25.ნოემბერი .2022 12:13

#ანალიტიკა: ქართული ღვინო – ვაჭრობა და პოლიტიკა

უკან

2022 წლის 10 თვეში ღვინის ექსპორტი 6.2%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ჯამში თითქმის 201 მლნ აშშ დოლარის ღვინოა ექსპორტირებული. 

განსაკუთრებით გაზრდილია ღვინის ექსპორტი რუსეთში. სტატისტიკით 10 თვეში რუსეთში ექსპორტირებულია 129 მლნ დოლარის ღვინო, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდში 106 მლნ დოლარი იყო. ზრდა 21.6%-ს შეადგენს. ასევე, თითქმის 65%-მდეა გაზრდილი რუსეთის წილი ქართული ღვინის მთლიან ექსპორტში. ღვინის ექსპორტში რუსეთის შემდეგ პოლონეთი მოდის, რომელმაც უკრაინა ჩაანაცვლა. გასულ წლებში სწორედ უკრაინა იყო საქართველოში წარმოებული ღვინისთვის მეორე ბაზარი. საქსტატის თანახმად, პოლონეთში 12.3 მლნ დოლარის ღირებულების ღვინოა ექსპორტირებული. მესამე ადგილს 10.5 მლნ დოლარით ჩინეთი იკავებს.

„მეღვინეობის დარგში ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება ბაზრების დივერსიფიკაცია. ქართული ღვინის ექსპორტი კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე, თუმცა, სხვა ქვეყნებში ექსპორტის ზრდის ხარჯზე წლიდან წლამდე მცირდება რუსეთის წილი საერთო ექსპორტში“, - ეს წერია სტრატეგიულ დოკუმენტში ხედვა 2030. დოკუმენტის მიხედვით, გაგრძელდება მუშაობა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლო გაფორმებასთან დაკავშირებით; მიმდინარეობს კონსულტაციები მოლდოვასთან საქართველო-მოლდოვას ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის ოქმის პროექტზე, რომელიც მოიცავს დებულებას მხარეთა მიერ ევროკავშირთან ვაჭრობისას კუმულაციური მეთოდის გამოყენებას; გაგრძელდება ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციისა და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების ხელშეწყობის პროცესი. სტრატეგიას თან ახლავს სამიზნე მაჩვენებლები. მაგალითად, თუ 2021 წელს 962 ექსპორტიორი კომპანია გვყავდა ევროკავშირის ბაზარზე, მთავრობა ელის, რომ ეს რიცხვი 30%-ით გაიზრდება 2030 წლისთვის. ამის მიღწევას კი, სავარაუდოდ, ელის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული ბენეფიციარების ზრდით, რომელმაც 2030 წლისთვის უნდა მიაღწიოს 2000-ს.

რა პოლიტიკა აქვს საქართველოს ღვინოსთან მიმართებით?

სტუმარი: ლევან მეხუზლა- "ღვინის ეროვნული სააგენტოს" თავმჯდომარე;