მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაიქირავა იურიდიული კომპანია სახელმწიფომ ანაკლიის პროექტისთვის - მინისტრის განმარტება

5cd5ae182fc86
ლიკა გურაბანიძე
11.05.19 00:05
1137
„საერთაშორისო იურიდიული კომპანია White&Case-ის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი, რომელიც მის კონტრაქტთან დაკავშირებით იყო შექმნილი, სამწუხაროდ, რეალობას არ ასახავს,“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. საუბარია კომპანიაზე, რომელიც სახელმწიფომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” მოლაპარაკებებისთვის დაიქირავა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, White&Case-სთან კონტრაქტი სინამდვილეში იმიტომ გაფორმდა, რომ კომპანია სახელმწიფოს მოლაპარაკების პროცესში დახმარებოდა.

„შეხვედრა, რომელიც დაინიშნება ბანკებთან და კონსორციუმთან ამ შეხვედრაში White&Case მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. სხვა დანიშნულება ამ ხელშეკრულებას არ აქვს,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი) საერთაშორისო კომპანია White&Case LLP–სთან ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც სახელმწიფოს მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო შეთანხმების შეწყვეტის შესაძლო შედეგების ანალიზის მიწოდებას ითვალისწინებს.

სახელმწიფო სააგენტოს მიერ, მომსახურების შესაძენად, გამარტივებული შესყიდვის გზით White&Case LLP–სთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 80 000 აშშ დოლარია.

აღნიშნულ ხელშეკრულებაში ასევე მოცემულია მუხლები, რომლებიც სახელმწიფოსა და კონსორციუმს შორის გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას მოიცავს.

"დამატებითი მისია მოიცავს კლიენტისთვის სრულყოფილი იურიდიული მემორანდუმის მომზადებასა და გავრცელებას, სადაც იქნება ანალიზი იმ სამართლებრივ შედეგებზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო შეთანხმების შეწყვეტას მოჰყვება. კონსულტანტმა უნდა წარმოადგინოს იურიდიული მემორანდუმის საწყისი პროექტი კლიენტისგან მოთხოვნის მიღებიდან 20 სამუშაო დღეში", – ნათქვამია მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.