10.სექტემბერი .2021 15:08

ანალიტიკა - 10.09.2021_13:40 - გადაცემა სრულად

202
უკან

ანალიტიკა - 10.09.2021_13:40 - გადაცემა სრულად

2 მილიარდ 300 მილიონი დოლარის 22 ხელშეკრულებიდან, რომელიც მთავრობამ პანდემიის პირობებში დონორებთან გააფორმა - იცით, რამდენზე თქვა უარი იმ მოტივით, რომ დამატებითი ვალი აღარ სჭირდება? მხოლოდ ერთზე, მხოლოდ - ევროკავშირის წინაპირობიან სესხზე.

შეგახსენებთ, რომ ამ ფინანსური დახმარების მიღება საქართველოს მიერ სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე იყო მიბმული. ევროკავშირმა მთავრობა წინასწარ გააფრთხილა, რომ თუ სასამართლო რეფორმა ე.წ. მიშელის დოკუმენტის დათქმების მიხედვით არ წარიმართებოდა, მაშინ საქართველოს დახმარება შეუწყდებოდა.

გადმორიცხვის საბოლოო ვადამდე მთავრობამ ზუსტად 1 დღით დაასწრო ევროკავშირს და თავად განაცხადა, რომ საქართველოს ბიუჯეტს 75 მილიონი ევროს მოზიდვის აუცილებლობა აღარ უდგას.

მთავრობის მიერ დასახელებული ეკონომიკური მიზეზი, თითქოს დონორისგან დაფინანსების მიღებაზე უარის თქმა ვალის შემცირებას ისახავს მიზნად არადამაჯერებელია, განსაკუთრებით კი იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პანდემიურ პერიოდში, როგორც უკვე გითხარით, ქვეყანამ 8 დონორ ორგანიზაციასთან დაფინანსების მოსაზიდად ჯამში 2 მილიარდ დოლარზე მეტის მოცულობის 22 ხელშეკრულება გააფორმა. მათგან კი “უარი განაცხადა” იმ ერთადერთ ხელშეკრულებაზე, რომლის წინაპირობაც სასამართლო რეფორმის განხორციელება იყო.

აქვე - მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მმართველმა პარტიამ 28 ივლისს დატოვა 19 აპრილის “შარლ მიშელის” შეთანხმება, რომლის ძირითადი ნაწილიც სწორედ სასამართლო რეფორმას ეხებოდა. 24 აგვისტოს კი თავად შარლ მიშელმა საქართველოს მთავრობა გააფრთხილა, რომ მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გადმორიცხვის თარიღი ახლოვდებოდა, რისთვისაც საქართველოს რეფორმები უნდა დაეჩქარებინა.

ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების საპროცენტო განაკვეთი 2%+Euribor-ი იყო და ის ქვეყანას 15 წლის ვადაში უნდა დაეფარა.

 რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან საქართველოს მიმართ დონორების ნდობაზე - ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნისთვის, რომელიც პანდემიის დასაწყისში სწორედ იმით ამაყობდა, რომ მისთვის საკმაოდ რთულ დროს, ამ ნდობის ფონზე, ძალიან სწრაფად შეძლო დონორებისგან საჭირო ფინანსების მობილიზება.

სტუმარი: ნინო ევგენიძე - Economic Policy Research Center-ის აღმასრულებელი დირექტორი