25.იანვარი .2017 17:29

დავით საგანელიძე "ბიზნესკონტრაქტის" მიერ გაგზავნილ ოფიციალურ წერილს ტონს უწუნებს

6499
უკან

დავით საგანელიძე "ბიზნესკონტრაქტის" მიერ გაგზავნილ ოფიციალურ წერილს ტონს უწუნებს.

"ბიზნესკონტრაქტს" საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელთან დავით საგანელიძესთან შეკითხვები ჰქონდა, მათ შორის "ჰუმანითი ჯორჯიას" ქარხნის პროექტთან დაკავშირებით. ასევე, რაჭის განვითარების გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც კომპანია BDO-მ მოამზადა. ასევე, გვქონდა შეკითხვები საპარტნიორო ფონდის სხვა პროექტებთან დაკავშირებით, თუმცა, დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ ამ შეკითხვებზე პასუხს მხოლოდ ღია ეთერში გასცემს. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დაიწუნა „ბიზნესკონტრაქტის“ მიერ ფონდში გაგზავნილი წერილი, რომლითაც ჩვენ საჯარო ინფორმაციას ვითხოვდით მის მიერ ჩინეთში განხორციელებულ ვიზიტებზე, ამ ვიზიტებში დახარჯულ თანხებსა და შეხვედრების შედეგებზე. ასევე, წერილში მოთხოვნილი იყო კვლევა, რომელიც ფონდმა გერმანიის განვითარების ბანკს დაუკვეთა და რომლითაც უნდა დადგენილიყო საპარტნიორო ფონდის საფინანსო ინსტიტუტად ფორმირების პერსპექტივები. დავით საგანელიძემ „ბიზნესკონტრაქტის“ წერილის ტონი დაიწუნა. შეგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდი საჯარო უწყებაა, რომელსაც აქვს ვალდებულება საჯარო ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს. გთავაზობთ წერილს, რომელიც "ბიზნესკონტრაქტმა" საპარტნიორო ფონდში გადააგზავნა:


საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს,
ბ-ნ დავით საგანელიძეს
TV „პირველის“ გადაცემა „ბიზნესკონტრაქტის“
ჟურნალისტ თელარა გელანტიას
მ ი მ ა რ თ ვ ა
ბატონო დავით,

მოგმართავთ თხოვნით, წერილობით გვიპასუხოთ საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებულ ჩვენთვის საინტერესო რამდენიმე თემაზე. ცხადია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

1. 2015 წლიდან ვიდრე დღემდე, საპარტნიორო ფონდმა არაერთი საქმიანი ვიზიტი გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მათ შორის გახსნილია საპარტნნიორო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობაც. გთხოვთ გვაცნობოთ, აგრეგირებული და ჩაშლილი მაჩვენებლები, კონკრეტულად რა დაუჯდა საპარტნიორო ფონდს ეს ვიზიტები და რა შედეგები მიიღო ქვეყანამ ამ ვიზიტებიდან (გამოგვიგზავნეთ ჩინური ინვესტიციებით უკვე მიმდინარე პროექტების დეტალური ჩამონათვალი და განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა, მსგავსის არსებობის შემთხვევაში);

2. როგორც ცნობილია, გერმანიის განვითარების ბანკმა (KFW) საპარტნიორო ფონდის საფინანსო ინსტიტუტად ფორმირებასთან დაკავშირებით კვლევა მოამზადა. გვაინტერესებს, აღნიშნული მომსახურებისთვის რა თანხა იქნა გადახდილი და ასევე, გთხოვთ, გამოგვიგზანოთ KFW-ს მიერ მომზადებული შესაბამისი კვლევა;
3. რა მიზეზით გადაიდო წამლების მწარმოებელი ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობა 2017 წელს და ამ დროისთვის, რა სტატუსი აქვს საქმიან ურთიერთობას საქართველოს საპარტნიორო ფონდსა და სს „ჰუმანითი ჯორჯიას“ შორის;

4. გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ საპარტნიორო ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებული მიმდინარე ყველა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია (პროექტის სრული აღწერილობა და ასევე იმ კომპანიების და კონტრაქტორი ფირმების (შპს, ს/ს და ა.შ.) ჩამონათვალი (საკონტაქტო ინფორმაციებთან ერთად) ვინც ახორციელებდნენ შესაბამის სამუშაოებს. ასევე, გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ ყველა იმ პროექტის ჩამონათვალი, რომელიც არ არის მითითებული თქვენს ვებ-გვერდზე.


მოგახსენებთ, რომ ჩვენი ბიზნესგადაცემები ამზადებს რამდენიმე ეთერს, რომელიც აღნიშნულ თემებს მიეძღვნება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია არ გვქონდეს ცალმხრივი და თქვენთან გადაუმოწმებელი ინფორმაციები.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული და წარმოგვიდგინოთ ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თელარა გელანტია                                                                                                                                                             20.01.2017 წელი