28.ოქტომბერი .2020 12:34

კანადის მთავრობამ კომპანია Medicago-სგან კორონავირუსის ვაქცინის 76 მილიონი დოზა შეიძინა

უკან

კანადის ხელისუფლებასა და კომპანია Medicago-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ქვეყანა Covid 19-ის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის 76 მილიონ დოზას მიიღებს. კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს 38 მლნ ადამიანის აცრისთვის იქნება საკმარისი. Medicago ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომლის მთავარ მეწილეებს “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” შვილობილი კომპანია Philip Morris Investments-ი და იაპონური კორპორაცია Mitsubishi Tanabe Pharma წარმოადგენენ. კომპანიის სათაო ოფისი კვებეკში მდებარეობს. შესაბამისად, Medicago-ს მიერ შექმნილი პოტენციური ვაქცინა პირველი კანადური ვაქცინაა, რომელიც მთავრობამ შეისყიდა. ნდობის გამოცხადებასთან ერთად, კანადის მთავრობა Medicago-ს მიერ ვაქცინის შექმნისა და მისი კლინიკური ცდების განხორციელების პროცესში 173 მილიონი კანადური დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. კანადის მთავრობის გადაწყვეტილებას “ფილიპ მორის ინთერნეიშენალიც” გამოეხმაურა. “უკეთესი შედეგების მიღწევა შესაძლებელია მაშინ, როდესაც მთავრობა და კომპანიები საყოველთაო კეთილდღეობის მისაღწევად ერთიანდებიან. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ Medicago-ს ძალისხმევას შეიმუშავოს, გამოსცადოს და აწარმოოს COVID-19-ის ვაქცინა,” - განაცხადა PMI-ს გენერალურმა დირექტორმა ანდრე კალანცოპოლუსმა.