მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ალექსიშვილი: ბიზნესსა და მედიას შორის, შესაძლოა საერთოდ გაუცხოება მოხდეს

573b00ae6059f
BM.GE
17.05.16 15:27
1729
რეკლამა გაძვირდა, სარეკლამო ბაზარი კი შემცირდა, მსხვილი მოთამაშეების წილი გაიზარდა, ხოლო მცირე მოთამაშეების წილი კი შემცირდა,- ბოლო პერიოდში ბიზნესის მხრიდან მსგავსი განცხადებები კეთდება. როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას განაცხადა, შემოსავლის მაჩვენებლის ცვლილება, პარლამენტის მიერ გასულ წელს რეკლამასთან დაკავშირებით მიღებულ კანონს არ უკავშირდება. მისი თქმით, ჯერჯერობით რთულია სარეკლამო ბაზრის შემოსავლის სრულყოფილი ანალიზის განსზღვრა.
 
რამ განაპირობა სარეკლამო ბაზრის თუნდაც 9 პროცენტიანი კლება, რა შედეგები მოიტანა რეგულირებამ - თემაზე "ბიზნესკონტაქტთან" კომპანია Regional media markets-ის დირექტორი ლევან ალექსიშვილი საუბრობს, რომლის პარტნიორი საქართველოში მოქმედი ათზე მეტი ტელეკომპანიაა.

- როგორია თქვენი პოზიცია, რას ვაკვირდებით ბაზარზე რეგულაციების ამოქმედების შემდეგ?

- კომუნიკაციების კომისია და მათ შორის კანონის ავტორები გვეუბნებოდნენ, რომ კანონის მიღებით ბაზარზე ფასების რეგულირება მოხდება. ასევე იმ მედია საშუალებებში, სადაც მოთხოვნა დიდია, გარკვეულწილად დასტაბილურდებოდა და რეკლამა სხვა მედია საშუალებებშიც გადავიდოდა, მათ შორის მცირე მედია საშუალებებში, რომელსაც ამ შემთხვევაში ჩვენი ჰოლდინგი წარმოადგენს. თუმცა, ეს ასე დიდ წილად ვერ მოხდა. ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე მედია საშუალება, განსაკუთრებით ერთ-ერთი, ამ კანონს ეწინააღმდეგებოდა. ის ამბობდა, რომ კანონი მის წინააღმდეგ იყო მიმართული. თუმცა, მივიღეთ ის, რომ რეიტინგში 1-2 ადგილზე მყოფმა ტელე მედია საშუალებებმა გაცილებით დაბალი სარეკლამო დრო გაყიდეს გაცილებით მეტი ღირებულებით. სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ნახევარი მიჰქონდა და დღესაც აქვს ერთ ტელეკომპანიას. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, დაახლოებით 17 პროცენტიანი კლება იყო, 2016 წლის მონაცემებში 9 პროცენტიანი და თუ ჩვენ იმ ტელეკომპანიის მონაცემებს გადავხედავთ, მას გაცილებით უფრო მეტად ნაკლები აქვს კლება. ამ შემთხვევაში კანონმა უზრუნველყო და დღეს კიდევ უფრო პოლარიზებულია მედია სივრცე. იმ ერთმა და ორმა ტელეკომპანიამ გაცილებით ნაკლები სარეკლამო დრო გაყიდა მეტი ღირებულებით.

- თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს შედეგები რეგულაციების ამოქმედებას უნდა მივაწეროთ?

- მარტო ეს რეგულაციები ვერაფერს შეცვლიდა. ზედმეტი რეგულაციები ბაზრისთვის ძალიან მგრძნობიარეა და ეს მაყურებლის გადასაწყვეტია ვის უყურებს, სად გადართავს და რანაირად. თუმცა ჩავთვალოთ, რომ ეს რეგულაციები მაინც და მაინც მძიმე არ იყო და შესაძლებელია იყოს არგუმენტები, რომ ის საჭირო იყო, თუმცა ეს რეგულაციები ბაზარზე სურათს ვერ შეცვლიდა. როდესაც სარეკლამო დროის გადანაწილება მოხდა საათში 12 წუთი და გარკვეულწილად გარკვეულ დროებში შემცირება სარეკლამო დროის, სარეკლამო დროზე ფასები გაიზარდა. ამიტომ კომპანიების წინაშე მარკეტინგული ამოცანა დადგა თუ რა გააკეთონ. ეს ბუნებრივი პროცესი იყო და ის არგუმენტი, რომ ამ რეგულაციებით ფული სხვა მედია საშუალებებზე გადავიდოდა, ვერ მოხდებოდა.

ჩვენი კომპანია Regional media markets რეგიონული ტელევიზიებისთვის ერთგვარ ჰოლდინგს, გაყიდვების სახლს წარმოადგენს. იმის მიუხედავად, რომ ეს ტელევიზიები ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტს ქმნიან, ახლოს არიან ადგილობრივ აუდიტორიასთან, მათ გაზომვებზე წვდომა არ აქვთ. მათ არ აქვთ წვდომა, რომ მათი სარეკლამო ეთერი გაიზომოს. დღეს არც ერთი მოთამაშე ამას ვერ უზრუნველყოფს, რეიტინგებს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. ამ საშუალებას მოკლებული არიან, ანუ არათანაბარ პირობებში არიან ბაზრის სხვა მოთამაშეებთან, შესაბამისად მხოლოდ ეს რეგულაცია ვერ უზრუნველყოფს სარეკლამო თანხების გადატანას ამ მედია საშუალებებზე. მიუხედავად იმისა, რომ 45 მილიონიან და დღეს უკვე 38 მილიონიან ბაზარზე 20 მილიონამდე არის ისეთი საერთაშორისო კორპორაციების მიერ გადახდილი თანხები, რომლებიც მხოლოდ ამ რეიტინგებით საზრდოობენ.

- რატომ არის ეს მაყურებლისთვის მნიშვნელოვანი?

- სახელმწიფომ ამ ბაზარზე თამაშის რაც შეიძლება ნაკლები წესი უნდა დააწესოს. ეს არის მაყურებლის არჩევანი. მას თუ კონკრეტულ გადაცემაში გადაჯერებული სარეკლამო ბლოკები არ მოსწონს, მას შეუძლია, რომ გადართოს და ეს არის არხის არჩევანი. ის მაღალრეიტინგულ გადაცემებს შექმნის, ყურებად გადაცემებს, თუ მხოლოდ სარეკლამო თანხების გაზრდაზეა ორიენტირებული. ბიზნესი სწორედ იმიტომ არის ბიზნესი, რომ ასეთი თამაშის წესები უნდა იყოს.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- მაყურებლისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ბიზნესს თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს, მედიას თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს. მხოლოდ კანონის ამოქმედება, თუ გარკვეულწილად სახელმწიფო მაპროვოცირებელი, პროცესის ხელშემწყობი არ იქნება, რომ აბსოლუტურად ყველა ტელეკომპანიას ჰქონდეს რეიტინგებზე წვდომის შესაძლებლობა, მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები ამას, რა თქმა უნდა, ვერ შექმნის.

გამოსავალს კი იმაში ვხედავ, რომ კანონის ამოქმედებასთან ერთად, ჩვენ საკითხს კომპლექსურად უნდა შევხედოთ, რაც იმას გულისხმობს, რომ გარკვეულწილად ხელი შეეწყოს, დისკუსია გაიხსნას, რომ ახალი მთვლელის შერჩევა და შემოსვლა მოხდეს, მითუმეტეს, რომ ტექნოლოგია იხვეწება და წინ მიდის. რეიტინგებზე წვდომის საშუალება რეგიონულ ტელევიზიებსაც უნდა ჰქონდეთ.

- ტრენდი თუ ასე გაგრძელდა, როგორც დღეს მიდის, რა შედეგების წინაშე დავდგებით?

- შესაძლებელია საერთოდ გაუცხოება მოხდეს ბიზნესსა და მედიას შორის. როდესაც ჩვენ ბიზნესს ფართო პლატფორმას ვერ ვთავაზობთ, ამ კანონის შემოსვლის შემდეგ, კიდევ უფრო შემცირდა შედარებით მცირე არხების წილი ბაზარზე და დიდი არხების წილი კიდევ უფრო გაიზარდა.

თუ არ მოხდება ბაზრის დივერსიფიცირება და მეტ მედია საშუალებაზე არ მოხდება სარეკლამო დროის გადატანა, შესაძლებელია გაუცხოება მოხდეს, ბიზნესმა სასურველი შედეგი ვერ მიიღოს და ეს კონკრეტულ სარეკლამო აქტივობას დააბრალოს. ამით არა მარტო მაყურებელი, არამედ ბიზნესიც დაზარალებული დარჩება, მათ შორის მედია საშუალებები.

ყველამ იცის, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში რეგიონულმა მედიამ ძალიან დიდი დანახარჯები გაიღო, თუმცა მათ რეიტინგებზე ხელმისაწვდომობა არ აქვთ და შესაბამისად, მათი სარეკლამო შემოსავლები ამ ეტაპზე ვერ იზრდება. თუმცა მცირეოდენი ზრდა გვაქვს და ამაში, მათ საერთო გაყიდვებში 60 პროცენტიანი წილი ჩვენს კომპანიას უჭირავს.

ჩვენ ვთვლით, რომ პანელის მოწყობა საჭიროა ისე, რომ ყველა მედია საშუალებას გათვლების თანაბარი შანსი ჰქონდეს.