მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მონოპოლიის დასასრული (?)- Pace Group VS APM Terminals

BM.GE
15.04.22 14:43
737
"საზღვაო კოდექსში" შესატანი ცვლილებები საქართველოში მოქმედი პორტების ოპერატორებს, პორტში შესასვლელი არხების დაღრმავებას და ამ არხების მოვლა-პატრონობას ავალდებულებს. ამავე კანონით ახლებურად რეგულირდება პორტის ოპერატორებს - "სანავსადგურე ერთეულებს" – შორის ურთიერთობა და ერთ ოპერატორს მეორე ოპერატორისთვის განკუთვნილი გემების გატარებაზე საკომისიოს დაწესება ეკრძალება. 

ქართული ოცნების დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა გუშინ ბიემჯისთან განმარტა, რომ ინიციატივა ფოთის პორტში მოღვაწე კომპანიებს - APM Terminals-სა და Pace ჯგუფს შორის უთანხმოების კანონის გზით დარეგულირებისთვის მომზადდა. კომპანიებს შორის უთანხმოება კი პორტში შემომავალი გემებიდან საკომისიოს აღებას და პორტის არხის მოვლა-პატრონობას შეეხება. 

საქართველო საზღვაო-სატრანსპორტო ქსელში სულ ორი პორტით, ბათუმისა და ფოთის პორტებით არის წარმოდგენილი. პორტების გარდა, ქვეყანაში ფუნქციონირებს ყულევსა და სუფსაში მდებარე ორი მსხვილი ნავთობტერმინალიც. 2021 წელს პორტების და ტერმინალების ჯამური ტვირთბრუნვა სულ 15.7 მილიონი ტონა იყო, რაც 2020 წელთან შედარებით 1.2 მილიონი ტონით ნაკლებია. 

საქართველოს პორტებისა და ნავთობტერმინალების 2020 წლის ფინანსური შედეგებიდან ჩანს, რომ პანდემიის წელს ამ კომპანიების შემოსავლები 700 მილიონ ლარს აღემატებოდა.

მათ შორის, როგორც გადაზიდული ტვირთების მოცულობით, ასევე შემოსავლებით პირველ ადგილზე ფოთის პორტია, სადაც არსებული ოპერატორების მთლიანი ბრუნვა 460 მილიონ ლარზე მეტია. ფოთის პორტის ძირითადი ოპერატორია სწორედ დანიური Maersk ჯგუფის შემადგენლობაში არსებული APM Terminals-ი. მის გარდა, ფოთში ასევე სხვა სატრანსპორტო კომპანიებიც საქმიანობენ, რომლებიც მადნების, ნავთობის თუ სხვა პროდუქტების სატრანზიტო მომსახურებას ეწევიან. 

2022 წლის დასაწყისში, Pace ჯგუფმა ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური გახსნა, რომელიც კანონში ინიცირებული ცვლილებების შესაბამისად ფოთის საზღვაო ნავსადგურში მეორე სანავსადგურე ერთეულად კვალიფიცირდება.

ეიპიემ ტერმინალსმა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი ნეგატიური პოზიცია 20 გვერდზე წერილობით ჩამოაყალიბა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს გაუგზავნა. მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც. წერილი კონფიდენციალურია, თუმცა ანალიტიკა-მ ამ წერილის მოპოვება მაინც შეძლო. ამ ტიპის დოკუმენტებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და ფრთხილად ვეკიდებით ხოლმე, თუმცა, წერილიდან პასუხი ვერ მივიღეთ მთავარზე - რა თანხა დააკლდება ეიპიემ ტერმინალსს და რა გამოუსწორებელ შედეგებს გამოიწვევს მისთვის შემოსავლების ამ ნაწილში შემცირება. 

#ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად
თელარა გელანტია BM.GE-ის მთავარი რედაქტორი