მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეს ბიზნესი გაურკვევლობაში აღარაა" - მარიამ ქვრივიშვილი ქალების ნარატივში

BM.GE
17.02.21 12:47
449

„ვიტყოდი, რომ 2021 წლიდან ტურიზმის აღდგენის პირველ ძვრებს ვნახავთ“ -   ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი „ქალების ნარატივში“

 

-დღეს რომ ისევ კერძო სექტორს წარმოადგენდეთ, არ გაგიჭირდებოდათ მთავრობის გადაწყვეტილებების ფონზე ოპერირება?

-ბევრჯერ მიფიქრია ამაზე. პირველივე დღიდან, როცა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გავხდი, სულ ვფიქრობდი ამ კუთხით. როდესაც კოვიდ-19 ჩვენს რეალობაში შემოვიდა, ბუნებრივია,საქართველოსაც მოუწია რეგულაციების შემოღება, ხოლო როცა გახსნის თვალსაზრისით იწყებოდა მუშაობა ჩემთვის მთავარი პრიორიტეტული იყო, რომ რეგულაციები განხილული ყოფილიყო კერძო სექტორთან ერთად. ასეც მოხდა, საკმაოდ წარმატებით. ასე აფასებს კერძო სექტორი. მცირე დრო გვქონდა, საბედნიეროდ, დაჩქარებული ტემპებით გვიხდებოდა ეკონომიკის და მათ შორის ტურიზმის გახსნა. ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფები თითო სექტორის წარმომადგენლებთან.

 

-დღეს ბიზნესი გაურკვევლობაში არ არის?

-დღეს ბიზნესი გაურკვევლობაში აღარაა. ეს არის პოზიტიური მხარე. უკვე ვხედავ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ ტურისტებს უმასპინძლონ, გათვალისწინებული ქვეყნებისა და წესების მიხედვით.  დღეს უკვე არის ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც მოქალაქეებს ან ბინადრობის მქონე პირებს, ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ ყველანაირი შეზღუდვის გარეშე, თუკი ისინი წარმოადგენენ ნეგატიურ PCR ტესტს და ქვეყანაში ყოფნისას მე-3 დღეს, ტესტს ხელახლა გაიკეთებენ. ასევე, გამარტივებული რეგულაციის მიხედვით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საჰაერო გზით გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს და ექნება ვაქცინის 2 დოზა გაკეთებული, მათაც არანაირი დამატებითი ბარიერი აღარ ექნებათ.

დღეს ტურიზმის წარმომადგენლებს უკვე შეუძლიათ პროაქტიულები იყვნენ იმ ქვეყნების მიმართულებით, სადაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მხრიდან მხარჯველუნარიანი ტურისტების ნაკადების გაზრდისთვის ბევრი რამ გაკეთდა - ისრაელი, სპარსეთის ყურის, ევროკავშირის ქვეყნები და ა.შ. დღევანდელ მდგომარეობას, განსხვავებით 1 წლის წინანდელი პერიოდისა, ბევრად უფრო პოზიტიურად შევაფასებდი. მაშინ გაურკვევლობის ხარისხი მაღალი იყო. დღეს რეგულაციები ნათელია და ვხედავთ, რომ ავიაკომპანიებმა ფაქტობრივად, სიახლის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში უკვე შემოიტანეს განაცხადები, რომ გაზრდიან სიხშირეებს, რაც მნიშვნელოვანია.

 

-კერძო სექტორში რომ ყოფილიყავით, მთავრობის გადაწყვეტილებით კმაყოფილი იქნებოდით?

-იყო ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი და იყო კმაყოფილი იმ შედეგით, რაც 1 წლის განმავლობაში დაიდო, რთულია. ეს არის ინდუსტრია, რომელიც გლობალურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაჩერდა და არ წარმომიდგენია რომელიმე ავიაკომპანია, ტურისტული კომპანია, სასტუმრო თუ გიდი, რომ კმაყოფილი იყოს ვითარებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. უშუალოდ, როგორც ქვეყნის მოქალაქეს, ალბათ ობიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ კმაყოფილების შეგრძნება გვაქვს. ამის საფუძველს გვაძლევს მათ შორის პირველი ტალღა, რომელიც გამოკვეთილად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის - არაერთი საერთაშორისო აღიარება მივიღეთ, როგორც ქვეყანამ რომელმაც სიტუაცია კარგად მართა. მეორე ფაზა, უკვე საკმაოდ რთული იყო, რადგან ჩვენ თან გვიწევდა ოპერირება, ეკონომიკური საქმიანობების განხორციელება, დინამიკა გაზრდილი იყო და ბუნებრივად, მოსალოდნელიც იყო, ვსაუბრობდით, რომ გაიზრდებოდა ინფიცირებულთა რაოდენობა. ამას მოყვა ხელახალი შეზღუდვების ლოგიკური გადაწყვეტილება. 

კერძო სექტორთან დაკავშრებით, იყო ინფორმაციის სწრაფი მიწოდება და მუდმივი კონტაქტი, რათა ჰქონოდათ გადაწყვეტილებების არსზე და მოლოდინზე მეტი სიცხადე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის უკიდურესად პასუხისმგებლობიანი ინდუსტრია. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტად დაზარალდა, ვითარებას მაინც გაგებით ეკიდება.

დღეს ჩვენ პოზიტიური მოლოდინებით შეგვიძლია ვისაუბროთ ტურიზმის აღდგენაზე, ეს უკვე შეინიშნება. დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმის ინდუსტრია ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა საკმაოდ მოკლე პერიოდში. 

 

-„მწვანე ზონის“ ქვეყნის სტატუსის გამოყენების თვალსაზრისით, როგორია თქვენი დამოკიდებულება?

-ხშირად მსმენია შეფასება, რომ ვერ გამოვიყენეთ, თუმცა მე გავიხსენებდი, რომ საქართველო მოხვდა საერთაშორისო რადარებზე, როგორც ქვეყანა, რომლისგანაც უნდა ისწავლონ ჩვენზე მეტად განვითარებულმა ქვეყნებმა. ეს მნიშვნელოვანია ცნობადობის ამაღლების და საქართველოს პოზიციონირების კუთხით. ამას შეეხო ტოპ გამოცემები, მათ შორის New York Times, Forbes. კულმინაცია იყო, როდესაც მივიღე მეილი CNN-სგან, სადაც ეწერა, რომ ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ იმ საქმიანობით, რაც საქართველომ გასწია პანდემიასთან ბრძოლით, რომ ხედავდნენ რომ ვემზადებოდით ტურიზმის გახსნისთვის და მთხოვდნენ პირდაპირ ეთერში სასაუბროდ რამდენიმე წუთის დათმობას.

ამას იმიტომ ვყვები, რომ 2020 წელს, საქართველოს და ამ შემთხვევაში, ტურიზმის ადმინისტრაციას არ დაუხარჯავს მარკეტინგული კურსით რესურსი, მაგრამ ჩვენ მწვანე ქვეყნის სტატუსი გამოვიყენეთ იმაში, რომ მივიღეთ რამდენიმე მილიონი ევროს, დოლარის შესაბამისი ცნობადობა. CNN-ზე ჩართვისთვის თანხა არ გადაგვიხდია. ამ სტატიებს თავისი ღირებულება აქვს.  

ამით ჩვენი ცნობადობა საერთაშორისო არეალზე ძალიან გაიზარდა, თანაც,როგორც ქმედითი, პატარა ქვეყნის, რომელმაც აჯობა ბევრ სხვას. 

მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, რთულია, კერძო სექტორის გადმოსახედიდან. იყო მოლოდინია, გაცხადებულია სტრატეგია გახსნისთვის მზადებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ამას დაერთო გართულებული ეპიდმდგომარეობა, რომელიც თანმდევი და ლოგიკური იყო გახსნის ფონზე. მეც, ქვეყნის პრემიერ-მინისტრსაც, მინისტრთა კაბინეტს, რა თქმა უნდა, კერძო სექტორსაც ძალიან გვინდოდა „მწვანე ზონის“ ქვეყნის სტატუსის გამოყენება. ასევე, მე ხაზს ვუსვამ, რომ არ შეიძლება შიდა ტურისტულ ნაკადებზე იყოს „აკიდებული“ ვალდებულება, რადგან არიან პასუხისმგებლობიანი წარმომადგენლებიც და ისეთებიც, რომლებიც მეტი ყურადღების მიქცევას საჭიროებენ. 

2020 წელს პრიორიტეტად იყო ადამიანის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, ჩვენ ალბათ, მეორე მხრივ, შევძელით, რომ უფრო სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიგვეღო, რათა სხვადასხვა ფორმებით დავხმარებოდით ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლებს. მათ შორის, აღსანიშნავია პროექტი, რომელშიც ასობით სასტუმრო იყო ჩართული. აქ არ ყოფილა სუბსიდირების მექანიზმი გამოყენებული. 4000-ზე მეტმა ადამიანმა, თავიანთი შრომითა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენებით, შექმნეს ის ინფრასტრუქტურა ჩვენთან ერთად. შევქმენით ე.წ ბუფერული ზონა, იმპორტირებული ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის. ამით, შესაბამისად, შევინარჩუნეთ 4000-ზე მეტი სამუშაო ადგილი ტურიზმის სექტორში, შევქმენით ის ინფრასტრუქტურა, რომელიც, ასევე საერთაშორისოდ იქნა აღიარებული, თუ როგორ შეიძლება, რომ თვითიზოლაციის საშუალება შექმნა სახელმწიფომ მოწყვლად რეგიონებში. ამით, ალბათ, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ტურიზმის ინდუსტრიის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, გვერდში დადგომის მომენტი.

 

-ეკონომიკა ეტაპობრივად იხსნება, მაგრამ მთის კურორტები ისევ ჩაკეტილია. რა რისკებს ხედავენ მთავრობა და ეპიდემიოლოგები? 

-მხოლოდ ვისურვებდით, რომ მთის კურორტები, ისეთი დინამიკით მუშაობდეს დღეს, როგორც შეიძლებოდა ემუშავა, მათ შორის, პანდემიამდე ან შიდა ტურისტული ნაკადების გამოყენებით. ძალიან ვწუხვარ, რომ შექმნილმა ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ არ მისცა ეპიდემიოლოგთა ჯგუფს და კონკრეტული გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს იმის საშუალება, რომ დღეს ზამთრის კურორტები მუშაობდეს. ჩვენ რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს კერძო სექტორს რთულ სამუშაო ვითარებაში აყენებს, მაგრამ, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეს არის გახსნის ის ფაზა, როდესაც დღეს ჩვენს ქვეყანაში კვლავ არის შეზღუდვები. ძალიან დიდი ნაწილი უკვე საბედნიეროდ გაიხსნა - სკოლები, მუნიციპალური ტრანსპორტი და ა.შ. ალბათ ამ ეტაპობრივი გახსნის ფაზაში უკიდურეს სიფრთხილეს იჩენენ ჯანდაცვის ექპერტები, რომლებიც საზღვრავენ ეპიდემიოლოგიურ რისკებს. მე ჩემი მხრივ, შემიძლია სინანულით ვისაუბრო, რომ ვერ შევძელით ზამთრის კურორტების ოპერირება, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ის სტრატეგია, რომელიც აღმასრულებელ ორგანოს უკვე აღებული აქვს, მთავარია, ძალიან ღირსეულად მოვემზადოთ ზაფხულის სეზონისთვის. ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ იყოს მკაფიო რეგულაციები, თუკი ამის საჭიროება იქნება, გასათვალისწინებელია ვაქცინაციის საკითხი ეროვნულ დონეზე, ასევე ის რეგულაციები, რომლითაც 1 თებერვლიდან ქვეყანაში უკვე შესაძლებელია საერთაშორისო მოგზაურების მასპინძლობა. გაგახსენებთ, რომ ძალიან ცნობილმა და გავლენიანმა გამოცემამ “Indipendent”-მა დაწერა სტატია, სადაც საქართველო არის მოხსენიებული როგორც საუკეთესო მაგალითი, პირველი ქვეყანა, რომელმაც გამოიყენა ვაქცინაციის ინსტრუმენტი გამარტივებული საემიგრაციო რეგულაციების ასამოქმედებლად. 

 

-„აგროტურიზმის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტმა შეწყვიტა; პროცესი შეაჩერა იმ კომიტეტმა, რომლის წევრიც ხართ. ამაზე როგორია თქვენი დამოკიდებულება?

-აგროტურიზმის კანონპროექტს რაც შეეხება, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, განვმარტოთ რომ ამ კანონპროექტის განხილვა არ შეჩერებულა, უბრალოდ გადაწყვეტილება კომიტეტის თავმჯდომარის იყო ის, რომ გაერთიანდეს აგროტურიზმის კანონპროექტი ტურიზმის ჩარჩო კანონპროექტში, რომელზე მუშაობაც უკვე 1 წელზე მეტია მიმდინარეობს. აგროტურიზმის კანონპროექტის შინაარსი ეხება კერძო სექტორის მხარდაჭერას, იმისთვის, რომ ბიზნესებს რომლებიც ოპერირებენ სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში, მეტი მოტივაცია ჰქონდეთ რომ მათი ბიზნესმიმართულებები სერვისის ნაწილში მეტად განავითარონ ტურიზმის მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი კანონპროექტი იყო. მე მქონდა შესაძლებლობა რომ ორივე კანონპროექტში აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული. ვფიქრობ, რომ ბევრი გაკეთდა და საკმაოდ დაიხვეწა პირველადი დრაფტი, რომელიც ორივე კანონპროექტზე გაგვაჩნია. 

საქმე გვაქვს უფრო მისკომუნიკაციასთან, ვიდრე უარის თქმასთან, იმ კანონპროექტზე, რომელზეც ყველას კარგად ესმის რომ მნიშვნელოვანია აგროტურიზმის ხელშესაწყობად. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ 2021 წელი აგროტურიზმის წლად დაასახელა. 

ვფიქრობ, კარგი იქნებოდა წინასწარი შეხვედრა, კომუნიკაცია ყოფილიყო ყველა იმ ადამიანთან, ვინ ჩართული იყო საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ამ პროექტზე მუშაობაში, იმისთვის რომ, დღეს ის, რაც ჩვენ მივიღეთ, რომ სამწუხაროდ საზოგადოების ნაწილს ჰგონია, რომ შეჩერდა აგროტურიზმის კანონპროექტზე მუშაობა, იცოდნენ, რომ არ შეჩერებულა, უბრალოდ განიხილება ერთის ინტეგრაცია მეორეში. მე, რა თქმა უნდა, კვლავ მომხრე ვარ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები დაფუძნებული იყოს კერძო სექტორთან ორმხრივ დიალოგზე.

ალბათ, შეიძლებოდა, რომ გასაჯაროვებდამდე მეტი კომუნიკაცია ყოფილიყო კერძო სექტორთან, განსაკუთრებით, ინიციატორებთან, იმისთვის რომ არ შექმნილიყო ასეთი ვითარება. ვფიქრობ, რომ ასეთი გამწვავებული შეფასებებიც ალბათ, არასამართლიანია, რადგან არ გვაქვს სიტუაცია, როცა კანონპროექტზე უარი ითქვა. 

 

-თქვენ გაქვთ ამ ეტაპზე ბიზნესთან შეხვედრები?

-დიახ, თანაც გაიზარდა ჩემთვის ბიზნესსექტორების არეალი. ტურიზმის ინდუსტრია, ავიაცია კვლავ რჩება, პრიორიტეტად. მე ნდობის გამოცხადებად აღვიქვამ, როცა ბიზნესის წარმომადგენლები მომმართავენ. 

 

-დღეს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი კვლავ ვაკანტურია...

-ტურიზმის ადმინისტრაციას ახლა ხელმძღვანელობს ამ საქმის პროფესიონალი, რომელიც იყო ჩემი მოადგილე და ახლა არის მოვალეობის შემსრულებელი. მას აქვს უდიდესი პატივისცემა კერძო სექტორის მხრიდან და მოხარული ვარ რომ საქმეს ასეთ რთულ პერიოდში ღირსეულად უძღვება. ძალიან რთულია პანდემიის პერიოდში ხელმძღვანელობდე ამ ინდუსტრიას. 

ასევე, გავიხსენებ, რომ როდესაც ტურიზმის ადმინისტრაციაში მივდიოდი, საუბრობდნენ, რომ ინდუსტრია პიკზე იყო. და ამ დროს 2019 წლის ივნისის მოვლენების ფონზე, რუსეთიდან ფრენები შეგვიწყდა. ჩვენთვის დიდი გამოწვევა იყო, რომ დაგვემსხვრია სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც, ასეთ სიტუაციაში ქვეყნის ტურიზმი ვერ გაიზრდებოდა. მიუხედავად დიდი დანაკლისისა, შეიძლება ბოლომდე ვერ დაგვეფარა, მაგრამ ჩვენ მაინც შევძელით მეტ-ნაკლებად დაგვებალანსებინა სიტუაცია.

საბოლოოდ, მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ამ პოზიციაზე ვაკანსია მალე გამოცხადდება და შევძლებთ რომ გვყავდეს ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი ღირსეული ხელმძღვანელი. ასევე, ვიტყოდი, რომ იმდენად მაღალ ნიშნულზეა აყვანილი ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის მნიშვნელობა, რომ მათ შორის ეკონომიკის მინისტრი, ასევე ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენელი პირადად არიან ჩართულნი ინდუსტრიის ყოველდღიურ საქმიანობაში, გადაწყვეტილების მიღებაში.

რა თქმა უნდა, ხელმძღვანელის არჩევა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კერძო სექტორს ჰქონდეს მეტი, ყოველდღიური ურთიერთობა, ალბათ, რადგან მე მესმის, რომ მათთვის შეიძლება ხელმძღვანელთან საუბარი უფრო კომფორტული იყოს. აქვე, ვიტყვი, რომ ვფიქრობ, ინდუსტრიისთვის ყველაზე რთული პერიოდი უკვე გამოვლილია. ვფიქრობ, რომ მას მერე, რაც ჩვენ შევძლებთ რომ თამამად გავხსნათ სახმელეთო, ისევე როგორც საჰაერო კარი ძალიან ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის, ჩვენ ძალიან მარტივად მოვახერხებთ დავუბრუნდეთ სწრაფი ზრდის ნიშნულს და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ეს ინდუსტრია. არ უნდა დაგვავიწყდეს ის შესაძლებლობა, რომ საქართველო წარსდგება 2023 წელს ITB Berlin-ზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით.  

 

-ამ ყველაფრის ფონზე, აღდგენას რა ვადებში ხედავთ?  

-რთული კითხვაა, რადგან ტურიზმის აღდგენა დამოკიდებული არაა ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე, პანდემიიდან გამომდინარე. ვფიქრობ, აქ გასათვალისწინებელია 3 კომპონენტი.

პირველი ესაა გლობალური ვაქცინაციის ტემპი და ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა, მეორე კომპონენტია, თვითონ ავიაციის სიძლიერე - 2020 მძიმე იყო ავიაციისთვის და ავიაკომპანიებისთვის. ეს დაკავშირებული იყო ძლიერი ავიაკომპანიების უდიდეს ფინანსურ ზარალთან. მესამე კომპონენტში იგულისხმება სახმელეთო მიმოსვლა. 

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ადამიანები სავარაუდოდ შეამცირებენ ყოველწლიურად მოგზაურობების რაოდენობას, თუმცა გაზრდიან ღამის თევების რაოდენობას კონკრეტულ ლოკაციაზე. ასევე, შეარჩევენ ისეთ მიმართულებებს, სადაც მეტად იქნება მორგებული ჯავშნების პოლიტიკა, იგულისხმება, თუნდაც ანულირების, ან თარიღის ცვლილების საშუალება. ასევე, კვლევა გვაჩვენებს, რომ მეტი მოთხოვნა წამოვა რეგიონალურ ტურიზმზე, აგროტურიზმზე, ასევე ეკოტურიზმზე. 

შეფასებების ნაწილში, ვიტყოდი, რომ 2021 წლიდან ჩვენ უკვე ვნახავთ პირველ ძვრებს ტურიზმის აღდგენის და ჩემი მოლოდინია, რომ 2021 ბოლოდან, 2022 წლისკენ, ხელშესახებ შედეგებზე ვისაუბრებთ.

 

-ახლა ისევ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რომ ყოფილიყავით, პირველ რიგში, რას გააკეთებდით?

-ახლა ძალიან ბევრ დროს გავატარებდი ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან. გვესმის, რომ მიმდინარე წელს ჩვენი რესურსიც ძალიან მწირია, თუმცა ვეცდებოდი, რომ მაქსიმალურად გამომეყენებინა ის მარკეტინგული რესურსი, თუნდაც კონტაქტების რესურსი, რომელიც ავიაკომპანიებს გააჩნიათ მათ სტრატეგიულ სამიზნე ბაზრებზე. მჭიდროდ ვითანამშრომლებდი ტურისტულ კომპანიებთან, სასტუმროებთან, იმისთვის რომ ერთობლივად დაგვეგეგმა აქტივობები ლოგიკურობის ფარგლებში. პირველ რიგში, დავიწყებდი ისეთ მნიშვნელოვან პლატფორმებზე ამ ყველაფრის კომუნიკაციას, მათ შორის როგორიც არის Forbes, New York Times. განვაახლებდი ჟურნალისტების მოწვევის პროექტს - ე.წ პრესტურებს, ცნობადობის ასამაღლებლად. 

 

-როგორც პარლამენტარი, რას აპირებთ 2021-ში?

-პირველ რიგში, ის მიმართულება, რაც ჩემი პასუხისმგებლობის არეალში მოხვდა არის უაღრესად საპასუხისმგებლო და, მეორე მხრივ, ძალიან საამაყო. ჩვენმა ქვეყანამ თქვა ხმამაღლა, რომ 2024 წელს გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე. ეს არის უდიდესი პროცესი, რაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში, თითოეულ ჩვენგანს, აღმასრულებელ ორგანოს, პარლამენტის წევრებს გვექნება ერთად გასაკეთებელი, იმისთვის რომ, პირველ რიგში, ღირსეულად შევასრულოთ ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებები. მეორე მხრივ, საკმაოდ ფრთხილები ვიყოთ, რადგან ამ ვალდებულებების შესრულება, შეიძლება გულისხმობდეს, გარკვეული რეფორმების გატარებას, ამ დროს მოხრე ვარ, რომ მოვუსმინოთ ბიზნესს, დამატებითი წნეხის ასარიდებლად, თანაც ისე, რომ ევროკავშირთან დაახლოება არ შეფერხდეს. მე ვხედავ ჩემს როლს, რომ მაქსიმალურად ვიზრუნო, ბიზნესის ხმის კიდევ უფრო მეტად გავრცელებაზე საპარლამენტო ტრიბუნიდან. კერძო სექტორისადმი მხარდაჭერა ისახება ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობაზე, სამუშაო ადგილებზე. რა თქმა უნდა, ტურიზმი, ავიაცია კვლავ იქნება ჩემი პრიორიტეტული დარგი. აღსანიშნავია, საგარეო ფრონტიც, რომელიც უკვე პოლიტიკურ ჭრილში გადადის და აქ საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს, რასაც ბოლო პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა შეფასებებშიც ვხედავთ. საინტერესოა ყველა ის მიმართულება, რისი კეთებაც საპარლამენტო რეალობიდან მომიწევს.

 

-სამომავლოდ სად ხედავთ თავს?

-გამიჭირდება პასუხის გაცემა, 6-8 თვის წინ რომ გეკითხათ, ალბათ გიპასუხებდით, რომ კერძო სექტორში, მაგრამ ახლა პარლამენტის წევრი ვარ. პარლამენტში ვადა 4 წლიანია, შესაბამისად გამიჭირდება ალბათ, ამ კითხვაზე პასუხი. ზოგადად, მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ უფრო კერძო სექტორის კატეგორიას მივეკუთვნები, იქიდან გამომდინარე, რომ მიყვარს, როდესაც ვიცი საითკენ მივდივარ, ვმუშაობ ვადებში და იდება შედეგი, რომელიც ისევ ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს.

 



სტუმარი: მარიამ ქვრივიშვილი - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე