მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Frontera-ს ექს-პრეზიდენტს ნავთობის მოპარვაში ადანაშაულებენ

BM.GE
25.02.21 11:13
507
ამერიკული ენერგოკომპანია Frontera-ს დამფუძნებელი, სტივ ნიკანდროსი, ასევე ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს კიდევ ორი წევრი, ლუის ჯუსტი და ტაილერ ნელსონი Frontera-ს ყოფილ პრეზიდენტსა და CEO-ს ზაზა მამულაიშვილს ნავთობის მოპარვაში ადანაშაულებენ. საქმეს აშშ-ის ტეხაზის ოლქის სასამართლო განიხილავს და ის თავად ზაზა მამულაიშვილის მიერ 2021 წლის იანვარში წარდგენილი სარჩელის საპასუხო “შესაგებებელ” სარჩელს წარმოადგენს.

თავად მამულაიშვილი Frontera-ს დამფუძნებელს დიდი ოდენობით თანხების არასწორად განკარგვაში, ასევე ფარული ლობისტური ხარჯების გაწევაში ადანშაულებს და $1 მილიონიან კომპენსაციას მოითხოვს. შესაგებებელ სარჩელში კი მოპასუხეები მიუთითებენ სავარაუდო გადაცდომებსა და დარღვევებზე, რომელღაც ზაზა მამულაიშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჰქონდა ადგილი. მამულაიშვილი Frontera-ს პრეზიდენტისა და CEO-ს პოსტს 2017 წლის ივნისიდან 2020 წლის აგვისტომდე იკავებდა.

სასამართლო მასალების მიხედვით, 2019 წელს კომპანიის ქართული საცავებიდან ათასობით ბარელი ნედლი ნავთობი და აღჭურვილობა გაქრა. სტივ ნიკანდროსი, ტაილერ ნელსონი და ლუის ჯუსტი აღნიშნავენ, რომ ბატონმა ზაზა მამულაიშვილმა არ გასწია სათანადო ძალისხმევა იმისთვის, რათა დაკარგული ნავთობი მოძიებილიყო, მეტიც მათ ეჭვი აქვთ, რომ ნავთობის გაქრობით კომპანიის პრეზიდენტმა პირადი სარგებელიც ნახა.

ამ ბრალდებას კატეგორიულად ემიჯნება თავად ზაზა მამულაიშვილი, რომელიც BMG-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მოპასუხეთა მიერ წარდგენილი შესაგებებელი სარჩელი სრულიად უსაფუძვლოა. დოკუმენტში საუბარია თანხებზეც, რომლების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, კომპანიიდან უკანონოდ ზაზა მამულაიშვილის სასარგებლოდ ირიცხებოდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და Frontera-ს შორის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ასევე ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო მიუთითებდნენ, რომ Frontera-მ არ შეასრულა ის ვალდებულებები, რასაც მას 1997 წელს გაფორმებული საინვესტიციო შეთანხმება აკისრებდა. საარბიტრაჟო სასამართლომ 2020 წლის აპრილში დააკმაყოფილა საქართველოს საჩივარი, რის შედეგადაც Frontera-ს სალიცენზიო ტერიტორიის უკან სახელმწიფოსთვის გადაცემა დაევალა. მომხდარის შემდეგ განცხადება გააკეთა Frontera-ს ერთ-ერთმა ინვესტორმა, ამერიკულმა კომპანია Outrider Managemenet-მა, რომელმაც საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ სალიცენზიო ტერიტორია, რომელზეც წარსულში Frontera საქმიანობდა, მას გადასცემოდა. ამასთან, ინვესტორი მიუთითებდა, რომ მას Frontera-სთან სასამართლო დავაში იყო ჩართული.