01.ნოემბერი .2019 14:33

ივანიშვილის გეგმები წყალტუბოში - ანდრო ჯიშკარიანი ანალიტიკაში

უკან

ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროს და 9 აბანოს გამოისყიდის და კურორტის რეაბილიტაციას დაიწყებს. „ჩემი გეგმის მიხედვით, წყალტუბო, უახლოეს წლებში, შესაძლებელია, გახდეს აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი და კონკურენცია გაუწიოს დიდ მოთამაშეებს ცენტრალურ ევროპაში“, - ნათქვამი იყო განცხადებაში, რომელიც ივანიშვილის სახელით გავრცელდა. ყოფილი პრემიერის შეფასებით, საბოლოო ჯამში, რეგიონში 15 000 - 20 000 ადამიანი დასაქმდება.

წყალტუბოში არსებული 22 სანატორიუმიდან, რომლის გამოსყიდვასაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გეგმავს, 15 სანატორიუმი საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზეა. ეს ინფორმაცია გადამოწმებულია და ქონების სააგენტოდან დასტურიც მიღებული გვაქვს.

ამ დრომდე უცნობია პრივატიზაციის რა ფორმით გეგმავს ივანიშვილი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების ყიდვას. დამატებით ინფორმაციას არც - ეკონომიკის სამინისტროში ფლობენ და დეტალებზე ვერც პარტიაში საუბრობენ.

ამ დრომდე ვერც ეკონომიკის მინისტრი აკონკრეტებს, გადაეცემა თუ არა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს წყალტუბოში სახელმწიფო ქონება 1 ლარად. ეკონომიკის მინისტრისგან ამ თემაზე მხოლოდ ის კომენტარი მოვისმინეთ, რომ აქამდე სახელმწიფო მზად იყო, თუნდაც 1 ლარად გადაეცა სანატორიუმები ინვესტორისთვის, თუმცა ინვესტორებს ინტერესი არ გამოუთქვამთ.

ჟურნალისტის ჩა-კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა რომ ბიძინა ივანიშვილს ქონება 1 ლარად გადაეცეს, მინისტრმა თქვა, რომ მას ეს არ უთქვამს და უბრალოდ აღნიშნა, რომ აქამდე მსგავს ინვესტორსაც ვერ პოულობდნენ, ვინც 1 ლარად იყიდდა წყალტუბოში მდებარე სანატორიუმებს.

“რაც შეეხება ვადებს, პირობებს, ღირებულებას, ეს ის დეტალებია, რომლებიც შემდგომში დაზუსტდება, როდესაც მთლიანად კომპლექსურ გეგმას დავამუშავებთ, მაგრამ ახლავე მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად გაკეთდება, ისე, რომ სახელმწიფო ინტერესი არ დაზარალდეს და სახელმწიფომ სარგებელი მიიღოს აქედან” - ჯერჯერობით მხოლოდ ასეთი ზოგადი პასუხი გვაქვს მოსმენილი ეკონომიკის მინისტრისგან.

ამ თემაზე ყოფილი და მოქმედი ბიზნესმენების მოსაზრებებიც უხვად მოვისმინეთ. მაგალითად: მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს გადაწყვეტა სახელმწიფოს მიტაცების ხაზის გაგრძელებაა და რომ მსხვილი მონოპოლიის შექმნა, კონკურენციას გამორიცხავს და შესაბამისად, პროექტის ხარისხი მაღალი არ იქნება. თემურ ჭყონია კი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება ორი მთავარი მიზეზის გამო შეიძლება დადებითად მივიჩნიოთ - მთელ წყალტუბოს ერთი იერი ექნება და მეორე - ბიუროკრატიული მექანიზმები ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში აუცილებლად დაჩქარდება, რადგან მას განსხვავებული გავლენა აქვს.


კიდევ ერთი საინტერესო ხაზი - ქველმოქმედების ხაზია, რომელიც პირველად ეკონომიკის მინისტრისგან ნათია თურნავასგან მოვისმინეთ. ამ ხაზის ლოგიკა ასეთია: რადგან ბიძინა ივანიშვილი აპირებს, რომ ამ პროექტისგან მოგება არ ნახოს და თვითღირებულებად დაუთმოს ნებისმიერს, ვინც შემდგომ უკვე განახლებული, რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი სასტუმროებით დაინტერესდება, ამიტომ ეს ქველმოქმედებად უნდა ჩაითვალოს. „მე ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის საქველმოქმედო ინიციატივა. რეალობამ გვიჩვენა, რომ ბიზნესი ვერ უმკლავდება ამ ყველაფერს სტანდარტული მიდგომით, რადგან ეს არ არის ბიზნესურად მომგებიანი პროექტი. ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ ის თავის თავზე იღებს ამ ქალაქის რეაბილიტაციისთვის აუცილებელ ყველა ხარჯს, რაც ასეულობით მილიონია“, - ასეთია ეკონომიკის მინისტრის პოზიცია.


სტუმარი: ანდრო ჯიშკარიანი - წყალტუბო რეზორტის დამფუძნებელი