23.თებერვალი .2021 12:35

"მონოტონიზმი" - ახალი მიმდინარეობა მხატვრობაში - თეკლა მელაძე ქალების ნარატივში

უკან

 „მონოტონიზმი“ - ახალი მიმდინარეობა მხატვრობაში - მხატვარი თეკლა მელაძე „ქალების ნარატივში“

 

-18 წლის ასაკში შექმენით ახალი მიმდინარეობა. რას ნიშნავს მონოტონიზმი?  

 

-მეუხერხულება ხოლმე ამაზე საუბარი. ზოგადად, ამ სერიაზე ფიქრი მუშაობაზე გაცილებით ადრე დავიწყე. როგორც კი იდეა მომივიდა, წავედი სამხატვრო მაღაზიაში და შევადარე ერთმანეთს ჩვეულებრივი და ოქროსფერი ზეთი საღებავის ფასი. ოქროსფერის 7-ჯერ აღემატებოდა, ამიტომ მაშინ თავი შევიკავე. საკმაოდ მასშტაბურ ნამუშევრებზე ვფიქრობდი, როგორც ზომით, ასევე რაოდენობით. გარკვეული პერიოდის შემდეგ, სახელმწიფო მუზეუმში პერსონალური გამოფენის მერე საკმაოდ ბევრი ნამუშევარი გავყიდე. ამის შემდეგ გავთამამდი და სერიოზულად დავიწყე ამ სერიაზე ფიქრი. ჩემი მშობლები გაკვირვებულები კი იყვნენ ამ იდეით, ვერ ხვდებოდნენ რა იყო ასეთი, რომ 10 000 დოლარის შესაბამისი საღებავები არ ეყოფოდა, ვუთხარი, მგონი ეყოფა-თქო.  

გამიჩნდა იდეა, რომ ოქროში მემუშავა, ძალიან მიყვარს ეს ფერი. ზოგადად, სხვა ხაზშიც ვმუშაობ. როდესაც ამ სერიაზე მოვრჩი მუშაობა, ის ბევრმა მხატვარმა და ხელოვნებათმცოდნმემ ნახა და გაჩნდა მოსაზრებები, რომ ეს იყო მონოტონური ნამუშევრები, მონოქრონული ფერწერა, ზოგმა თქვა, რომ ეს არის გრაფიკა ოქროსფერში. დაზუსტებით, რომ ეს ახალი მიმდინარეობა იყო, უკავშირდება გოგი ხოშტარიას დამოკიდებულებას, რომ ეს არის „მონოტონიზმი“.  

 

-შეიძლება ითქვას, რომ ეს ექსპერიმენტი იყო? მოგიწიათ კრიტიკასთან გამკლავება?

-როდესაც ახალი ნაბიჯის გადადგმას აპირებ, ეს თავისებური ექსპერიმენტია, ახლავს რისკები, მაგრამ მგონია, რომ თუ გინდა, რომ იყო გამორჩეული, ახლისკენ ისწრაფო, მაშინ უნდა გარისკო. ოქროს სერიის გამოფენაზე - უამრავი დამთვალიერებელი მოვიდა და მთავარი კითხვა იყო - როგორ?, როგორ ამოწიე საღებავის მასა ტილოდან, ისე რომ არ ვარდება?“ ბევრი დადებითი მივიღე, მაგრამ იყო კრიტიკაც. კრიტიკა საჭიროცაა, თუმცა მასაც და შექებასაც აქვს თავისი საზღვრები. როდესაც ნამუშევრის კრიტიკიდან, პირად შეურაცხყოფაზე გადადიან ადამიანები, ეს უკვე მიუღებელია. აღვნიშნავ, რომ ამან მომცა მუხტი, რომ ხელში ამეღო ფანქარი, რომლითაც ადრე არ ვმუშაობდი. დღეს ბევრი გრაფიკული ნამუშევარი მაქვს. თავი მხოლოდ ზეთის საღებავში და ფერწერაში წარმომედგინა. გავედი სამხატვრო აკადემიის შემოქმედებით ტურზე, გამოცდამდე ძალიან ცოტა ხნით ადრე დავიწყე მომზადება, 7 დღეში მოვემზადე ელდარ ქავშბაიას დახმარებით, და გამოცდაზე მაღალი - 89 ქულა ავიღე და შემდეგ აღარ ჩავაბარე, რადგან ინგლისში სწავლისთვის მქონდა დასტური, ასევე ვენეციის ბიენალეს პერიოდი ემთხვეოდა ეროვნულ გამოცდებს და ეს მიზეზები დაემატა იმას, რომ აკადემიაში არ ჩავაბარე.  

 

-13 წლის ასაკში გქონდათ პერსონალური გამოფენა ნიუ იორკში, ამის შემდეგ მოხვდით ვენეციის 58-ე ბიენალეზე, მოგვიყევით ამის შესახებ...

-ნიუ იორკში გამოფენას რაც შეეხება, ეს ვერ წარმომედგინა, ხატვა 4 თვის დაწყებული მქონდა. მე არ ვყოფილვარ ინიციატორი, ჩვენი ოჯახის მეგობარმა გადააგზავნა ნამუშევრები. გარდა იმისა, რომ ვიყავი იმ დროს 40 წლიანი არსებობის მანძილზე ყველაზე პატარა მონაწილე, ასევე VIP სტუმრად მიმიღეს, სტენდი უფასოდ დამითმეს, კატალოგში ჩემი ნამუშევრები უფასოდ შეიყვანეს. ეს იყო ჩემი პირველი გამოფენა, რომელიც ამავდროულად პერსონალური იყო. 

შემდეგ იყო ბიენალე. ჩემს ოქროს სერიის გამოფენაზე იყვნენ და შემდეგ სახელოსნოშიც მეწვიენ Musa international-ის წარმომადგენლები. მათი სტუმრობის შემდეგ 3-4 თვეში მომივიდა მოწვევა. დავიწყეთ გამოკვლევა ეს რამდენად რეალური იყო, დავურეკეთ მხატვრებს, ბოლოს დოკუმენტის ავთენტურობაში დასარწმუნებლად მივმართეთ კულტურის სამინისტროსაც. იტალიის მხრიდან მივიღე დიდი მხარდაჭერა, ასევე საქართველოს მხრიდან, კულტურის სამინისტროსგან. 

 

-არის ისეთი ნამუშევრები, რომლებსაც ვერ შეელევით?

-ისეთი ნახატები, რომლებზეც შეიძლება გვეთქვა რომ ვერ გავყიდდით, სხვა ფასად იყიდება. თუ გაყიდვით მიღებული თანხა შეიძლება უკეთესს რამეს მოახმარო, მაშინ მისაღებია. 

 

-ახლა 20 წლის ხართ და ინგლისში ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით სწავლობთ, როგორია ხელოვნების და ბიზნესის სინთეზი?  

-შეიძლება ჩავთალოთ რომ აბსოლუტურად განსხვავებული სფეროებია, მაგრამ ჩემი აზრით, ძალიან ბევრ საკითხში იკვეთებიან. მენეჯმენტი სჭირდება ხელოვნებასაც და კომპანიის მართვასაც. როგორც კი სწავლა დავიწყე ინგლისში, თემა, რომელზეც ერთი კვირა უნდა გვემუშავა იყო  time მენეჯმენტი, გამიკვირდა ამდენი დრო რაში სჭირდებოდა ამ საკითხს, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ დროის მენეჯმენტი ის საკითხია, რომელიც ყველა პროფესიასა თუ მიმართულებაში საჭიროა.

 

-საკუთარი ნამუშევრების გარდა, რაიმე კოლექცია თუ გაქვთ?

-მაქვს სხვა მხატვრების ნამუშევრებიც, ძალიან ბევრი მათგანი ნაჩუქარია.

 

-ხართ თვითნასწავლი მხატვარი. როდის მოვიდა ინსპირაცია?

-მოვხვდი პარიზში და ამანაც იმოქმედა ინსპირაციაზე. გარდა ამისა, იქ იყო ქართული კულტურის დღეები და ამ ნამუშევრების ყურებამ დიდი გავლენა მოახდინა. საქართველოში კი ზურაბ ნიჟარაძის სახელოსნოში, სადაც ვნახე ბატონი ზურას ურთიერთობა ტილოსთან. მეც მომინდა ეს და მშობლებს ვუთხარი, რომ მინდოდა ხატვა. ბატონმა ზურამაც შემაგულიანა, რომ დამეწყო ხატვა. 1 კვირაში დავხატე 11 ნახატი ტილოზე ზეთით და როდესაც მან ეს ნახა, ცრემლებიც კი მოადგა, მითხრა რომ უნდ გამეგრძელებინა ხატვა. მისი სიტყვები ყოველთვის ინსპირაციას და ძალას მაძლევს.

 

-2021 წელს რას აპირებთ?

-მაქვს პატარა სახელოსნო, რომელსაც მივეცი პატარა გალერიის სახე და 2 კვირაში მის გახსნას ვაპირებ. ასევე, კარანტინის პერიოდში დავიწყე ჭურჭლის მოხატვაც და ისინიც იქნება წარმოდგენილი. ასევე, მინდოდა, რომ ბიზნესზე სწავლის გამოცდილება გამომეყენებინა. დაახლოებით 2 კვირაა შევქმენი გვერდი „I love you|მიყვარხარ“, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს საჩუქრები, ჩემი წარმოებული პროდუქცია. იყიდება სხვადასხვა სუვენირები, სხვადასხვა წარწერებით, ღვინოები სასიყვარულო შინაარსის ეტიკეტით და ა.შ.





სტუმარი: თეკლა მელაძე - მხატვარი