მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩვენს კლიენტებს კატეგორიულად არ ვურჩევთ ქართულ სასამართლოში წასვლას“ - მაია მწარიაშვილი

BM.GE
26.04.21 18:44
772

 “ჩვენს კლიენტებს კატეგორიულად არ ვურჩევთ ქართულ სასამართლოში წასვლას“ - BLB-ის პარტნიორი,  თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი

 

-სასამართლო სისტემის გამართულობის საკითხი გამოწვევად რჩება, როგორია ამაზე თქვენი დამოკიდებულება?

-სამწუხაროდ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სასამართლო სისტემის გაუმართავობა კვლავ რჩება გამოწვევად. მე ვიყავი სააპელაციო სასამართლოს, სისხლის სამართლის სააპელაციო პალატის თავმჯდომარე, ასევე ქალაქ თბილისის პროკურორი, ახლა კი ერთ-ერთი იურიდიული კომპანიის პარტნიორი, შიგნიდანაც ვიცი სისტემა და მხარის პოზიციიდანაც. ჩემი დაკვირვებით, სასამართლოსთან დაკავშირებით მოლოდინი წლებთან ერთად უარესდება - ჩვენი სასამართლო სისტემა გაუმჯობესების ტენდენციას არ აჩვენებს. სამართლის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, მაგალითად, 2015 წელს რომ შევადაროთ, ფიქსირდება გაუარესება როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო სამართლის მართლმსაჯულების კუთხით.  

 

-რა არის ამის მთავარი მიზეზი?

-კონკრეტულად სამოქალაქო სამართლის თვალსაზრისით რომ ვისაუბროთ, პრობლემები, რასაც უცხოელებიც უთითებენ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არის ის, რომ ქართული მართლმსაჯულება განჭვრეტადი არაა, ძალიან დაბალია მოსამართლეების კვალიფიკაცია, განსაკუთრებით, სამეწარმეო და ბიზნესდავებში.  აღვნიშნავ, რომ ბოლო წლებში კვალიფიკაციის საკითხის უკან, შეგვიძლია კორუფციული გარიგებებიც ვივარაუდოთ. გასათვალისწინებელია, პროკურორების, მოსამართლეების თუ კანდიდატების თვალსაზრისით,  გაუგებარი, ხშირად, არარსებული სასწავლებლების საკითხით, რაც მიჩენს საფუძვლიან ეჭვს რომ მათი დიპლომებიც ყალბია. კერძო სექტორში მომუშავე იურისტების კვალიფიკაცია გაცილებით მაღალია. 

პრობლემების თვალსაზრისით, აღსანიშნავია საქმეთა განაწილების ამბავი მოსამართლეების კუთხით, ეს იძლევა საქმეებით მანიპულაციის საშუალებას. ამის უკან სხვადასხვა ინტერესები უნდა ვივარაუდოთ. 

 

-შეიძლება ითქვას, რომ ქართული სასამართლო ინვესტიციებს აფერხებს?

-ჩვენი იურიდიული კომპანია ძირითადად ვმუშაობთ უცხოელ ინვესტორებთან და ჩვენ კლიენტებს კატეგორიულად არ ვურჩევთ ქართულ სასამართლოში წასვლას. მეორე მხრივ, ეს ქართველ ბიზნესმენს ურთულებს ცხოვრებას. თუმცა ჩვენ უცხოელ ინვესტორს სხვა დაცვას ვერ ვთავაზობთ. ნიშანდობლივია ისიც, რომ როცა უცხოელი ინვესტორი საქმეს იჭერს სახელმწიფოსთან და მათი მოთხოვნაა დავის განხილვის ადგილი იყოს უცხოური ფორუმი ან არბიტრაჟი, სახელმწიფო ამას კატეგორიულად არ თანხმდება ხოლმე, ეს უცხოელ ინვესტორებში იწვევს ეჭვს სანდოობის თვალსაზრისით. ქართულ სასამართლოში არაერთი პარადოქსი ხდება, ეს უცხოელ ინვესტორს არ ესმის.  

 

-რომ არა ეს , სად ვიქნებოდით ეკონომიკურად?

-ალბათ, გაცილებით წინ. საერთაშორისო რეიტინგების, ინდექსებისა და კვლევების საკითხს თუ შევეხებით, სხვა პარამეტრებში უკეთესი მონაცემი აქვს საქართველოს, მართლმსაჯულებაში ყველაზე ცუდი და ეს საერთო მაჩვენებელს დაბლა წევს. 

 

-საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელმა სანდრო ჭუმბურიძემ აღნიშნა - „ნუთუ არ შეიძლება 390 – 400 მოსამართლე ამ ეტაპზე გადავამზადოთ და სასამართლო გავათავისუფლოთ ყველანაირი წნეხისგან?!“ ეს იქნებოდა გამოსავალი?

 -მოსამართლეს უფრო ფუნდამენტური განათლება სჭირდება, 2-3 თვიანი გადამზადების კურსებით მოსამართლეს ვერ ჩამოაყალიბებ.  

 

-ამ ეტაპზე, რომელიმე პროექტს თუ გამოყოფდით?

-ყურადღებას გავამახვილებ საავიაციო ქარხნის საქმეზე. ეს არის იმ ხელისუფლების დროინდელი, როდესაც სახელმწიფომ რეიდერულად წაართვა ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესი, საავიაციო ქარხანას ვგულისხმობ, რომელშიც 76 მილიონი დოლარი გადაიხადეს აქციონერებმა და სახელმწიფომ 1 ღამეში გადაიფორმა ყველა წილი. მოპასუხე არის ეკონომიკის სამინისტრო, რომელსაც არ სრცხვენია პროცესზე თქვას, რომ შესაძლებელია 21-ე საუკუნეში, ცივილიზებულ სამყაროში, 22-მა აქციონერმა ერთ ღამეში „ნახოს სიზმარი“, განიმსჭვალოს მადლიერებით და აჩუქოს სახელმწიფოს 76 მილიონ დოლარად ნაყიდი ქონება. სასამართლოც ამბობს, რომ არ იცის რატომ აჩუქეს, მაგრამ შესაძლებელია, სეთი მადლიერებით განიმსჭვალო. საქმე კვლავ განიხილება, თუმცა ყველა ვადა დარღვეულია. 7 წელიწადში მხოლოდ 2 ინსტანცია გავიარეთ.

 


 

სტუმარი: მაია მწარიაშვილი - BLB-ის პარტნიორი, თბილისის ყოფილი პროკურორი