04.მაისი .2021 12:06

დაცული ტექნოლოგიები და ლიცენზირებული პროგრამები - ხათუნა ბურკაძე ქალების ნარატივში

137
უკან

დაცული ტექნოლოგიები და ლიცენზირებული პროგრამები - "ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორი, საერთაშორისო სამართლის დოქტორი; პროფესორი, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებული, ჰარვარდის მოლაპარაკებების პროგრამის მონაწილე ხათუნა ბურკაძე „ქალების ნარატივში“

 

-რა ძირითადი ფუნქცია აქვს „ჯეოქეისს“?

-ეს არის ანალიტიკური ორგანიზაცია, რომლის მიზანია ჩაატაროს კვლევები, რომლითაც დაეხმარება ქვეყანას მნიშვნელოვანი მიმართულებებით. მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, შევიმუშავეთ რეკომენდაციების პაკეტი ჯანდაცვის, ეკონომიკური უსაფრთხოების, განათლების, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებებით. რეკომენდაციები შევთავაზეთ როგორც საქართველოს პარლამენტს, ასევე, მთავრობას, იმისთვის, რომ დავძლიოთ ის გამოწვევები, რაც პანდემიამ მოიტანა. ასევე, გვაქვს ჩვენი ხედვა პოსტპანდემიური პერიოდის თვალსაზრისითაც, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს სფეროები. 

 

-კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით, რამდენად საკმარისია ის ღონისძიებები, რაც უკვე გატარდა ჩვენ ქვეყანაში?

-კიბერუსაფრთხოების თანმდევი გამოწვევები ყოველდღიური რეჟიმით ვითარდება, ეს კი ჩვენგან სისტემატურ მიდგომას და თანმიმდევრობას მოითხოვს. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადავდგათ კიბერუსაფრთხოებისთვის, ამ შემთხვევაში, გამოვყოფდი ჩვენი პარტნიორების დახმარების ფაქტორს. ჰიბრიდულ გამოწვევებთან ბრძოლისთვის გვჭირდება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინირებული მოქმედებები. ვფიქრობ, საჭიროა პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია ჰიბრიდულ გამოწვევებთან ბრძოლის თვალსაზრისით,  რათა მთავრობას განუსაზღვროს პრიორიტეტული მიმართულებები, რომლის საფუძველზეც ახლებურ სტრატეგიას შევიმუშავებთ. იმისთვის, რომ გვქონდეს დაცული კიბერსივრცე, თითოეულმა ინდივიდმა უნდა იცოდეს როგორ დაიცვას თავისი მონაცემები.  ჩემი აზრით, საჭიროა ფიქრი ერთიანი პლატფორმის შექმნაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას.

 

-აუდიტის დასკვნიდან იკვეთება, რომ საჯარო უწყებათა უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს. სად არის მთავარი პრობლემა?

-გარდა ტრენინგებისა და სავარჯიშოებისა, ვფიქრობ, საჭიროა უნივერსიტეტებში ხელი შევუწყოთ პროგრამების განვითარებას, რათა ხვალ გვყავდეს კიბერუსაფრთხოების სფეროში ისეთი სპეციალისტები, რომლებიც დააკმაყოფილებენ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს. დღეს განათლების სისტემაში ჩართულ პირებს სჭირდებათ ამ უნარების განვითარება; გამოვდივარ ინიციატივით, შეიქმნას საქართველო-ესტონეთის ორმხრივი პლატფორმა. ჩვენთვის ესტონეთი არის მაგალითი იმისა, როგორ შეუძლია მცირე სახელწიფოს დიდი მოთამაშეებისთვის გახდეს საუკეთესო კიბერუსფრთხოების თვალსაზრისით.  

 

-ქართული ბანკების კლიენტების წინააღმდეგ შეტევების რამდენიმე ტალღა მოეწყო. ფიშინგის შეტევები, რომლებიც სოციალური ქსელებით ვრცელდება, მომხმარებლებს პარავენ საბანკო ბარათის მონაცემებს, ინტერნეტ ბანკინგში შესასვლელ პაროლებს.ამ გადმოსახედიდან,რა იწვევს ამ ყველაფერს?

-აქ უნარებთან ერთად მნიშვნელოვანია დაცული ტექნოლოგიების გამოყენება. აღსანიშნავია, ლიცენზირებული პროგრამების გამოყენების საკითხიც.

  

-მეტი ინვესტიციები რამდენად გვჭირდება კიბერუსაფრთხოების კვლევასა და შესაძლებლობების გაძლიერებაში?

-ინვესტიციები გვჭირდება, პარტნიორებიც გვეხმარებიან. გამოვდივარ ინიციატივით, რომ შეიქმნას ქართულ-ამერიკული ცენტრი, რომელიც ჰიბრიდულ გამოწვევებზე იქნება ორიენტირებული. აღვნიშნავ, რომ ჩვენი დღევანდელი მთავარი გამოწვევა არის ოკუპაცია, გვიწებს ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისთვის. ვფიქრობ, ამის მიღწევა შესაძლებელია დიპლომატიური, საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების მაქსიმალური ჩართულობით.







სტუმარი: ხათუნა ბურკაძე "ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორი, საერთაშორისო სამართლის დოქტორი; პროფესორი, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებული, ჰარვარდის მოლაპარაკებების პროგრამის მონაწილე.