მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძის ანალიტიკა

BM.GE
10.09.21 12:00
521

საქართველოში ინფლაცია ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა - 12.8% - ასეთი მაღალი ინფლაცია ქვეყანაში ბოლოს 2011 წლის მაისში იყო.

აგვისტოს მდგომარეობით, წლიურ ჭრილში ფასები მკვეთრად არის გაზრდილი ყველა ძირითად სამომხმარებლო ჯგუფზე, მათ შორის სურსათზე 16.2%-ით; ტრანსპორტზე 22.5%-ით; ჯანდაცვაზე 10.9%-ით.

Galt&Taggart-ი ინფლაციის კიდევ უფრო მეტად გაზრდას პროგნოზირებს. საბაზისო ეფექტის გათვალისწინებით, 2021 წლის დეკემბერში ინფლაცია 14%-მდე შეიძლება გაიზარდოს.

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, შემდეგ ორ თვეში ინფლაცია შეიძლება მცირედით შემცირდეს, მაგრამ დეკემბერში კვლავ მაღალი იქნება - 13% - ასეთია თიბისი კაპიტალის პროგნოზი.

რა მიზეზები არსებობს, რაც დღეს ფასების ასეთ მკვეთრ მატებას განაპირობებს?

Galt&Taggart-ის მიხედვით: საერთაშორისო ბაზარზე სურსათსა და ნედლეულზე ფასების ზრდა - იმპორტიორი ქვეყანა ვართ, სამომხმარებლო საქონლის 70%-მდე იმპორტირებულია, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, იმპორტირებული ინფლაცია გვაქვს; ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი; ლარის გაუფასურება, რომლის ეფექტიც გალტ ენდ ტაგარტის შეფასებით წლის ბოლომდე სავარაუდოდ შენარჩუნდება; კომუნალური ტარიფების მატება, რასაც არც თუ მცირე წვლილი შეაქვს ინფლაციაში.

თიბისი კაპიტალის მიხედვით: შედარებით მაღალი ინფლაცია ბევრ ქვეყანაშია და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, თუმცა აღსანიშნავია, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებითაც საქართველოში ინფლაცია მაინც მაღალია, რაც სასაქონლო ფასებთან ერთად, გაცვლითი კურსის გაუფასურებით იხსნება.

შარშან ტურიზმის დანაკლისი მთავრობის საგარეო სესხებმა პრაქტიკულად მთლიანად დააკომპენსირა, თუმცა საქართველოს ჰქონდა შოკის გამაძლიერებელი - აქ თიბისი კაპიტალი გულისხმობს იმას, რომ ბევრი დაიზოგა ვალუტაში, დაკრედიტება მხოლოდ ლარში იყო და ამან მნიშვნელოვნად გაამწვავა ზეწოლა სავალუტო ბაზარზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოში გაზრდილი ინფლაცია 2021 წლის ბოლომდე შენარჩუნდება. კერძოდ, ორგანიზაცია დეკემბრისთვის 9.4%-ს პროგნოზირებს. ამასთან, IMF-ის შეფასებით, 2022 წელს საქართველოში ინფლაცია 2.8%-მდე უნდა შემცირდეს.

დღეს რეფინანსირების განაკვეთი ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა და 10%-ს შეადგენს.

სტუმარი: კობა გვენეტაძე - საქართველოს ეროვნული ბანკი, პრეზიდენტი;