მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო წამალი საქართველოში ძალიან ძვირია“ - ქეთევან ჩხატარაშვილი ქალების ნარატივში

BM.GE
02.03.21 12:04
650

“ამ ტემპითა და დამოკიდებულებებით, არ მგონია, ვაქცინაციის სამიზნე მაჩვენებელი მიღწევადი იყოს“ - ექიმი, ჯანდაცვის ექსპერტი ქეთევან ჩხატარაშვილი „ქალების ნარატივში“  

 

-Covax პლატფორმის ფარგლებში Pfizer-ის ვაქცინის შემოტანა დაგვიანდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ იგვიანებს ვაქცინა?

-ვერ გეტყვით, არსებული საჯარო ინფორმაცია არაა საკმარისი იმისთვის, რომ კონკრეტული პასუხი გაგცეთ. კითხვა კი მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანია. მარტო მთავრობას ვერ დავაბრალებთ, მსოფლიოშია ვაქცინის დეფიციტი. მაგრამ, ალბათ არის რაღაც რისი გაკეთებაც უფრო აქტიურად და უფრო დროულად იყო საჭირო.  აღსანიშნავია, რომ 95-მდე ქვეყანაა მსოფლიოში, ვისაც ვაქცინაცია დაწყებული აქვს ან დღე-დღეზე იწყებს.   

 

-როგორ ფიქრობთ დაიწყება მარტის ბოლოს ვაქცინაცია?


-შეიძლება დაიწყოს, მაგრამ მარტო დაწყება არაა მთავარი, მთავარია ტემპის შენარჩუნება და გარკვეული დროის მონაკვეთში იმ მიზნის მიღწევა, რაც დათვლილი და გათვლილია. წლის ბოლომდე მილიონ შვიდასი ათასი ადამიანის აცრა უნდა მოვასწროთ და მოვახერხოთ. არ მგონია, რომ ამ ტემპითა და საზოგადოების დამოკიდებულებით თუ გაგრძელდა სიტუაცია, ეს მიზანი მიღწევადი იყოს.   

 

-შეიძლება რომ Pfizer-ის ვაქცინის შემოტანა ვერ მოესწროს და სხვა ვაქცინის ლოდინი მოგვიწიოს?

-„ასტრაზენეკას“ ვაქცინაც უკვე აღიარებულია და თავისუფლად შესაძლებელია შემოვიდეს. ასევე,საგულისხმოა Johnson & Johnson.

რაც მეტი მსგავსი ვაქცინა იქნება ბაზარზე, მეტია ალბათობა იმისა, რომ ბაზარი გაჯერდეს და ვაქცინა ჩვენამდეც მოვიდეს.  

 

-საზოგადოება თუ არის მზად ვაქცინაციისთვის?

-სამწუხაროდ, არა. ეს მარტო ჩემი აზრი არაა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დაახლოებით 41% მოსახლეობისა უარს ამბობს ვაქცინაზე. აქედან 17% მედიცინის მუშაკები არიან. ეს დაკავშირებულია ინფორმაციის ნაკლებობასთან, საკომუნიკაციო კამპანიის არარსებობასთან. რაც მეტი გაუცემელი კითხვა იქნება ქვეყანაში, მით მეტი შეთქმულების თეორიის ნიადაგი გაჩნდება და მით მეტი ადამიანი შეიკავებს თავს.  

 

-თქვენი აზრით, საზოგადოებაში უნდობლობა რატომ გაჩნდა და უნდა დაეწყო თუ არა ხელისუფლებას მანამდეც ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიაზე მუშაობა?

-ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში არის თავი, რომლის მიხედვითაც, მსგავსი კამპანიები უნდა დაიგეგმოს. მე მესმის, რომ კონკრეტულ ვაქცინას და თარიღს ვერ ვასახელებთ, მაგრამ დიდი ხნის დაწყებული უნდა იყოს კამპანია ზოგადი ინფორმაციის მიწოდებისთვის, ანტივაქცერები უფრო კარგად მომზადებულები შეხვდნენ ამ ყველაფერს. სოციალურ მედიაში ბევრ ჯგუფსა და პოსტს ნახავთ, სადაც საოცრებებს ამბობენ. როდესაც საწინააღმდეგო ინფორმაცია არ მიდის, თუნდაც, ცნობადი სახეებისგან, იმ ადამიანებისგან, ვისაც საზოგადოება ენდობა, ძალიან რთულია წინააღმდეგობის გაწევა. მიმაჩნია, რომ უკვე დაგვიანებულია და გაცილებით რთული იქნება იმ 40%-ის გადარწმუნება, მაგრამ არსებობს კიდევ 17%, რომელიც ამბობს, რომ არაა დარწმუნებული, იქნებ ისინი მაინც გადმოვიბიროთ დროული საინფორმაციო კამპანიით, სწორი ინფორმაციით.

 

-რას ვახვედრებთ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს?

-დაწერილი პროტოკოლები საერთაშორისო მოთხოვნებისთვის, მაგრამ პრობლემაა აღსრულება. მთავარი ის კი არაა რა რეგულაციას ვახვედრებთ, არამედ ის თუ როგორ აღსრულდება. უნდა არსებობდეს კარგად გაწერილი პროცედურა. ვიღაცამ აკონტროლოს 3 დღის მერე ტურისტი იკეთებს თუ არა ტესტს და რა იქნება ტესტის პასუხი. ვინც აცრილია, იქ გასაგებია, რომ არაა პრობლემა. მაგრამ ჩვენ საზღვრები გავხსენით ისეთ ქვეყნებთანაც, სადაც ვაქცინაცია არ დაწყებულა, ჩვენი მეზობლებისთვის, რუსეთს თუ არ ჩავთლით. შესაბამისად,  PCR ტესტის პასუხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მსოფლიო ამ მდგომარეობაში 100-ზე მეტი წელია არ ყოფილა და ყველას უჭირს, მაგრამ ყველამ რაღაც გამოსავალი იპოვა და ჩვენ, რატომღაც, პრიორიტეტების არჩევა გვიჭირს გამოსავლის ძებნისას. 

 

-მედიკამენტებზეც მინდა გკითხოთ, ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბარი იმაზე რომ თურქეთში უფრო იაფია მედიკამენტები ვიდრე საქართველოში; როგორ რეგულირდება მედიკამენტების საფასო პოლიტიკა საქართველოში?

-საერთოდ არ რეგულირდება. ბოლო რამდენიმე წელია აღარ მიმიდევნებია თვალი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ, თუ არ ვცდები, 2009 წლამდე საქართველოში წელიწადში ერთხელ ტარდებოდა ფარმაცევტული ბაზრის კვლევა, რომელიც უყურებდა როგორც გეოგრაფიულ, ასევე ფინანსურ ხელმისაწვდომობას. ამას ატარებდა საერთაშორისო ფონდი „კურაციო“. პირველად რომ ჩატარდა ეს კვლევა, მაშინ აღმოჩნდა რომ ძალიან რთული გასაგებია საქართველოში მედიკამენეტების ფასწარმოების მექანიზმი. ეს არაა მარტივი სფერო, ასე რეგულირებით და კანონის დონეზე გადაწყვეტილებით ვერ განსაზღვრავ, სექტორთანაა საჭირო მოლაპარაკება და ა.შ. ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, საქართველოში წამლები არის ძალიან ძვირი. ამას ფიზიკური ხელმისაწვდომობის პრობლემაც შეექმნა. სავარაუდოდ, მოსახლეობა ვერ ყიდულობს მაღალი ფასის მედიკამენტებს და ეს წამლები ფიზიკურად გაქრა ჩვენს აფთიაქებში. პრობლემაა არა მარტო ფასი, არამედ მედიკამენტის, განსაკუთრებით ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობა.

 

-თქვენი პირველადი პროფესიული არჩევანი რეპროდუქტოლოგიაა. რა იყო მოტივაცია?

-მესამე თაობის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი უნდა ვყოფილიყავი ოჯახში, ეს ჩემი არჩევანი, ჩემი ორივე მშობელი ძალიან მოთხოვნადი ექიმი იყო და არ მირჩევდნენ ამ სფეროში მუშაობას, თუმცა დედა ხუმრობდა კიდევაც იმაზე, რომ ჩემი პირველი სიტყვა „ექიმი“ იყო და ვერ გადამათქმევინებდა გადაწყვეტილებას.  მაინც გავხდი ექიმი, დაახლოებით 10 წელი ვიმუშავე კლინიკაში, იოსებ ჟორდანიას სახელობის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტში. 2000 წელს აბსოლუტურად შევცვალე ჩემი კარიერა. დღემდე ვერ მომინელებია, რომ თეთრი ხალათი აღარ მაცვია. კი მუდმივად სისტემასთან მაქვს შეხება, მაგრამ ექიმი აღარ ვარ. ბავშვობის ოცნება დავთმე იმ მიზეზით, რომ ვფიქრობდი, სისტემის განკურნებას თუ შევძლებდი, მაშინ უფრო მარტივი იქნებოდა ადამიანებისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის მიღება, მაგრამ ჯერჯერობით გამოწვევა გამოწვევად რჩება.

 

-რა არის თქვენთვის მთავარი მიზანი 2021-ში?

-პანდემიის დასრულება. 

 

-ბავშვობიდან ხატავდით, თუმცა შემდეგ ეს საქმე აღარ გაგიგრძელებიათ...

-ინსტიტუტისთვის მზადება რომ დავიწყე, იქ ხატვისთვის დრო აღარ იყო. 

 

-რა გინდათ რომ საქართველოში ჯანდაცვის სფეროში დაინერგოს?

-ვისურვებდი, რომ საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს ხელმისაწვდომი, ხარისხიანი მომსახურება. იმედია, რომ ეს ოდესმე ამ ქვეყანაში მიიღწევა. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ქვეყნებიდან საქართველო ერთადერთია ვისაც საკმარისზე მეტი ადამიანური რესურსი ჰყავს იმისთვის, რომ სისტემა ისე დაიგეგმოს და სტრატეგია შეიქმნას, დაეწყოს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა ჰქონდეს ქვეყანას.





სტუმარი: ქეთევან ჩხატარაშვილი - ექიმი, ჯანდაცვის ექსპერტი