელმაც გაიარა არაერთი განხილვის პროცესი როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ასევე კერძო სექტორთან და ვფიქრობ, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში მის პარლამენტში განხილვას შევძლებთ.  

ასევე ჩვენ დავიწყეთ წყლის რესურსების რაოდენობრივი გამოკვლევა, ანუ მდინარეების აუზების შესწავლა და იქ თანამედროვე მონიტორინგის სისტემების განთავსება. ძალიან მნიშვნელოვანი საგრანტო პროექტი მიიღო სახელმწიფომ, კლიმატის ფონდიდან დაახლოებით, 30 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ მდინარეების აუზში თანამედროვე სისტემები განვათავსოთ და წყლის რესურსებზე მუდმივი დაკვირვება უზრუნველვყოთ - ამით განვაახლოთ ინფორმაცია რაოდენობრივი მაჩვენებლების შესახებ და ასევე, ბუნებრივი საფრთხეების რისკები წინასწარ შევაფასოთ. ამასთან ერთად, ვიცოდეთ, როგორი არის კლიმატის ცვლილების გავლენა წყლის რესურსებზე. 

ასევე, ჩვენ შევქმენით რეგიონში პირველი ლაბორატორია, სადაც წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების კვლევა არის შესაძლებელი. სუფთა წყალი აუცილებელია ადამიანის არსებობისთვის. აქამდე არ გვქონდა საშუალება, რომ თანამედროვე მეთოდებით შეგვეფასებინა წყლის რესურსების ხარისხობრივი მდგომარეობა, ისე, როგორც ეს ევროკავშირის ქვეყნებში ხდება. ეს ლაბორატორია ევროკავშირის მხარდაჭერით გავხსენით. დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ბევრ ადგილას ვიკვლევთ წყლის ხარისხს და საზოგადოებას ამაზე ინფორმაციას ვაწვდით. 

ეს არის პირველი ნაბიჯები იმისთვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს და წყლის რესურსების მდგრადი მართვა ქვეყანაში ეტაპობრივად დაამკვიდროს, რაც საშუალებას მოგვცემს სამომავლოდ ავირიდოთ კონფლიქტები წყლით მოსარგებლეებს შორის და წყლის რესურსები სექტორების მიხედვით რაციონალურად გავანაწილოთ.     

 

-გიყვართ მოგზაურობა, 2021 წლისთვის რას გეგმავთ ამ მიმართულებით?

-იმედი მაქვს, რომ წელს საშუალება გვექნება საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრები ონლაინიდან პირად ფორმატში გადავიტანოთ. მაგრამ, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნება არანაკლებ მდიდარია.   

 

-ამდენი წლის ფონზე, ყველაზე მეტად რომელი პროექტი გეამაყებათ?

-სწორედ, პასუხისმგებლობის ახალი სისტემის შემოღება ჩვენი ქვეყნისთვის. ღრმად მწამს, რომ ეს პროექტი რამდენიმე წელში ძალიან კონკრეტულ შედეგებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. ჩვენი სამინისტროს სპეციალისტებთან ერთად ამ მიმართულებაზე დაახლოებით 2 წელიწად-ნახევარი აქტიურად ვმუშაობდით. ჩემთვის საამაყოა, რომ ვარ იმ რეფორმის თანაავტორი, რომელიც მჯერა, რომ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს და ეს აისახება თითოეულ მოქალაქეზე. სწორედ ეს არის ის მექანიზმი, რომელიც სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, რომ მოქალაქეებს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება ჰქონდეთ გარანტირებული.

 
სტუმარი: ნინო თანდილაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; მინისტრის მოადგილე

SHOW LESS